საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.11.2025
საქმის ნომერი
2კ-583აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007336755

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №583აპ-25 17 ნოემბერი, 2025 წელი

გ–ე ე., №583აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. გ–ის, მსჯავრდებულ ი. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ. კ–ის, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. გ–ე (პირადი ნომერი: ........) და ი. გ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), ხოლო გ. გ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1990 წელს დაფუძნებული ამხანაგობის რეორგანიზაციის საფუძველზე 2007 წლის 15 აგვისტოს ჩამოყალიბდა ამხანაგობა “კ....“ (ს/კ ........). ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დ. ე–ა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მეუღლე ნ. ე–ა. ამხანაგობის წევრები და დამფუძნებლები იყვნენ დ. გ–ე, ე. გ–ე და ზ. თ–ი. ამხანაგობას თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში (დღევანდელი ...ს ქუჩა №..) მდებარე 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2007 წლის 15 აგვისტოს და 2008 წლის 19 მარტის ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილებით თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.15.02.055.120) უნდა აშენებულიყო 9 და 11 სართულის მქონე ორი ბლოკისაგან შემდგარი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 9123 კვ.მ. საცხოვრებელი ფართების განაწილების შედეგად კი დადგინდა, რომ ე. გ–ეს სულ უნდა მიეღო ჯამში 1128,74 კვ.მ ფართი (674 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 217,24 კვ.მ საზაფხულო ფართი, 170 კვ.მ კომერციული ფართი, 67,5 კვ.მ სარდაფი, საცხოვრებელი სახლის 3,4,8,10 და 11 სართულებზე) და 438 კვ.მ ავტოფარეხი (მათ შორის ნ. გ–სათვის, რ. გ–ს მემკვიდრეებისათვის და მ. დ–სთვის).

ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “კ....“-ის წევრთა 2010 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, შეიცვალა 2007 წლის 15 აგვისტოს და 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრთა მისაღები ფართები და ახალი გადაწყვეტილებით ე. გ–ეს უნდა მიეღო 558 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 117,24 კვ.მ საზაფხულო ფართი, 85 კვ.მ კომერციული ფართი და ჯამში 204 კვ.მ ფართის 7 ავტოფარეხი. ზემოაღნიშნულ სამივე გადაწყვეტილებაზე ე. გ–ე აწერს ხელს.

ე. გ–ე მოქმედებდა რა ამხანაგობა “კ....“-ის კუთვნილი უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, 2014 წლის 27 იანვარს, 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამომავლო საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე 1128,74 კვ.მ ფართი, ნაცვლად მის მიერ მისაღები 558 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა, 117,24 საზაფხულო ფართისა, 85 კვ.მ კომერციული ფართისა, რის შემდეგაც ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 31 იანვარს გადასცა მეუღლეს - დ. ხ–ეს, 2014 წლის 30 ივლისს კი მძახალს - ი. გ–ს.

აღნიშნულის შემდეგ, ამხანაგობა “კ....“-ის კუთვნილი დამატებითი უძრავი ქონების დაუფლების განზრახვით, ე. გ–ე ი. გ–თან წინასწარი შეთანხმებით, დაპირდა ამხანაგობას, რომ დათმობდა 2014 წლის იანვარში სამომავლო საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ 1128,74 კვ.მ ფართს, რის სანაცვლოდაც ამხანაგობას მისთვის გადაეცა თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე 800 კვ.მ ფართი. ამხანაგობის დარწმუნების მიზნით, ი. გ–მა, ე. გ–ესთან შეთანხმებით, ამხანაგობასთან 2016 წლის 16 სექტემბერს გააფორმა ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ი. გ–ი თითქოსდა ი... “კ....“-ს დაუბრუნებდა ზემოხსენებულ ფართზე უფლებას მას შემდეგ, რაც ე. გ–ე სასამართლო მორიგების საფუძველზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირებდა უძრავ ქონებას. შედეგად, 2016 წლის 25 ოქტომბერს ამხანაგობა “კ....“-ს, წარმოდგენილი ნ. ე–ას მიერ და ე. გ–ეს შორის სასამართლოში შედგა მორიგება, რომლის თანახმადაც, ე. გ–ემ მიიღო თ–ში, კ–ს №..-ში მდებარე 800 კვ.მ ფართი. თუმცა, შეთანხმებით განსაზღვრული, მის მიერ უკანონოდ დარეგისტრირებული 1128,74 კვ.მ ფართი ამხანაგობისთვის არ დაუბრუნებიათ.

ამდენად, ე. გ–ე და ი. გ–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ამხანაგობა “კ....“-ის კუთვნილ 1928,74 კვ.მ ფართს, ნაცვლად 800 კვ.მ ფართისა, რითაც ამხანაგობა “კ....“-ს მიადგა 1593036 (მილიონ ხუთასოთხმოცდაცამეტი ათას ოცდათექვსმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ე. გ–ემ უკანონოდ დარეგისტრირებული 1128,74 კვ.მ ფართი ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 31 იანვარს გადასცა მეუღლეს - დ. ხ–ეს, 2014 წლის 30 ივლისს კი, მძახალს - ი. გ–ს, თავის მხრივ, ი. გ–მა ხსენებული ფართიდან 125 კვ.მ კომერციულ ფართი, 241,52 კვ.მ საცხოვრებელ ფართი და 17,84 კვ.მ საზაფხულო ფართი ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ე. გ–ის შვილს - გ. გ–ეს.

ე. გ–ე, ი. გ–ი და გ. გ–ე მოქმედებდნენ რა უკანონო გზით დარეგისტრირებული უძრავი ქონებებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, სრულად გაასხვისეს როგორც მორიგების საფუძველზე მიღებული ფართი, ასევე, უკანონოდ მიღებული 1128,74 კვ.მ ფართი, რითაც მიიღეს 657704 (ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ოთხი) ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი, რომელიც ურთიერშორის გაინაწილეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. გ–ისა და ი. გ–ის მიმართ დაადგინა:

1990 წელს დაფუძნებული ამხანაგობის რეორგანიზაციის საფუძველზე 2007 წლის 15 აგვისტოს ჩამოყალიბდა ამხანაგობა “კ....“ (ს/კ .........). ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დ. ე–ა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მეუღლე ნ. ე–ა. ამხანაგობის წევრები და დამფუძნებლები იყვნენ დ. გ–ე, ე. გ–ე და ზ. თ–ი. ამხანაგობას თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში (დღევანდელი ......ს ქუჩა №..) მდებარე 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა 2007 წლის 15 აგვისტოს და 2008 წლის 19 მარტის ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილებით თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......) უნდა აშენებულიყო 9 და 11 სართულის მქონე ორი ბლოკისაგან შემდგარი 5 საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 9123 კვ.მ. საცხოვრებელი ფართების განაწილების შედეგად კი დადგინდა, რომ ე. გ–ეს სულ უნდა მიეღო ჯამში 1128,74 კვ.მ ფართი (674 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 217,24 კვ.მ საზაფხულო ფართი, 170 კვ.მ კომერციული ფართი, 67,5 კვ.მ სარდაფი, საცხოვრებელი სახლის 3,4,8,10 და 11 სართულებზე) და 438 კვ.მ ავტოფარეხი (მათ შორის ნ. გ–სათვის, რ. გ–ს მემკვიდრეებისათვის და მ. დ–სთვის).

ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “კ....“-ის წევრთა 2010 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, შეიცვალა 2007 წლის 15 აგვისტოს და 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრთა მისაღები ფართები და ახალი გადაწყვეტილებით ე. გ–ეს უნდა მიეღო 558 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 117,24 კვ.მ საზაფხულო ფართი, 85 კვ.მ კომერციული ფართი და ჯამში 204 კვ.მ ფართის 7 ავტოფარეხი. ზემოაღნიშნულ სამივე გადაწყვეტილებაზე ე. გ–ე აწერს ხელს.

ე. გ–ე მოქმედებდა რა ამხანაგობა “კ....“-ის კუთვნილი უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, 2014 წლის 27 იანვარს, 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამომავლო საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა თ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე 1128,74 კვ.მ ფართი, ნაცვლად მის მიერ მისაღები 558 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა, 117,24 კვ.მ საზაფხულო ფართისა, 85 კვ.მ კომერციული ფართისა, რის შემდეგაც ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 31 იანვარს გადასცა მეუღლეს - დ. ხ–ეს, 2014 წლის 30 ივლისს კი მძახალს - ი. გ–ს.

აღნიშნულის შემდეგ, ამხანაგობა “კ....“-ის კუთვნილი დამატებითი უძრავი ქონების დაუფლების განზრახვით, ე. გ–ე ი. გ–თან წინასწარი შეთანხმებით, დაჰპირდა ამხანაგობას, რომ დათმობდა 2014 წლის იანვარში სამომავლო საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ 1128,74 კვ.მ ფართს, რის სანაცვლოდაც ამხანაგობას მისთვის გადაეცა თ–ში, კ–ს №..-ში მდებარე 800 კვ.მ ფართი. ამხანაგობის დარწმუნების მიზნით, ი. გ–მა, ე. გ–ესთან შეთანხმებით, ამხანაგობასთან 2016 წლის 16 სექტემბერს გააფორმა ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ი. გ–ი თითქოსდა ი.... “კ....“-ს დაუბრუნებდა ზემოხსენებულ ფართზე უფლებას მას შემდეგ, რაც ე. გ–ე სასამართლო მორიგების საფუძველზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირებდა უძრავ ქონებას. შედეგად, 2016 წლის 25 ოქტომბერს ამხანაგობა “კ....“-ს, წარმოდგენილი ნ. ე–ას მიერ და ე. გ–ეს შორის სასამართლოში შედგა მორიგება, რომლის თანახმადაც, ე. გ–ემ მიიღო თ–ში, კ–ს №..-ში მდებარე 800 კვ.მ ფართი. თუმცა, შეთანხმებით განსაზღვრული, მის მიერ უკანონოდ დარეგისტრირებული 1128,74 კვ.მ ფართი ამხანაგობისთვის არ დაუბრუნებიათ.

ამდენად, ე. გ–ე და ი. გ–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ამხანაგობა “კ....“-ის კუთვნილ 1928,74 კვ.მ ფართს, ნაცვლად 800 კვ.მ ფართისა, რითაც ამხანაგობა “კ....“-ს მიადგა 1593036 (მილიონ ხუთასოთხმოცდაცამეტი ათას ოცდათექვსმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ე. გ–ის, ი. გ–ისა და გ. გ–ის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, გ. გ–ე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ი. გ–ი საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით.

ე. გ–ე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ე. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ტ. კ–ემ და მოითხოვა ი. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ძ–მ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. გ–ის გამართლება.

2.5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარი მეშველიანმა და მოითხოვა ი. გ–ის, ე. გ–ისა და გ. გ–ის დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალდაწარდეგნილი კვალიფიკაციით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განაჩენით, დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება.

გ. გ–ე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ე. გ–ე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ე. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2023 წლის 27 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა 15000 ლარი.

ი. გ–ი საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2023 წლის 12 აპრილიდან 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა 10000 ლარი.

3.2. 2025 წლის 3 ივნისს, მსჯავრდებულ ე. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმება და ე. გ–ის ყველა წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობა.

3.3. 2025 წლის 6 ივნისს, მსჯავრდებულ ი. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ–ემ საკასაციო საჩივარით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ი. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3.4. 2025 წლის 4 ივნისს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარი მეშველიანმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ი. გ–ის, ე. გ–ისა და გ. გ–ის დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალდაწარდეგნილი კვალიფიკაციით, ხოლო ი. გ–ისა და ე. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3.5. 2025 წლის 13 ივნისს, მსჯავრდებულ ე. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ე. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. გ–ის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეზე მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ე. გ–ის მიერ დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ რიგ შემთხვევაში არასწორად შეაფასა, ხოლო ზოგიერთ შემთვევაში შეფასების გარეშე დატოვა მტკიცებულებები, რაც ე. გ–ის უდანაშაულობას ადასტურებს. დადგენილია, რომ ე. გ–ესა და ი.ბ. ამხანაგობა “კ....-ს“ შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა და განსახილველი საქმეც სამოქალაქო დავის საკითხია. ბრალდების მხარეს გამოძიება არ ჩაუტარებია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. მათ დაზარალებულ ი.ბ. ამხანაგობა “კ....-ის“ თავმჯდომარის ზ. თ–ისათვის, ასევე თანათავმჯდომარე ი. ნ–სთვის არ უკითხვათ ე. და გ. გ–ებსა ან ი. გ–ის მხრიდან ამხანაგობისათვის მიყენებული ზიანის შესახებ. დაცვის მხარეს საყურადღებოდ მიაჩნია, რომ ვინაიდან 2016 წლის 16 სექტემბერის შეთანხმებაში არ ფიგურირებს ე. გ–ის თანხმობა, ხოლო 2016 წლის 25 ოქტომბრის სასამართლო მორიგების აქტში კი არაა ასახული ი. გ–ის თანხმობა, ეს ორი აქტი იურიდიულად ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, რის გამო სამართლებრივად ცალ-ცალკე შესაფასებელი დოკუმენტია. ამასთან, 2016 წლის 16 სექტემბერის შეთანხმება არის კეთილი ნების აქტი და რაიმე სახის სამართლებრივი ვალდებულება არ შეიძლება მოჰყვეს, ხოლო ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილობის უცილო საფუძველია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ ე. გ–ემ არათუ მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, არამედ ერთ წელშიც ვერ მიიღო დამტკიცებული ქონება. აღნიშნული ოქმების დამტკიცება მოხდა, მხოლოდ 2018 წლის 8 ოქტომბერს, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რაც ადასტურებს, რომ ამხანაგობამ თავად არ შეასრულა მორიგების პირობები. ამასთან, განსახილველ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს N625აპ-17 საქმეზე დადგენილ პრაქტიკას.

4.2. კასატორმა, მსჯავრდებულ ი. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ. კ–ემ მოითხოვა ი. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ მოტივით, რომ ი. გ–ს არ შეიძლებოდა სცოდნოდა ამ ქონების წარმომავლობის შესახებ და ეს ქონება მის სახელზე გაფორმებული იყო ფორმალურად, რეალურად კი ეკუთვნოდა გ–ების ოჯახს, რასაც ადასტურებს, როგორც თავად ე. გ–ე, ასევე საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე. ამასთან, ვინაიდან, თაღლითობის ჩადენის ხერხია მოტყუება, ის წინ უნდა უსწრებდეს ქონების მისაკუთრება-დაუფლებას. მოცემულ შემთხვევაში კი, ქონების დაუბრუნებლობა თაღლითობად ვერ ჩაითვლება. ნოტარიულად დამოწმებულ შეთანხმებაში იყო მითითებული კონკრეტული პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში უნდა დაბრუნებულიყო ქონება. ი. გ–ი კი არავის ჩაუყენებია საქმის კურსში მიიღეს თუ არა გაგანიძეებმა ქონება. ამასთან, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ნაწილი მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად, თუმცა აღნიშნული სასამართლოს არ აძლევდა უფლებას შეფასების გარეშე დაეტოვებინა ისინი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარე ითხოვს ი. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4.3. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ე. გ–ის, ი. გ–ისა და გ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან მათ ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიეცა. ასევე, გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ შეესაბამება ე. გ–ისა და ი. გ–ის პიროვნებას და მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ი. გ–მა და ე. გ–ემ ჩაიდინეს თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და მოტყუებით დაეუფლნენ ამხანაგობა “კ....“-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, შემდეგ კი ი. გ–ის სახელზე დარეგისტრირებული ფართების ნაწილი ფიქტიური ხელშეკრულებით გადააფორმეს გ. გ–ეზე, რაც დააქუცმაცეს და რვა ფართად გაყიდეს რვა პირზე, ჩაიდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეეხება მსჯავრდებულების ე. გ–ისა და ი. გ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკის, ხასიათის, დამდგარი შედეგისა და დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მათ პიროვნებებს და ქმედებით გამოწვეულ შედეგს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ხსენებული ნორმა ამომწურავად მიუთითებს საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

5.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია ე. გ–ისა და ი. გ–ის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი, ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.4. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობისა და განაჩენის დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხა დაცვის მხარეს და გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულების უდანაშაულობასთან მიმართებით.

5.5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით კერძოდ, მოწმეების – თ. მ–ს, მ. ბ–ს, გ. ს–ს, ბ. შ–ს, გ. ჩ–ს, გ. ჩ–ს, ი. ბ–ს, ზ. გ–ს, ნ. წ–ს, თ. ფ–ს, ა. წ–ს, ნ. ჯ–ს, ა. ჩ–ს, რ. კ–ს, ნ. ბ–ს, ჯ. კ–ს, ექსპერტ – მ. ჯ–ს, ნოტარიუს – ლ. გ–ს, ასევე მოწმეების – დ. გ–ის, რ. გ–ს, კ. გ–ს, ა. პ–ს, ე. ჩ–ს, მ. დ–ს, ა. ა–ს, გ. ჩ–ს, ლ. კ–ს, მ. ყ–ს, ა. ც–ს ჩვენებებით, ნ. ე–ას 2018 წლის 31 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმით, 2008 წლის 19 მარტის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “კ....“-ის წევრთა გადაწყვეტილების შესახებ სანოტარო აქტით (რეესტრში რეგისტრაციის №..., დამოწმებული ნოტარიუს ს. მ–ის მიერ), ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “კ....“-ის 2010 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 27 იანვარს, ე. გ–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი №.......... განცხადებით, 2014 წლის 30 იანვარს ე. გ–ის მეუღლის – დ. ხ–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი №........ განცხადებითა და მასზე დართული ე. გ–ესა და დ. ხ–ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2014 წლის 30 ივლისს, საჯარო რეესტრში ი. გ–ის მიერ წარდგენილი №........ განცხადებითა და მასზე დართული დ. ხ–ესა და ი. გ–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ... “კ....“-ის დამფუძნებელთა კრების 2014 წლის 20 აგვისტოს ოქმით, 2016 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული შეთანხმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2/16928-14 განჩინებით, 2023 წლის 5 აპრილის საინფორმაციო ბაზების დათვალიერების ოქმით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტაციითა, 2017 წლის 10 იანვარს, საჯარო რეესტრში გ. გ–ის მიერ წარდგენილი №....... განცხადებით და მასზე დართული ი. გ–სა (პ/ნ .........) და გ. გ–ეს (პ/ნ ........) შორის 2017 წლის 10 იანვარს გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით, სასაქონლო ექსპერტიზის №.... დასკვნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებებით, 2023 წლის 23 მაისს გაცემული ფინანსური ექსპერტიზის №...... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ე. გ–ესა და ი. გ–ს აქტიური როლი გააჩნდათ წინასწარი შეთანხმებით მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელიც მოტყუებით დაეუფლა დაზარალებული კომპანიის დიდი ოდენობით ქონებას.

5.6. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით, რა დროსაც გათვალისწინებულია, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი, ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები და მოთხოვნები. ამ ეპიზოდში ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად შეთანხმებულ და ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს ე. გ–ისა და ი. გ–ის ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად.

5.7. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ე. გ–ის, ი. გ–ისა და გ. გ–ის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული დანაშაული არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას გულისხმობს, რის შედეგადაც უკანონო გზით შეძენილი ან/და დაუსაბუთებელი ქონება, ფაქტიურად კანონიერი ხდება. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების სპეციფიკის გათვალისწინებით კი, თაღლითურად მოპოვებული უძრავი ქონების განკარგვა ფულადი თანხების მიღების სანაცვლოდ, არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. გ–ესა და ი. გ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. გ–ის, მსჯავრდებულ ი. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ. კ–ის, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე