დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802225011918152
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №118I-25 ქ. თბილისი
შ. ჯ., 118I-25 27 ნოემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. შ-ს (C. S.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. შ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
ჯ. შ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2022 წლის 31 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ანკარას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა №8 სასამართლომ გასცა თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 81/1 მუხლით, განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ ჯ. შ-ს დაკავების ბრძანება და მასზე გამოცხადდა ძებნა.
2022 წლის 10 მარტიდან ჯ. შ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
ჯ. შ-ს ბრალი ედება, რომ 2016 წლის 13 თებერვალს, ქ. ა-ში, საცხოვრებელ სახლში იჩხუბა მეგობარ ქალთან, დაზარალებულ – ო. ჯ-თან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და მის ერთი წლის შვილს უპირებდა ფანჯრიდან გადაგდებას. ო. ბავშვის გადასარჩენად მივიდა ფანჯარასთან. ჯ. შ-მ კისერში ხელი წაუჭირა ო. ჯ-ს და ფანჯრიდან გადააგდო. დაზარალებული 9 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქვევით და მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა.
3. ჯ. შ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2025 წლის 13 აგვისტოს ჯ. შ. ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2025 წლის 14 აგვისტოს ჯ. შ-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.
2025 წლის 19 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ჯ. შ-ს ექსტრადიციის თაობაზე.
2025 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჯ. შ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე, 2025 წლის 13 ნოემბრიდან – 2026 წლის 13 თებერვლამდე.
ამჟამად ჯ. შ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ჯ. შ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ჯ. შ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ა., საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: განსახილველ საქმეზე საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, ვინაიდან ჯ. შ-ს დაკავების შესახებ განჩინებაში მითითებულია ისეთ გარემოებებზე, რომელიც უკავშირდება სხვა დანაშაულსა და სხვა პირებს, რაც არ ებმის მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას; აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დარღვეულია ,,ექსტრადიციის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, ექსტრადიციის შესახებ წერილობით თხოვნას თან უნდა ერთოდეს იმ ჩადენილი დანაშაულების მითითება, რომლებისთვისაც მოითხოვება – პირის გადაცემა; გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ამავე მიზეზით, დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებიც.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ. შ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 13 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no.46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no.36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება უტყუარად მიუთითებდეს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ჯ. შ. იდევნება რაიმე, მათ შორის – პოლიტიკური ნიშნით, ან მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობითა, თუ ჯანმრთელობის დაზიანებით, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების სხვაგვარი დარღვევისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხე. ამასთან, საკასაციო საჩივარშიც არ არის მითითებული რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს მისცემდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ჯ. შ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე. გარდა ამისა, საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ჯ. შ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
7. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნას დამატებითი ინფორმაცია, იმ საფუძვლით, რომ ჯ. შ-ს დაკავების შესახებ განჩინებაში მითითებულია ისეთ გარემოებებზე, რომელიც უკავშირდება სხვა დანაშაულსა და სხვა პირებს, რაც არ ებმის მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: საექსტრადიციო მასალების თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. შ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, შემდეგი ბრალდებისათვის: 2016 წლის 13 თებერვალს, ქ. ა-ში, ჯ. შ-მა საცხოვრებელ სახლში იჩხუბა მეგობარ ქალთან, დაზარალებულ – ო. ჯ-თან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და მის ერთი წლის შვილს უპირებდა ფანჯრიდან გადაგდებას. ო. ბავშვის გადასარჩენად მივიდა ფანჯარასთან. ჯ. შ-მ კისერში ხელი წაუჭირა ო. ჯ-ს და ფანჯრიდან გადააგდო. დაზარალებული 9 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქვევით და მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა.
8. აღნიშნულის შესაბამისად, ჯ. შ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობითაც მოთხოვნილია სწორედ ამ ბრალდებით და სასამართლოც მსჯელობს მითითებული ბრალდების, და არა – რომელიმე სხვა ქმედების ირგვლივ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო საქმის მასალებში სრულად არის წარმოდგენილი ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ყველა სათანადო დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ზემომითითებულ ბრალდებასთან მიმართებით, რომლითაც მოითხოვება ჯ. შ-ს ექსტრადიცია.
9. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჯ. შ-ს უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, კერძოდ: იგი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა, ასევე, გაცემულია გარანტია, რომ დაცული იქნება სპეციალობის წესი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v. Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010); გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).
10. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
11. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს.
13. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია, რაც ჯ. შ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიც ცხადყოფს, რომ ჯ. შ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვეოდა მისი უფლებები. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
14. ხსენებულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ ჯ. შ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ. შ-ს (C. S. ) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე