საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100124009871395
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №883აპ-25 20 იანვარი, 2026 წელი
ი–ი ნ., №883აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ი–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ნ. ი–მა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ ქალს არ ჰქონდა უფლება, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქალის მიერ მეუღლესთან დაშორებას აღიქვამდა ოჯახის შერცხვენად და ღირსების შელახვად, განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით, ტანჯვითა და ძლიერი ტკივილით განზრახ მოეკლა და - შ. ი–ა. ამ მიზნით, 2024 წლის 16 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. გ–ში კ–სა და კ–ს ქუჩების კვეთაზე, განსაკუთრებული სისასტიკით, ტანჯვითა და ძლიერი ტკივილით განზრახ მოკვლის მიზნით, დას – შ. ი–ას (რომელიც დაშორდა მეუღლეს და სხვა მამაკაცთან აგრძელებდა თანაცხოვრებას), განზრახ დააჯახა ,,ჰონდა ფიტის“ მოდელის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: .........), შემდეგ კი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ჩააგდო კ–ს ქუჩა №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან არსებულ არხში და ცივი იარაღის – დანის გამოყენებით, გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა 19 ჭრილობა. განსაკუთრებული სისასტიკით მიყენებული, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად, შ. ი–ა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ნ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმება, კერძოდ, სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ: ნ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ე. თ–ემ, რომელმაც მოითხოვა ნ. ი–ისათვის დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის შეფასებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, რადგან საპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ნ. ი–ის შემამსუბუქებელი გარემოებები. ადვოკატის განმარტებით, ნ. ი–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, სწრაფი მართლმსაჯულების მიზნით მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) გათვალისწინებით, უსამართლოა. უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით უკიდურესად მძიმე დანაშაულების დროს. სამართლიანობის აღდგენის მიზნიდან გამომდინარე, სასჯელი უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული და სახელმწიფომ არ უნდა დასაჯოს პირი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა პირმა არ ჩაიდინოს ამგვარი დანაშაული. დაცვის მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას ნ. ი-სთვის დანიშნული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ნ. ი–მა აღიარა მსჯავრადშერაცხილი ქმედება და მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ.
5.3. ზემოაღნიშნული საკითხის განხილვისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის აღიარება, მონანიება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ნამდვილად წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულის ამგვარი ქცევა სასამართლოს აპრიორი არ ავალდებულებს განსაზღვროს მსუბუქი სახის სასჯელი.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის სახის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაპყრო ყურადღება დანაშაულის ხასიათსა და განხორციელებული ქმედებების სახეს, კერძოდ: როგორც დაზიანებათა სიმრავლეს (19 ჭრილობა), ასევე სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებს. აღნიშნული მსჯავრდებულის მრავლობით მოქმედებას ადასტურებს მსხვერპლის მიმართ. ნ. ი–ი დანაშაულის განხორციელების მომენტში არათუ აცნობიერებდა თავისი ქმედების შედეგს – მსხვერპლის სიკვდილს, არამედ, ითვალისწინებდა ამ შედეგის დადგომამდე ჭრილობების მიყენებით გამოწვეულ მსხვერპლის ტანჯვას. საგულისხმოა, რომ შ. ი–ასათვის მიყენებულ ჭრილობათა უმრავლესობა სიცოცხლის დროინდელია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მსხვერპლს დანით დაზიანებების მიყენებამდე მსჯავრდებულმა ავტომობილი განზრახ დააჯახა და ჩააგდო ერთ-ერთი კორპუსის არხში. ამდენად, დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სასამართლოს არათანაზომიერად მიაჩნია.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სიცოცხლის უფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას – კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე, მათ შორის, დამნაშავისთვის ადეკვატური, პროპორციული სასჯელის შეფარდებით, ასევე, ითვალისწინებს ნ. ი–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და სიმძიმეს (ჩადენილია ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), მისი ჩადენის ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების მიზანმიმართულობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს კანონიერად, სამართლიანად და თანაზომიერად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. ი–ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის „ე“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5.6. რაც შეეხება, კასატორის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან. უპირველეს ყოვლისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პირის უვადო პატიმრობიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვის შესაძლებლობას, სასჯელის სახედ უვადო პატიმრობის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპებს და საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტი ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ი–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. თ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე