დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1I-26 26 იანვარი, 2026 წელი
კ-ი ა., №1I-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. კ-ის - – ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2024 წლის 12 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. შირვანის პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოიცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.1 მუხლით (თაღლითობა).
1.2. 2024 წლის 19 აგვისტოს, იმავე საგამოძიებო განყოფილების მიერ მიღებულ იქნა ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და ქმედება გადაკვალიფიცირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.2.3-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით (ქურდობა ჩადენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ბაზების გამოყენებით).
1.3. იმავე დღეს, ა. კ-ს ბრალი წარედგინა აზერბაიანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.2.3-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის, ჩადენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ბაზების გამოყენებით) შესაძლო ჩადენისათვის.
1.4. 2024 წლის 20 აგვისტოს გამოცემულია დადგენილება ა. კ-ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. იმავე დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. შირვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ა. კ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. 2024 წლის 27 აგვისტოდან ა. კ-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2024 წლის 8 მაისს, ა. კ-მა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დაზარალებულის კუთვნილი საკრედიტო ბარათიდან მესამე პირის სახელზე რეგისტრირებულ საკრედიტო ბარათზე გადარიცხა 700 აზერბაიჯანული მანათი, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა გადაირიცხა საკუთარ ანგარიშის ნომერზე. აღნიშნული ქმედებით, ა. კ-მა დაზარალებულს მიაყენა ჯამში 700 აზერბაიჯანული მანათის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2025 წლის 28 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. კ-ი.
3.2. 2025 წლის 30 ივნისს, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ა. კ-ს შეეფარდა გირაო – 2000 ლარის ოდენობით და აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება. გირაოს თანხა იმავე დღესვე გადაიხადა გ. ქ-ემ და ა. კ-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
3.3. 2025 წლის 31 ივლისს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. კ-ის ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
3.4. 2025 წლის 15 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – მეგი გურჩიანმა და ითხოვა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ა. კ-ის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა. კ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2024 წლის 19 აგვისტოს დადგენილებაში. აღნიშნული ქმედება დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.2.3-1 მუხლით (ქურდობა ჩადენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ბაზების გამოყენებით), რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ა. კ-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
3.6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული ა. კ-ის ადვოკატი – გ. ქ-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულების საფუძველზე, ა. კ-ი გარანტირებულად დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის რუსეთის მოქალაქის – ა. კ-ის – გადაცემის შემთხვევაში, დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები.
3.7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – მეგი გურჩიანმა – წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით. პროკურორის მტკიცებით, დამცველის მოთხოვნა ზოგადი და ბუნდოვანია; არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ა. კ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში მითითებული საფრთხის რეალურობას დაადასტურებს; აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი სარწმუნო გარანტიები უზრუნველყოფს ა. კ-ის უფლებების დაცვას და მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტების შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. ა. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ისე – საქართველოს კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წელზე მეტი ვადით (საქართველოს კანონმდებლობით 2.1. პუნქტში აღწერილი დანაშაული დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286¹-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე).
3. იმავდროულად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის – ა. კ-ის – დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ ექსტრადირებული პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1989 წლის 7 ივლისის №14038/88 გადაწყვეტილება Soering v. the United Kingdom, §91). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №59166/12 გადაწყვეტილება J.K. and others v. Sweden, §91). ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის №46827/99 და №46951/99 გადაწყვეტილება Mamatkulov and Askarov v. Turkey, §73). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის №36378/02 გადაწყვეტილება Shamayev and Others v. Georgia and Russia, §350).
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა. კ-ის ადვოკატის – გ. ქ-ის – მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი არ არის უშუალო კავშირში ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან. აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით შეუძლებელია უტყუარი დასკვნის გაკეთება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ არსებული ზოგადი ინფორმაცია, ქმნის გარანტიას იმისა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. კ-ი აუცილებლად დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
6. გარდა ამისა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარუდგინა სარწმუნო გარანტიები, რომლის თანახმად, ექსტრადიციის მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ა. კ-ის რაიმე ნიშნით დევნას. ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, მას უზრუნველყოფილი ექნება დაცვის ყველა უფლება, მათ შორის, ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ასევე, იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა თუ დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები). ამასთან, წარმოდგენილია გარანტია იმის თაობაზე, რომ ა. კ-ი მესამე სახელმწიფოში ქართული მხარის ნებართვის გარეშე არ იქნება გაძევებული.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი გარანტიები არის ერთგვარი უზრუნველყოფა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ა. კ-ის საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებები სრულად იქნება დაცული.
8. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკას ადამიანის უფლებების სფეროში აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში მონაწილეობის გზით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამ ინსტიტუციური მექანიზმების ერთობლიობა ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და სხვა სახის დარღვევების პრევენციასა და აღკვეთას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული ა. კ-ის ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული ა. კ-ის ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე