დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№72I-25 თბილისი
ა-ი ა., 72I-25 1 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ის (A. A.) – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2023 წლის 4 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული განჩინების თანახმად, ა. ა-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193–1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. მასვე ბრალად ედება იმავე კოდექსის 244–1.2.2, 244–1.2.4 და 244–1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. 2024 წლის 3 აპრილიდან ა. ა-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ა-ისათვის ბრალად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ა. ა-ი დაუკავშირდა შ. ა-ს და სხვა პირებს, რათა ერთობლივად განეხორციელებინათ აზარტული თამაშების ორგანიზება. 2022-2023 წლებში ა. ა-მა და მისმა თანამზრახველებმა, ყოველგვარი ლიცენზიის, ნებართვისა და სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, განახორციელეს აზარტული თამაშების ორგანიზება, მათ შორის, ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსების/საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით, რითაც მიიღეს 111 772 აზერბაიჯანული მანათის (დაახლოებით, 178 000 ლარი) დიდი ოდენობით შემოსავალი.
ამასთან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი კანონიერ სამოქალაქო ბრუნვაში ინტეგრაციის მიზნით, ა. ა-მა და მისმა თანამზრახველებმა 2022-2023 წლებში განახორციელეს კონკრეტული ფინანსური და სხვა სახის ტრანზაქციები.
4. აღწერილი ქმედებები ისჯება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი ბრალდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.
5. 2024 წლის 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ა-ი.
6. 2024 წლის 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 15 000 ლარი – და ა. ა-ი საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლდა იმავე დღეს.
7. 2024 წლის 30 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
8. 2025 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ა. ა-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოტანილ განჩინებაში და ისჯება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და იმავე კოდექსის 244-1.2.2, 244-1.2.4 და 244-1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო ა. ა-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოტანილ განჩინებაში და ისჯება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193–1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით); ასევე – იმავე კოდექსის 244–1.2.2, 244–1.2.4 და 244–1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი).
10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საშიში გახდა თავისუფალი აზრის გამოხატვა; ა. ა-ს ემუქრებოდნენ და სთხოვდნენ საქმიანობის შეწყვეტას; ზეწოლა თანდათან გადაიზარდა დევნაში, შეუწყვიტეს სოციალური პაკეტები, უკანონოდ მოქმედებდნენ და აპატიმრებდნენ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა თუ ნათესავებს; ემუქრებოდნენ და სხვაგვარად ძალადობდნენ მასზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ა-ს ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე. გასათვალისწინებელია ა-ის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობაც. საქართველოში ყოფნისას ა. ა-ი დაოჯახდა ეროვნებით ა-ლ საქართველოს მოქალაქე დ. გ-ზე, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი; მას ჰყავს ოჯახი და აქვს საცხოვრებელი ადგილი, ამიტომ მისი ექსტრადირებით დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლება. გარდა ამისა, მომზადებულია და უახლოეს პერიოდში გაიგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია ევროსასამართლოში ა. ა-ისათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით. როგორც ექსტრადიციის მასალებშია განმარტებული, დანაშაულებრივი ქმედებები, შესაძლოა, ჩადენილი იყოს ს-შიც. დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ ვერ იქნება უზრუნველყოფილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის დაპირება და გარანტია, რადგან ა. ა-ზე უკვე განხორციელდა უკანონო ქმედებები და ამის შემდეგ გარანტიის მიცემა ნაკლებდამაჯერებელია.
11. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ა. ა-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ა-ი გახდება წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, დევნის, წამების, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ა. ა-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები.
5. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ა. ა-ის მიერ მითითებული საფრთხე არსებობს და ფაქტები რეალურია. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ, ა. ა-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის ან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელების საფრთხე. როგორც აღინიშნა, დაცვის მხარესაც არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ წარსულში ა-ის რესპუბლიკაში ა. ა-ის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე უფლების დარღვევას ანდა – სხვაგვარ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. აგრეთვე, მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა. ა-მა კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და ამ ორგანოებმა არ მოახდინეს ეფექტური რეაგირება. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ, ა. ა-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ასევე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ, ა. ა-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ სასტიკი, არასათანადო მოპყრობის ან წამების საფრთხის არსებობის შესახებ.
6. ა. ა-ის უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებშიც.
7. გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
8. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.
9. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ ა. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მისი უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ა. ა-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ა-ი არ დაექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა) საწინააღმდეგო მოპყრობას. ასევე, იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებებით, მათ შორის – ადვოკატის მომსახურებით. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მითითებით, ა. ა-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება მისი დევნის მიზნით.
10. თავის მხრივ, ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188). ამავდროულად, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გარანტიები უნდა იყოს სარწმუნო შესაბამისი გარემოებების მხედველობაში მიღებით (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188; Sultanov v. Russia, no. 15303/09, ECHR, 73).
11. მოცემულ საქმეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების სარწმუნოობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცალკეულ საქმეებზე მსგავსი გარანტიების სარწმუნოობის სათანადო ინდიკატორებად იქნა მიჩნეული:
გარანტიები საჯაროა და ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის განმახორციელებლები ორგანოებისთვის;
გარანტიები არის საკმარისად კონკრეტული და არა – ზოგადი და ბუნდოვანი;
გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ;
გარანტიები გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ;
ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეა;
ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია.
12. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. ა-ი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ანდა დევნის რისკი.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან ანადგურებს მის არსს.
15. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ა-ის საქმეში არ არის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ამასთან, არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. ა-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
17. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ა. ა-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე.
18. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, ა. ა-ის საქმის განხილვა სასამართლოში დასრულებულია. ამდენად, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ა. ა-ი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
19. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოითხოვება ა. ა-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ა. ა-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპი.
20. აღსანიშნავია, რომ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ა. ა-ი ბრალდებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. ამრიგად, ზემოაღწერილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება როგორც საქართველოს, ისე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით და, ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ვადით.
21. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენის გამოც ა. ა-ი ბრალდებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითაც, ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობითაც.
22. რაც შეეხება წინამდებარე ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, სიმძიმის, რაოდენობისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, რომლებისთვისაც მოითხოვება ა. ა-ის ექსტრადიცია, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი იმთავითვე გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს, ასეთი ჩარევა რომც ხორციელდებოდეს.
23. ამდენად, ა. ა-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს (სუსგ №91-20, №3541-21) და, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
24. კასატორის მითითებაზე ა. ა-ისთვის წარდგენილი ბრალდებების არასათანადო დასაბუთებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21; №141-22).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ა-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოტანილ განჩინებაში და ისჯება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193–1.2.1 და 193–1.3.2 მუხლებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და იმავე კოდექსის 244–1.2.2, 244–1.2.4 და 244–1.2.5 მუხლებით (აზარტული თამაშების ორგანიზება ან ჩატარება, ჩადენილი ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსის ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის შედეგადაც მიღებული იქნა მნიშვნელოვანი შემოსავალი), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე