დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.12.2025
საქმის ნომერი
2კ-124-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011937759

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№124I-25 8 დეკემბერი, 2025 წელი

ქ.მ., №124I-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ქ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ლ. ლ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.1. მ. ქ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 3 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის დახურული სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/306-2007/916 განაჩენით, მ. ქ–ა დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრების გარეშე კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 2 ნოემბერს;

2007 წლის 24 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-4 სასამართლოს #2007/579-2007/835 განაჩენით, მ. ქ– დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 1 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-3 სისხლის სამართლის პალატის #2014/3370-2014/22385 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 5 ივნისს;

2008 წლის 29 იანვრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის დახურული სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/259-2008/79 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრების გარეშე კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 6 იანვარს;

2008 წლის 13 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/204/2008/188 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძარცვა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით (სამი ეპიზოდი). აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-6 სისხლის სამართლის პალატის #2008/19331-2012/15343 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 17 სექტემბერს;

2008 წლის 30 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/263-2008/399 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (შეურაცხყოფის მიყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 თვისა და 27 დღის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს 1-ელი სისხლის სამართლის პალატის #2009/5133-2013/3189 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 15 აპრილს;

2009 წლის 10 სექტემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის დახურული სისხლის სამართლის 1-ელი მაგისტრატი სასამართლოს #2007/327-2009/1835 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 18 აპრილს;

2009 წლის 7 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2007/510-2009/926 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა), 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შესაბამისად, 2 წლისა და 1 თვის, ასევე 5 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 31 დეკემბერს;

2010 წლის 4 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის დახურული სისხლის სამართლის მაგისტრატი სასამართლოს #2007/905-2010/504 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვისა და 15 დღის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-3 სისხლის სამართლის პალატის #2012/17046-2013/14509 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 8 აპრილს;

2011 წლის 30 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2010/674-2011/363 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცილისწამება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-9 სისხლის სამართლის პალატის #2013/17464-2014/1670 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 11 თებერვალს;

2013 წლის 6 მარტის თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის დახურული სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2011/955-2013/259 განაჩენით, მ. ქ– დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (შეურაცხყოფის მიყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 29 მარტს;

2013 წლის 19 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს #2013/244-2013/519 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 87-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრების გარეშე კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 14 დეკემბერს;

2015 წლის 30 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის 1-ელი სასამართლოს #2009/895-2015/455 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 87-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შესაბამისად, 3 თვისა 22 დღის და 8 თვისა 22 დღის ვადით. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრების გარეშე კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 4 სექტემბერს;

2018 წლის 2 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2018/230-2018/917 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის #6136 კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით (მცირე ოდენობით ტყვიის ფლობა ან ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-20 სისხლის სამართლის პალატის #2017/2819-2017/6244 გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 21 ნოემბერს;

2019 წლის 17 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის ხოფის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-2 სასამართლოს #2019/226-2019/509 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით; აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-11 სისხლის სამართლის პალატის #2022/5592-2022/19386 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 22 ნოემბერს;

2022 წლის 3 მარტის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2021/804-2022/186 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 4 აპრილს;

2023 წლის 23 თებერვლის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2022/410-2023/61 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ფულის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-8 სისხლის სამართლის პალატის #2023/899-2023/1630 გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 20 ივნისს;

2023 წლის 7 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს #2022/332-2023/307 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის #6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ელი პუნქტით (მცირე ოდენობით ტყვიის ფლობა ან ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-4 სისხლის სამართლის პალატის #2023/3599-2024/1948 გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 4 ივნისს;

2023 წლის 7 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს #2022/332-2023/307 განაჩენით, მ. ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს მე-4 სისხლის სამართლის პალატის #2023/3599-2024/1948 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 4 ივნისს;

2024 წლის 18 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის კონიის მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა მ. ქ–ს დაპატიმრების ბრძანება ზემოთ აღნიშნული განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

2024 წლის 10 დეკემბერს კონიის მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს #2024/2913- 2024/2895 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოაღნიშნული განაჩენები და მ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლის, 94 თვისა და 86 დღის ვადით;

ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ქ–მ 1 წლის, 9 თვისა და 25 დღის შემდეგ შესაძლოა მოიპოვოს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების უფლება;

2025 წლის 4 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის კონიის მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა მ. ქ–ს დაპატიმრების ბრძანება ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით.

2025 წლის 2 ივნისიდან მ. ქ– თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის საერთაშორისო არხებით.

1.2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2007 წლის 3 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/306-2007/916 განაჩენის თანახმად, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული.

2007 წლის 24 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-4 სასამართლოს #2007/579-2007/835 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 16 ივნისს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ. თანამზრახველთან ერთად თავს დაესხა დაზარალებულს და დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები.

2008 წლის 29 იანვრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/259-2008/79 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 17 თებერვალს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილ ჩხუბში, დანის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული წვივის არეში.

2008 წლის 13 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/204/2008/188 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 11 მაისს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ფ–ს უბანში, მ. ქ–მ, თანამზრახველებთან ერთად, დანის მუქარით, აიძულა დაზარალებულები მისთვის გადაეცათ ფულადი თანხა 18 თურქული ლირა.

2008 წლის 30 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/263-2008/399 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 23 აგვისტოს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კ–ში, მ. ქ–მ უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ადამიანთა ჯგუფი. მოგვიანებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილ ჩხუბში, დანის გამოყენებით, მუცლის ღრუში, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს.

2009 წლის 10 სექტემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი მაგისტრატი სასამართლოს #2007/327-2009/1835 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 11 თებერვალს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ, დანის გამოყენებით, მარცხენა ფეხის არეში მიაყენა ჭრილობები დაზარალებულს.

2009 წლის 7 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2007/510-2009/926 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 23 აგვისტოს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ დანის გამოყენებით მკლავში დაჭრა დაზარალებული, რის შემდეგაც სანადირო თოფით დაემუქრა შემთხვევის ადგილას მყოფ ადამიანებს.

2010 წლის 4 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მაგისტრატი სასამართლოს #2007/905-2010/504 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 24 მაისს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ დანის გამოყენებით თეძოში დაჭრა დაზარალებული.

2011 წლის 30 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2010/674-2011/363 განაჩენის თანახმად, 2010 წლის 23 აგვისტოს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ცილი დასწამა მის საკანში მყოფ პიროვნებას.

2013 წლის 6 მარტის თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2011/955-2013/259 განაჩენის თანახმად, 2011 წლის 26 აპრილს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, შეურაცხყოფა მიაყენა საკნის მცველს.

2013 წლის 19 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს #2013/244-2013/519 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 23 აგვისტოს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილ ჩხუბში, დაზარალებულს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მუცლის ღრუში.

2015 წლის 30 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის 1-ელი სასამართლოს #2009/895-2015/455 განაჩენის თანახმად, 2008 წლის 14 სექტემბერს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ თანამზრახველთან ერთად, დანის გამოყენებით დაჭრა და ძვლის მოტეხილობა მიაყენა დაზარალებულს.

2018 წლის 2 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2018/230-2018/917 განაჩენის თანახმად, 2009 წლის 6 ნოემბერს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 5 ცალი, 6,25 მმ ვაზნა.

2019 წლის 17 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის ხოფის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-2 სასამართლოს #2019/226-2019/509 განაჩენის თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ გამოიყენა ყალბი პირადობის მოწმობა.

2022 წლის 3 მარტის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2021/804-2022/186 განაჩენის თანახმად, 2021 წლის 22 მარტს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ სცემა დაზარალებული, რითიც ამ უკანასკნელს დაუზიანა ჯანმრთელობა.

2023 წლის 23 თებერვლის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2022/410-2023/61 განაჩენის თანახმად, 2022 წლის 13 მარტს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ბენზინგასამართ სადგურზე, გამოიყენა ორი ცალი 100 თურქული ლირისა და ორი ცალი 50 თურქული ლირის ყალბი კუპიურა.

2023 წლის 7 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს #2022/332-2023/307 განაჩენის თანახმად, 2022 წლის 18 თებერვალს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ დაზარალებულის დასაშინებლად, გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა და დააზიანა სამუშაო ადგილის ზედაპირი.

2. მ. ქ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2025 წლის 27 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ქ..

2.2. 2025 წლის 28 ივნისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ქ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.3. 2025 წლის 22 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ. ქ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.4. 2025 წლის 21 აგვისტოსა და 19 სექტემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რაც მიღებულ იქნა, შესაბამისად, 2025 წლის 12 სექტემბერს და 4 ოქტომბერს.

2.5. 2025 წლის 25 სექტემბერის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ქ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2025 წლის 27 დეკემბრამდე.

2.6. 2025 წლის 30 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2.7. ამჟამად, მ. ქ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № .. დაწესებულებაში.

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის 7 ივლისის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს #2022/332-2023/307 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ქონების დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის;

დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 10 დეკემბერის კონიის მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს #2024/2913-2024/2895 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის #2007/263-2008/399 განაჩენით და აფიონქარაჰისარის დახურული სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის #2011/955-2013/259 განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (შეურაცხყოფის მიყენება) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, ასევე, კონიის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის #2007/510-2009/926 განაჩენით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (მუქარა) განსაზღვრული სასჯელებისა;

დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის #2007/263-2008/399 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (შეურაცხყოფის მიყენება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის;

დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის დახურული სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის #2011/955-2013/259 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (შეურაცხყოფის მიყენება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის;

დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის #2007/510-2009/926 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (მუქარა).

2.9. 2025 წლის 24 ნოემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ლ–ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა რეალური რისკი იმისა, რომ მ. ქ–ას თურქეთის რესპუბლიკაში გადაცემით მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე. ვინაიდან იგი არის ეთნიკურად ქურთი და მას დევნიან წარმომავლობის გამო. მ. ქ–ა თავს არ არიდებს პასუხისმგებლობას და მისი სურვილია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებისა და სასამართლოს პირობებში აგოს პასუხი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მის ქვეყანაში იგი დაცული არ იქნება.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ქ–ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი მ. ქ– 2025 წლის 27 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მ. ქ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს სულ მცირე ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

2007 წლის 3 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/306-2007/916 განაჩენის თანახმად, 2008 წლის 14 სექტემბერს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, 2007 წლის 24 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-4 სასამართლოს #2007/579-2007/835 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 16 ივნისს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ. თანამზრახველთან ერთად თავს დაესხა დაზარალებულს და დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები, 2008 წლის 29 იანვრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/259-2008/79 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 17 თებერვლის, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილ ჩხუბში, დანის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული წვივის არეში, 2009 წლის 10 სექტემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი მაგისტრატი სასამართლოს #2007/327-2009/1835 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 11 თებერვალს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ, დანის გამოყენებით, მარცხენა ფეხის არეში მიაყენა ჭრილობები დაზარალებულს, 2010 წლის 4 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მაგისტრატი სასამართლოს #2007/905-2010/504 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 24 მაისს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ დანის გამოყენებით თეძოში დაჭრა დაზარალებული და 2022 წლის 3 მარტის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2021/804-2022/186 განაჩენის თანახმად, 2021 წლის 22 მარტს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ სცემა დაზარალებული, რითიც ამ უკანასკნელს დაუზიანა ჯანმრთელობა. აღწერილი ქმედებები სულ მცირე დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

2008 წლის 13 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/204/2008/188 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 11 მაისს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ფ–ს უბანში, მ. ქ–მ, თანამზრახველებთან ერთად, დანის მუქარით, აიძულა დაზარალებულები მისთვის გადაეცათ ფულადი თანხა 18 თურქული ლირა. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყაჩაღობა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

2009 წლის 7 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2007/510-2009/926 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 23 აგვისტოს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ დანის გამოყენებით მკლავში დაჭრა დაზარალებული, რის შემდეგაც სანადირო თოფით დაემუქრა შემთხვევის ადგილას მყოფ ადამიანებს. აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ორიდან ოთხ წლამდე ვადით და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მუქარა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.

2011 წლის 30 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2010/674-2011/363 განაჩენის თანახმად, 2010 წლის 23 აგვისტოს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ცილი დასწამა მის საკანში მყოფ პიროვნებას, რაც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით წარმოადგენს დანაშაულს. აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ცრუ დასმენა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე ვადით.

2013 წლის 19 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს #2013/244-2013/519 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 23 აგვისტოს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილ ჩხუბში, დაზარალებულს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მუცლის ღრუში და 2015 წლის 30 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის 1-ელი სასამართლოს #2009/895-2015/455 განაჩენის თანახმად, 2008 წლის 14 სექტემბერს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ თანამზრახველთან ერთად, დანის გამოყენებით დაჭრა და ძვლის მოტეხილობა მიაყენა დაზარალებულს. აღწერილი ქმედებები დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

2018 წლის 2 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2018/230-2018/917 განაჩენის თანახმად, 2009 წლის 6 ნოემბერს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 5 ცალი, 6,25 მმ ვაზნა. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

2019 წლის 17 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის ხოფის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-2 სასამართლოს #2019/226-2019/509 განაჩენის თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ გამოიყენა ყალბი პირადობის მოწმობა. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე.

2023 წლის 23 თებერვლის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2022/410-2023/61 განაჩენის თანახმად, 2022 წლის 13 მარტს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ ბენზინგასამართ სადგურზე, გამოიყენა ორი ცალი 100 თურქული ლირისა და ორი ცალი 50 თურქული ლირის ყალბი კუპიურა. აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

2023 წლის 7 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს #2022/332-2023/307 განაჩენის თანახმად, 2022 წლის 18 თებერვალს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ დაზარალებულის დასაშინებლად, გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა და დააზიანა სამუშაო ადგილის ზედაპირი. აღწერილი ქმედებები სულ მცირე დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ერთიდან ხუთ წლამდე ვადით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

2008 წლის 30 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/263-2008/399 განაჩენის თანახმად, 2007 წლის 23 აგვისტოს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კონიაში, მ. ქ–მ უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ადამიანთა ჯგუფი და 2013 წლის 6 მარტის თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2011/955-2013/259 განაჩენის თანახმად, 2011 წლის 26 აპრილს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, შეურაცხყოფა მიაყენა საკნის მცველს. აღწერილ ქმედებები არ წარმოადგენს დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, რისი გათვალისწინებითაც მ. ქ–ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დაუშვებელია.

ამრიგად, მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები (გარდა 2008 წლის 30 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/263-2008/399 განაჩენითა და 2013 წლის 6 მარტის თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2011/955- 2013/259 განაჩენით დადგენილი ქმედებებისა) დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მ. ქ–ს ამ ქმედებებისთვის მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვით ან მეტი ვადით.

8. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს ან/და თავი აარიდა სასჯელის მოხდას. საექსტრადიციო მასალებით დასტურდება, რომ მ. ქ–მ თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია, 2009 წლის 7 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2007/510-2009/926 განაჩენით დადგენილი ფაქტებიდან (2007 წლის 23 აგვისტოს, ...... რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მ. ქ–მ დანის გამოყენებით მკლავში დაჭრა დაზარალებული, რის შემდეგაც სანადირო თოფით დაემუქრა შემთხვევის ადგილას მყოფ ადამიანებს) მუქარასთან მიმართებით, ხოლო დაზარალებულის მკლავში დაჭრასთან დაკავშირებით – არაა გასული. ქმედება განხორციელდა 2007 წლის 23 აგვისტოს, ხოლო განაჩენის აღსრულება არ იყო დაწყებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ამასთან, არ გამოკვეთილა ხანდაზმულობის ვადის დინების შემაჩერებელი გარემოება. შესაბამისად, მ. ქ–ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში მუქარის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის მოსახდელად დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

რაც შეეხება 2007 წლის 3 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/306-2007/916 განაჩენით, 2007 წლის 24 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-4 სასამართლოს #2007/579-2007/835 განაჩენით, 2008 წლის 29 იანვრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მე-2 მაგისტრატი სასამართლოს #2007/259-2008/79 განაჩენით, 2008 წლის 13 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2007/204/2008/188 განაჩენით, 2009 წლის 10 სექტემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი მაგისტრატი სასამართლოს #2007/327- 2009/1835 განაჩენით, 2009 წლის 7 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2007/510-2009/926 განაჩენით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე), 2010 წლის 4 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მაგისტრატი სასამართლოს #2007/905-2010/504 განაჩენით, 2011 წლის 30 მაისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2010/674-2011/363 განაჩენით, 2013 წლის 19 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს #2013/244-2013/519 განაჩენით, 2015 წლის 30 აპრილის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის 1-ელი სასამართლოს #2009/895-2015/455 განაჩენით, 2018 წლის 2 ოქტომბრის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს #2018/230-2018/917 განაჩენით, 2019 წლის 17 დეკემბრის თურქეთის რესპუბლიკის ხოფის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-2 სასამართლოს #2019/226-2019/509 განაჩენით, 2022 წლის 3 მარტის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის 1-ელი ინსტანციის მე-5 სასამართლოს #2021/804-2022/186 განაჩენით, 2023 წლის 23 თებერვლის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2022/410-2023/61 განაჩენით, 2023 წლის 7 ივლისის თურქეთის რესპუბლიკის კონიის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-5 სასამართლოს #2022/332-2023/307 განაჩენებით დადგენილი ქმედებების მიმართ გასული არ არის საქართველოს კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ზემოხსენებული განაჩენების აღსრულება დაიწყო 2010 წელს, რაც 2024 წელს შეიკრიბა და აღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელების აღსრულების მიზნით 2025 წელს გამოიცა დაპატიმრების ბრძანება. ხანდაზმულობის ვადა თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გადის 2034 წელს. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

10. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

11. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ მ. ქ–ს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება ან კონკრეტული არგუმენტაცია, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ.

13. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მ. ქ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მ. ქ–ს უფლებები.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

15. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

16. ამასთან, მ. ქ. არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

17. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში მ. ქ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

19. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ მ. ქ–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

20. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მ. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

21. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ–ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე