განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 07.05.2025
საქმის ნომერი
2კ-1392აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009261165

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1392აპ-24 7 მაისი, 2025 წელი

ხ-ი ზ., №1392აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ხ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ზ. ხ–ი „VOLKSWAGEN-ის“ მარკის ავტომობილით, სარეგისტრაციო ნომერით ......., მოძრაობდა თ–ში, დ....მ....მიმართულებით, პირველი სამოძრაო ზოლის მარცხენა მხარეს, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით. მის წინ, პირველ ზოლში თანმხვედრად მოძრაობდა დაუდგენელი თეთრი ფერის ავტომობილი, ა–ის მიმდებარე ტერიტორიასთან, ზ. ხ–მა საჭე აიღო მარჯვნივ და გადავიდა პირველი ზოლის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც დაახლოებით 15 მეტრის დისტანციაზე დაინახა ქვეითი რ. ი–ი. ზ. ხ–მა დაამუხრუჭა ავტომობილი, თუმცა დროისა და მანძილის სიმცირის გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება და შეეჯახა ქვეითს ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილით. აღნიშნულით, ზ. ხ–მა არ შეასრულა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქრთველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაოსატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. კერძოდ, მანევრის დაწყებამდე არ დარწმუნდა – უქმნიდა თუ არა საფრთხეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს და ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების მიზნით ავტომობილის გაჩერება. ზ. ხ–ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის შედეგად რ. ი–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით, ზ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 5000 ლარი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად – 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, მარინე ლომიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. ხ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 4 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, მარინე ლომიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ. ხ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ზ. ხ–ისათვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია. სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ. ხ–ის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა გამოიყენა სასჯელის მსუბუქი ზომა, რაც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას. სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული ის ფაქტი, რომ ზ. ხ–ის მიერ ჩადენილი იქნა მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი და დაზარალებულს შეერყა ჯანმრთელობა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არასამართლიანია. კასატორის აზრით, ზ. ხ–ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ზ. ხ–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ. ხ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

5.3. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ზ. ხ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი რამდენად კანონიერი და სამართლიანია.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.6. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც ზ. ხ–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით – სამ წლამდე.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამოვლენილა, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.9. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

5.10. საკასაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ზ. ხ–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის აღიარებასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, ზ. ხ–ის მისწრაფებასა და მცდელობას დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი (მატერიალური სახით მან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ჩაურიცხა 10000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა), ასევე იმ გარემოებას, რომ ზ. ხ–მა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება (საქმეში არსებული ინფორმაცია მისი წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ზ. ხ–ის ქმედების შედეგად რ. ი–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), მსჯავრდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის სტუდენტი), მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 5000 ლარი, მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ზ. ხ–ის პიროვნების გათვალისწინებით, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამასთან, დანიშნული ძირითადი და დამატებით სასჯელების სახე და ზომა არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის N1097აპ-24 განაჩენი).

5.11. ამასთან, ვინაიდან ზ. ხ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

5.12. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. მე-9 მუხლის პირველი პუნქტით კი – ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

5.13. ამდენად, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, ზ. ხ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე ვერ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, თუმცა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გავრცელდეს ზემოხსენებული კანონის მოქმედება, კერძოდ:

5.14. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა ზ. ხ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის 1/6-ით შემცირება და ზ. ხ–ს 1/6-ით უნდა შეუმცირდეს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ზ. ხ–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი;

4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/6-ით და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას 1 წლითა და 8 თვით;

5. ზ. ხ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

ერთი ცალი შპრიცი სისხლის ნიმუშით - განადგურდეს;

ელექტრონული დისკები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე