საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.06.2025
საქმის ნომერი
2კ-357აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100124008512558

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №357აპ-25 19 ივნისი, 2025 წელი

ბ–ი ლ., №357აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ბ–ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნ. კ–ს–მ–სისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ბ–ი (პირადი ნომერი: .......... ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 16:55 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, №.. საჯარო სკოლის მიმდებარედ, საავტომობილო გზის პირას, ხ. ა–ი და ლ. ბ–ი, მათ შორის წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, ლ. ბ–მა, მის ხელთ არსებული დანა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ათჯერ დაარტყა გულმკერდისა და მუცლის მიდამოებში ხ. ა–ს, რითაც შემავალი ჭრილობების სახით, მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები. აღნიშნულ დროს, ლ. ბ–ის შეჩერება შეძლო მისივე დამშვიდების მიზნით ადგილზე მისულმა გ. ს–მა, რომელმაც ლ. ბ–ს დანა ძალის გამოყენებით წაართვა და გადააგდო შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, რათა კვლავ აღარ გამოეყენებინა ხ. ა–ზე დასარტყმელად, ამასთან ეს უკანასკნელი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გაეწია დროული სამედიცინო დახმარება, შედეგად ლ. ბ–ის განზრახვა ვერ იქნა მოყვანილი სისრულეში, ვინაიდან მისგან დამოუკიდებელი, ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ხ. ა–ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით, ლ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღვეთა.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ლ. ბ–მა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ნ. კ–ს–მ–სმა და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ალტერნატივის სახით კი – ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და ჰუმანური სასჯელი განსაზღვრა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ლ. ბ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 12 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ლ. ბ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2025 წლის 12 და 31 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ბ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ–ს–მ–სმა, რომელთაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატივის სახით კი – ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორთა, დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო და დაუსაბუთებელი. ლ. ბ–ს არ ჰქონია ხ. ა–ის მოკვლის განზრახვა, ამასთანავე, მას არ გამოუწვევია კონფლიქტი. ხ. ა–მა იძალადა ლ. ბ–ზე, რის გამოც, იგი იძულებული გახდა თავი დაეცვა. რომ არა თავდაცვა, ამ ყველაფერს ნამდვილად მოჰყვებოდა ძალიან მძიმე შედეგი და დღეს ლ. ბ–ი იქნებოდა გარდაცვლილი. გერთან მისულ ლ. ბ–ს დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხ. ა–ი, ლ. ბ–ს არ დაუწყია ჩხუბი. ჩხუბის ინიციატორი იყო თავად დაზარალებული, რასაც ორი პირდაპირი მოწმე ადასტურებს: ნ. გ–ი და გ. მ–ი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არცერთ მოწმეს არ დაუნახავს კონფლიქტის დაწყება და მისი შემდგომი განვითარება. გ. ს–მა და ს. შ–მა დაინახეს კონფლიქტის ბოლო ეპიზოდი. სასამართლომ გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა გაზიარების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან მათ არაერთხელ იცრუეს სასამართლოს წინაშე. დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ხ. ა–ს დანით დაზიანება ლ. ბ–მა მიაყენა. სადავო არის აღნიშნული ჭრილობების სიმრავლე და განზრახვა. ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად კვალიფიკიციისთვის აუცილებელია პირის განზრახვის დადგენა და მისი მიზანმიმართული ქმედება ობიექტის სიცოცხლის მოსპობისკენ. განზრახვის დასადგენად აუცილებელია, დამნაშავის და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა, განხორციელებული ქმედებების წინარე ისტორია, ქმედების ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე, მოცემულობა იმისა თუ რამდენად შეეძლო პირს მანამდე ან შემდგომ განზრახვის აღსრულება. დაცვის მხარის განმარტებით, ლ. ბ–ს რომ სდომოდა ხ. ა–ის მოკვლა, ეს ხელჩართული ჩხუბის დაწყებამდეც შეეძლო. მიყენებული 10 ჭრილობიდან ყველა არის სხვადასხვაგვარი, ზოგი შემავალია, ზოგი ნაკვეთი და ზოგიც – ნაჩხვლეტი. ხ. ა–ს ჰქონდა 2 ჭრილობა, რომელიც სახიფათო იყო სიცოცხლისთვის, კერძოდ გულმკერდის არეში და წვრილი ნაწლავის არეში, შესაბამისად, მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე. როგორც, სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ფიზიკური დაპირისპირება, რასაც თავად დაზარალებულიც ადასტურებს გამოკითხვის ოქმში, თუმცა მან იცრუა სასამართლოს წინაშე. ლ. ბ–მა ხ. ა–ს დაზიანებები მიაყენა კონკრეტულ მომენტში, სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არ იყო მკვლელობის განზრახვით მოტივირებული. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ. ბ–ის ბრალეულობას მკვლელობის მცდელობაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი წინაპირობების არსებობის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი ან/და მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით. მსჯავრდებულის მოსაზრებით, საქმეში არის ბევრი დარღვევა, კერძოდ: არასწორი გამოძიება, ცრუ ჩვენებები და არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას.

4.2. კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციით, განაჩენი აკმაყოფილებს კანონიერებისა და დასაბუთებულების მოთხოვნებს, თუმცა არასამართლიანია, ვინაიდან დანიშნული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის ზომა, ასევე, არ შეესაბამება მის მიზნებს, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც სასჯელის დანიშვნის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლოს განაჩენი უნდა მოიცავდეს სამართლიანობის კომპონენტს, რაც გულისხმობს დანიშნული სასჯელის შესაბამისობას მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ლ. ბ–მა ხ. ა–ს დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში, განმარტა, რომ მას ხ. ა–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, დაზარალებული თავად დაესხა თავს და მიაყენა დაზიანებები. იგი იცავდა თავის სიცოცხლეს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან. მსჯავრდებულის განმარტებით, დანა, ეკუთვნოდა დაზარალებულს, რომელიც წაართვა მასზე განხორცილებული თავდასხმის დროს.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა – სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე.

5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება და დანაშაულის ჩადენის შემდგომ მსჯავრდებულის ქმედებები.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურესი მდგომარეობით, უკიდურესობით გამოწვეულო მოქმედებითა და თავდაცვის სურვილით. ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, ასევე რელევანტური, ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება – აუცილებელი მოგერიება აუცილებელია დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური მდგომარეობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით და არა – შურისძიებით.

5.7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს ხ. ა–ის მოკვლა არ სურდა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით დაარტყა დანა სხეულის სხვადასხვა არეში, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. განსაკუთრებით საგულისხმოა, ხ. ა–ისათვის მიყენებული ათამდე ჭრილობა, მათი საშიშროება (ხარისხი) და დაზიანებების მდებარეობა, კერძოდ: ლ. ბ–ის მიერ ხ. ა–ის მოკვლის განზრახვაზე უდავოდ მეტყველებს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის, მუცლის და მარჯვენა მხრის არეში (ოპერაციულად დაუდგინდა: შემავალი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის ღრუებში, ტრავმული ჰემოთორაქსი, წვრილი ნაწლავისა და დიდი ბადექონის ტრავმა, ჰემოპერიტონეუმი). ექსპერეტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობით მიეკუთვნება სიცოხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. სწორედ ეს დაზიანებები და ბრალდებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ლ. ბ–ს 31.10.23 წელს, სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა გამორიცხავს ლ. ბ–ის ვერსიას დანის თავდაპირველად დაზარალებულის მიერ გამოყენების შესახებ და მიუთითებს არა მსჯავრდებულის თავდაცვის მიზანსა და საჭიროებაზე, არამედ მიზანმიმართულ და გააზრებულ ქმედებაზე. ამასთან, ჭრილობები მიყენებულია გულმკერდის, მუცლის და მარჯვენა მხრის მიდამოებში, რაც მათი ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ნათლად მიუთითებს, რომ ლ. ბ–ის მოქმედებებით რისკი იმისა, რომ დაზიანებულიყო ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, მაღალი იყო.

5.8. საკასაციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დაცვის მხარის პოზიციას, რომ ლ. ბ–ის უდანაშაულობას ადასტურებს მსჯავრდებულ ლ. ბ–ის, მისი მეუღლის, ნ. გ–სა და მცირეწლოვან გ. მ–ს ჩვენებები. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მათ მიერ განმარტებული გარემოებები ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის დაზარალებულ ხ. ა–ისა (რომელმაც განმარტა, რომ დანა მას არ ჰქონია და დაზიანებები მიაყენა ლ. ბ–მა) და ფაქტის თვითმხილველი მოწმის – გ. ს–ის (რომელმაც განმარტა, რომ დანა ხელიდან წაართვა ლ. ბ–ს და გადააგდო ისე, რომ სხვას არავის გამოეყენებინა. სწორედ მან აღმოუჩინა პირველადი დახმარება დაჭრილს) ჩვენებებს.

5.9. დაცვის მხარე, თავისი პოზიციის გასამყარებლად დაეყრდნო მსჯავრდებულ ლ. ბ–ის, მისი მეუღლის ნ. გ–ისა და მცირეწლოვან გ. მ–ის ჩვენებებს, რომ გ. ს–მა დანა ორივეს, ხ. ა–საც და ლ. ბ–საც წაართვა ხელიდან და მხოლოდ მცირეწლოვანმა გ. მ–მა დაინახა, როგორ მიიყენა თვითადაზიანება ხ. ა–მა მუცლის არეში, დანის გამოყენებით. დაცვის მხარის ზემოხსენებული პოზიცია შეუსაბამოა, როგორც თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებთან, ასევე – სხვა მტკიცებულებებთან. დადასტურებულია, რომ ლ. ბ–ს დანა წაართვა შემთხვევის ადგილზე მყოფმა გ. ს–მა, რომელმაც გადააგდო ისე, რომ სხვას არ გამოეყენებინა. მანვე აღმოუჩინა დაჭრილს პირველადი დახმარება, ხოლო ლ. ბ–მა სასწრაფო დახმარების მისვლამდე დატოვა შემთხვევის ადგილი, ისე რომ დაზარალებულს არ დახმარებია, და ნაცვლად ამისა, მიაძახა, რომ არ აპატიებდა შეურაცხყოფას. საგულისხმოა, ისიც, რომ მსჯავრდებული შემთხვევის ადგილის დატოვებამდე დანაშაულის იარაღს – დანას ეძებდა და მეტიც, გაანადგურა შემთხვევის დღეს ნაცვამი ტანისამოსი.

5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობისა და მისი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნის თაობაზე, ვინაიდან დაზარლებულის სხეულზე არსებული დაზიანებების, ლოკალიზაციის, მიმართულებისა და რაოდენობის გათვალისწინებით, ასევე დანის დარტყმის შემდეგი მოქმედებებით დგინდება, რომ იმ დროს, როდესაც ლ. ბ–მა დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ხ. ა–ს, ის იმყოფებოდა არა თავდაცვის, არამედ – თავდასხმის მდგომარეობაში, რაც მიუთითებს მკვლელობის განზრახვაზე, რომელიც მსჯავრდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზით (გ. ს–მა დანა წაართვა მსჯავრდებულს) ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის – განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

5.11. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებების შინაარსი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას მსჯავრდებულის უდანაშაულობის, თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნისა ან/და ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვაზე.

5.12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, ლ. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5.13. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და პიროვნებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დამდგარი შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ლ. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.18. რაც შეეხება, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსულ მსჯავრდებულ ლ. ბ–ის განცხადებებს, რომლითაც იგი ითხოვს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ს–მ–სის – აცილებას, აღნიშნული განცხადების პასუხად, 2025 წლის 4 ივნისს, ლ. ბ–ს ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოში მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ს–მ–სის საკასაციო საჩივარი შემოვიდა 2025 წლის 15 აპრილს. განმცხადებელს, ასევე მიეთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე და 46-ე მუხლებზე და ეთხოვა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება აცილების საფუძველი, მიეთითებინა მასზე. საპასუხოდ ლ. ბ–მა მიუთითა, რომ ადვოკატი ყველაფრის გაკეთებას დაჰპირდა, სინამდვილეში კი, გულგრილად ეკიდებოდა მის საქმეს და არაფერი მოუმოქმედებია.

5.19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ბ–ი გამოძიების ეტაპზევე იყო უზრუნველყოფილი ადვოკატის მომსახურებით. ლ. ბ–ის 2023 წლის 1 ნოემბრის ხელწერილის თანახმად, იგი სოციალურად დაუცველი არ იყო და არ საჭიროებდა სახაზინო ადვოკატს, მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, იგი უზრუნველყოფილ იქნა ადვოკატით სახელმწიფოს ხარჯზე. სწორედ მისი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ იქნა წარგდენილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, რითაც სრულად მოხდა დაცვის უფლების რეალიზაცია. საგულისხმოა, რომ გამოძიების ეტაპზე ლ. ბ–ისთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის საფუძველი იყო ოჯახის წევრის, კერძოდ, მეუღლის გადახდისუუნარობა. საქმის მასალებით კი, არ დგინდება სავალდებულო დაცვის რომელიმე საფუძვლის არსებობა. ამასთან, ლ. ბ–ს განცხადებებით არ გამოუთქვამს პრეტენზია ადვოკატის საკასაციო საჩივრის ფარგლებთან და შინაარსთან დაკაშვირებით. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე განიხილავს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხს, მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრების შინაარსი კი თანხვდენილია და არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ბ–ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნ. კ–ს–მ–სისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე