საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100124010707071
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №584აპ-25 27 ოქტომბერი, 2025 წელი
ბ. ა., №584აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ბ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით, 13:30 საათზე, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩის და ა–ს ... შესახვევის კვეთაზე ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი ,,მერსედესი ML“ სახ. ნომრით ......, რომელსაც მართავდა ა. ბ–ა და მოპედი ,,ჰონდა თუდეი“ სახ.ნომრით – ....., რომელსაც მართავდა მ. შ–ი.
ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლ ა. ბ–ას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს დანართი N1-ის საგზაო პრიორიტეტის ნიშან 2.3-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით, ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მ. შ–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 მარტის განაჩენით, ა. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნინო ზედელაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 12 ივნისს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ იოსებ ხუციშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. ბ–ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით და დამატებით სასჯელად მართვის უფლების ჩამორთმევა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მხოლოდ მინიმალური მკურნალობის ხარჯები დაფარა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომლებზე დაყრდნობითაც, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ა. ბ–ას მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ა. ბ–ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.7. კასატორი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად უთითებს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის სრულად აუნაზღაურებლობას და მის პრეტენზიას მსჯავრდებულის მიმართ.
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის N390აპ-14 განაჩენი). ამდენად, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
5.9. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.10. საკასაციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითებს, რომ რთულია ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა მიყენებული ზიანის საპირწონედ მაშინ, როდესაც სახეზეა არა მატერიალური ზიანი, არამედ საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება (ბარძაყის ძვლის მოტეხილობა), ამასთან, მსჯავრდებულმა დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანის სოლიდური ნაწილი, მათ შორის, გადაუხადა მკურნალობის ხარჯები. ამდენად, სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზიანი ანაზღაურებული არ არის და ეს გარემოება გამოყენებული იქნეს სასჯელის დამძიმების კუთხით. სასჯელის მკაცრი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობის დაფუძნება ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმზე სცილდება სასჯელის მიზნებს.
5.11. სასჯელის დანიშვნისას, გასათვალისწინებელი გარემოებაა, მსჯავრდებულის პიროვნულ მხარე და ის, რომ საქმეში არსებული მასალა ა. ბ–ას წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა. ამასთან, საქმის ინდივიდუალურ გარემოებებთან მისადაგებისას, არ დასტურდება დამამძიმებელი გარემოებების არსებობა და მსჯავრდებულის განსაკუთრებული უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები, რაც განაპირობებდა მისი საზოგადოებისგან იზოლირების მწვავე საჭიროებას. საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება მსჯავრდებულს არ ათავისუფლებს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან. შესაბამისად, სასჯელის სახედ გამოყენებული ჯარიმა და მისი ოდენობა, როგორც – კანონიერი, ისე სამართლიანია. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე