საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №696აპ-25 ქ. თბილისი
ა. ე. 696აპ-25 3 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ა.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. ა-ს, – პირადი ნომერი: -, ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;
ე. ა.ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. მ-ში, -ის ქ. N--ში მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლში განლაგებულ ე. ა.ს სილამაზის სალონში, ე. ა-მა და რ. მ-მა შელაპარაკებისას ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიყენებული შეურაცხყოფის გამო, შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მიზნით ე. ა-მა მის ხელთ არსებული სამართებლით ყელი გამოჭრა რ. მ-ს. რ. მ-ის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ე. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ე. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 12 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ე. ა.ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მოითხოვა ცვლილება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის განაჩენში, ე. ა.ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ე. ა.ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. ა-ი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებას და ე. ა.ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს, ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს ე. ა.ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
7.1. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ე. ა.ს მიერ რ. მ-ისათვის კისრის მიდამოში ჭრილობის მიყენების ფაქტი. დაცვის მხარე სადავოდ ხდის მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობას.
8. ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ; ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი, ლოკალიზაცია, მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის N146აპ-22 განჩინება).
8.1. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობისთვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
9. სამედიცინო ექსპერტიზის -- დასკვნით, რ. მ-ს დაუდგინდა კისრის მიდამოს ჭრილობა ხორხის სრული გადაკვეთით და მარჯვენა გარეთა საუღლე ვენის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
9.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა გ. ო-მა.
10. დაზარალებულ რ. მ-ის ჩვენებით, 2023 წლის 11 თებერვალს, ე.ის სამსახურში იმყოფებოდა. დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა. იქვე იმყოფებოდნენ რ. გ-ი, ი. ა-ი და გ. ნ-ი. თვითონ და ე.ი ნასვამები იყვნენ. ერთად დალიეს არაყი და ლუდი. იმის გამო შეკამათდნენ, რომ მისი მეგობარი იყო შემოსული და წვერის გაპარსვა სთხოვა ე.ს, ე.მა კი უარი უთხრა. ცოტა უხეშად საუბრობდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს ერთმანეთს. დაზარალებული სარკის წინ იდგა და სვამდა ლუდს, რა დროსაც მიუახლოვდა ე.ი, იფიქრა, რომ ჩასახუტებლად და შესარიგებლად მიდიოდა. როდესაც მიუახლოვდა ე.ი, მარჯვენა ხელი მხარზე დაადო, თუმცა მის ხელში დანა არ დაუნახავს. ამ მომენტში იგრძნო გაჭრა და უცებ გაიქცა საავადმყოფოში.
11. მოწმე ი. ა-ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილას არავინ იყო ე.ისა და რ-ის გარდა (იხ.: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:15:25 – 16:19:20). მან დაინახა სისხლიანი სამართებელი, რომელიც იატაკზე ეგდო. შემთხვევას წინ უსწრებდა ე.ის და რაფიგის სიტყვიერი კამათი. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ გაიგო ხმაური და გადავიდა ე.ის სალონში. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ე.ი და რ. სიტყვიერად კამათობდნენ ერთმანეთში (იხ.: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი 15:55:56-16:01:50), მას უნდოდა ე.ი გამოეყვანა და წაეყვანა სახლში, მაგრამ ე.ი არ გაჰყვა, ამ დროს დაურეკა ტელეფონმა, შებრუნდა და კარისკენ წავიდა, როდესაც შემობრუნდა დაინახა, რომ რ. მ-ი იყო სისხლიანი (იხ.: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:08:20-16:21:21). მისი მიბრუნებისას ზუსტად რა მოხდა არ იცის, მაგრამ დაინახა სისხლიანი რ. მ-ი, რომელიც ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა, ე. ა-მაც მაშინვე დატოვა შემთხვევის ადგილი.
12. ე. ა.ს მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხის და საშუალების (სამართებლის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა), დაზიანების ლოკალიზაციის (კისრის მიდამოს ჭრილობა ხორხის სრული გადაკვეთით და მარჯვენა გარეთა საუღლე ვენის დაზიანებით) და ხასიათის (მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს), გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას ე. ა.ს მიერ რ. მ-ისთვის დაზიანების გაუფრთხილებლობით (ალკოჰოლით მთვრალი ე. ა. წაბორძიკდა და შემთხვევით მიაყენა დაზიანება ყელის არეში რ. მ-ს) მიყენების შესახებ.
13. შესაბამისად, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ ( Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ა.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე