დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.12.2025
საქმის ნომერი
2კ-123-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011934695

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №123I-25 ქ. თბილისი

გ. ქ., 123I-25 4 დეკემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. გ-ს (Koksal Gulsu) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. გ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

ქ. გ-ს ექსტრადიცია მოითხოვება, რათა აღსრულდეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის სასჯელაღსრულების სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 204/1 მუხლით (ოფიციალური საბუთების გაყალბება), 142/1 მუხლით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა) და 158/1-d მუხლით (საჯარო დაწესებულების ორგანიზაციების და/ან იურიდიული პირების გამოყენებით თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მისჯილი გაერთიანებული სასჯელის – 22 წლის, 54 თვითა და 500 დღით თავისუფლების აღკვეთა – მოუხდელი ნაწილი.

2017 წლის 14 ივნისს (კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბერს) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის სისხლის სამართლის №2 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით ქ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 204/1 მუხლით (ოფიციალური საბუთების გაყალბება) და ამავე კოდექსის 142/1 მუხლით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული სასჯელიდან ქ. გ-ს მოსახდელად დარჩენილი აქვს 6 წელი, 7 თვე და 29 დღე.

2013 წლის 31 დეკემბერს (კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 5 მარტს) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსას სისხლის სამართლის №5 მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით ქ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 158/1-d მუხლით (საჯარო დაწესებულების ორგანიზაციების და/ან იურიდიული პირების გამოყენებით თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 2 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელიდან ქ. გ-ს მოსახდელად დარჩენილი აქვს 5 წელი, 10 თვე, 11 დღე და 500 დღე.

აღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელები თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის სასჯელაღსრულების სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაერთიანდა და ქ. გ-ს დაენიშნა – 22 წლის, 54 თვითა და 500 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2020 წლის 18 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ქ. გ-ს დაკავების ბრძანება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

2021 წლის 5 თებერვლიდან ქ. გ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2006-2007 წლებში ქ. გ. მუშაობდა საწარმოში, რომელშიც ხდებოდა მოპარული ავტომანქანების სახელმწიფო ნომრების გადაკეთება. გამოძიებამ გამოავლინა, რომ ქ. გ. მონაწილეობდა ორი სხვადასხვა ავტომობილის ქურდობასა და მათი სანომრე ნიშნების გადაკეთებაში.

2007-2008 წლებში ქ. გ. მონაწილეობდა დანაშაულებრივ დაჯგუფებაში, რომელიც მძიმედ დაზიანებული ავტომობილების ნაწილებს ამაგრებდა მოპარულ ავტომობილებზე და მათ თაღლითურად ყიდდა ნოტარიულად გაცემული მინდობილობების საფუძველზე.

3. ქ. გ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2025 წლის 8 სექტემბერს ქ. გ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2025 წლის 10 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ქ. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

2025 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ქ. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე.

ამჟამად ქ. გ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ქ. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, რათა აღსრულდეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის სასჯელაღსრულების სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 204/1 მუხლით (ოფიციალური საბუთების გაყალბება), 142/1 მუხლით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა) და 158/1-d მუხლით (საჯარო დაწესებულების ორგანიზაციების და/ან იურიდიული პირების გამოყენებით თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მისჯილი გაერთიანებული სასჯელის – 22 წლის, 54 თვითა და 500 დღით თავისუფლების აღკვეთა – მოუხდელი ნაწილი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. გ-ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის სასჯელაღსრულების სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 204/1 მუხლით (ოფიციალური საბუთების გაყალბება), 142/1 მუხლით (ჩაკეტილ სივრცეში დაცული ნივთების ქურდობა) და 158/1-d მუხლით (საჯარო დაწესებულების ორგანიზაციების და/ან იურიდიული პირების გამოყენებით თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მისჯილი გაერთიანებული სასჯელის – 22 წლის, 54 თვითა და 500 დღით თავისუფლების აღკვეთა – მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. დ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას უარი ეთქვას ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე, შემდეგი საფუძვლებით: საქართველოში ყოფნის პერიოდში ქ. გ.მ შექმნა ოჯახი, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან; ქ. გ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკაში მას ჰყავს ცოლი, რომელთანაც განქორწინებულია. ამის გამო, მასთან ჰქონდა პრობლემები; ქ. გ-ს პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეექმნება; ამასთან, თურქეთის რესპუბლიკას არ გააჩნია მისი დასჯის ინტერესი, რადგან მას ედავებიან 2006-2007 წელს ჩადენილი ქმედებებისათვის; გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, რაც ზედმეტად მკაცრია საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებით.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. ბრალდებისა და დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 8 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. კასატორს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებად მიაჩნია ის ფაქტი, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ქ. გ.მ შექმნა ოჯახი, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ხსენებულ მოსაზრებას, შემდეგი მოტივებით:;

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).

6. ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს. ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოში ეყოლებოდა პირთა გარკვეული წრე, რომლებთანაც კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის ოჯახური ურთიერთობები ექნება და ექსტრადიციის შედეგად მათთან დაშორება მოხდებოდა.

7. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ქ. გ. არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და არ გააჩნია საქართველოში ცხოვრების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ზოგადად არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შეზღუდვის საფრთხე. გარდა ამისა, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის სიმძიმისა და დანაშაულთა ბუნების გათვალისწინებით, ვინაიდან მას მსჯავრი ედება ორგანიზებული განზრახი დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდისათვის, არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, რომ მოხდეს პირის მიმართ დადგენილი სასჯელების აღსრულება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის რისკი.

9. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საშიშროება, ქ. გ-ს ოჯახის წევრისგან − ყოფილი მეუღლისგან, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, კერძოდ:

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no.46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no.36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v. Russia ECtHR, no. 69235/11, §66, 23/05/2011).

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ქ. გ. თურქეთის რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის საფრთხე. დაცვის მხარე ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო საფრთხეების შესახებ ზეპირსიტყვიერად და ჰიპოთეტურად საუბრობს, ისე რომ არ უთითებს რაიმე კონკრეტული სახის მტკიცებულებაზე, რის საფუძველზეც, სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ არსებობს მისი რომელიმე უფლების შელახვის რეალური საფრთხე. გარდა ამისა, ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ქ. გ-ს სათანადო დაცვას. გარდა აღნიშნულისა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ქ. გ-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ქ. გ-ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებშიც.

13. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR). ამასთან, ექსტრადიციის საკითხის განხილვის დროს, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ქ. გ. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ქ. გ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

15. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ქ. გ-სათვის თურქეთის რესპუბლიკაში მისჯილი სასჯელი − 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ზედმეტად მკაცრია საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხილი დანაშაულის ჩადენაში, არ ახდენს მიღებული განაჩენის გადასინჯვას მისი დასაბუთებულობის ან/და კანონიერების კუთხით და არ იხილავს შეფარდებული სასჯელის სამართლიანობას, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.: იხ.: საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21, 9I-23).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ქ. გ-ს (Koksal Gulsu) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე