საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100108004574833
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №888აპ-25 ქ. თბილისი
ზ., 888აპ-25 15 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ვანო მჭედლიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ზ. ტე-ს ბრალად ედება: ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ აიძულონ პირი შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ზ. ტ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2004 წლის 21 სექტემბერს, ზ. ტ. დაუკავშირდა მ. ბ-ს, პ. დ-სა და ძიებით დაუდგენელ პირს, რომლებთან ერთადაც განიზრახა მძევლად ხელში ჩაგდების მიზნით ყაჩაღურად თავს დასხმოდა ლ. ე-ს, ე. ი-სა და ს. ნ-ს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, ზ. ტ., მ. ბ-თან, პ. დ-თან და ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, საღამოს საათებში, თავისი კუთვნილი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით, გ-ს რაიონის სოფელ ც-ს შესასვლელ საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად თავს დაესხა ლ. ე-ს კუთვნილ ,,ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც იგი მართავდა. მის ავტომანქანაში იმყოფებოდნენ ასევე ს. ნ. და ე. ი. თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად. ამ დროს ზ. ტ-მ პირთა ჯგუფთან ერთად, ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ე. ი-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი და ლ. ე-ს კუთვნილი ,,ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი, ღირებული 7000 აშშ დოლარად. ამავე დროს, მძევლად ხელში ჩაიგდეს ლ. ე. და ს. ნ. იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობითა და ფულის გამოძალვის მიზნით, იძულებული გაეხადათ ლ. ე-ს ძმა − გ. ე მისულიყო მათთან. კერძოდ, მ. ბ. დაუკავშირდა გ. ე-ს და გამტაცებელთა გათავისუფლების მიზნით, მოსთხოვა 5000 ლარი. გამტაცებლები ს. ნ-სა და ლ. ე-ს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და მხოლოდ სამი-ოთხი საათის შემდეგ გაათავისუფლეს მძევლობიდან.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ. ტ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა (ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალდების ახალი ფორმულირების შესაბამისად) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება.
ზ. ტ., − დაბადებული ... წელს, − დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რომლის ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავებისთანავე.
3. ზ. ტ. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გამოტანის დროს იყო ძებნილი. იგი მსჯავრდებულის სახით დააკავეს 2025 წლის 4 იანვარს.
4. ზ. ტ-ს დაკავების შემდეგ, მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ზ. ტ-ს უდანაშაულოდ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენით: ზ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მამუკა ლომიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენი.
ზ. ტ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. ტ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ზ. ტ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმებულია.
გამართლებულ ზ. ტ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა ვანო მჭედლიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ცვლილებას, კერძოდ, ზ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარეს, სასამართლოში გამოკვლეული, როგორც უშუალოდ სასამართლოს ხდომაზე დაკითხულ მოწმეთა, ისე – მოწმეთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული გამოქვეყნებული ჩვენებებით, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, ზ. ტ-ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ზ. ტერტერაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდების ამორიცხვის ნაწილით. ბრალდების მხარე სადავოდ მიიჩნევს, ზ. ტ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ეპიზოდს.
13. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე − ლ. ე, რომლის ჩვენებითაც დადგენილია შემდეგი: 2004 წელს, შემთხვევის დღეს, მასთან ვ-დან ჩამოსული იყო ბიძამისი ს. ნ., რომელიც წაყვანილი ჰყავდა მ-ში სალოცავად. ამ დროს დაურეკა რძალმა ე. ი-მა, რომელმაც სთხოვა დახმარება. მოწმემ მოატრიალა ავტომანქანა და გაემართა სოფელ ზ-ს მიმართულებით. ზ-მდე არ მისულს გზაზე ბაღების მხრიდან, დახვდნენ რძალი და ბავშვები. ისინი ჩაისვა მანქანაში და გააგრძელეს გზა. მათ მანქანას უკან მიჰყვებოდა სხვა მანქანა, რომელში მსხდომნიც დაესხნენ თავს. გადმოსვეს მანქანის საჭიდან, სურდათ მანქანის წართმევა, მასზე დანა ჰქონდათ მიდებული და გადასვეს სხვა ავტომანქანაში. მათ მანქანაში კი სხვა პირი ჩაჯდა. ისინი დაიძრნენ გაურკვეველი მიმართულებით. გამტაცებლები ითხოვდნენ მისი ძმის ადგილზე მისვლას. მოწმის განმარტებით, როგორც შემდეგ გაარკვია მის ძმას მოსვლია ჩხუბი, გამოუყენებია იარაღი, დაჭრილო იყო ბიჭი. ლ. ე-მა განმარტა, რომ მანქანა, რომლითაც მოსდევდნენ და სადაც გადასვეს იყო ,,ოპელის“ მარკის, რომელიც ეკუთვნოდა ვინმე ზ-ს, სოფელ ზ-ს მაცხოვრებელს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სახეზე ვერ ცნობდა ვინ იყო და ასევე დაადასტურა, რომ არ იცნობდა ზ. ტ-ს. ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით ხალხისგან გაიგო, რომ ზ. ტ-მ ქვეყანა დატოვა. მოწმემ განაცხადა, რომ იმ დროს უცხოური მანქანები ძალიან იშვიათად ჰყავდა ვინმეს. ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვაზე ნახა თუ არა შემთხვევის დღეს ზ. ტ., მოწმემ განაცხადა, რომ იმ დღეს მას ზ.ი არ უნახავს.
14. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ე. ი., რომლის ჩვენებითად დადგენილია შემდეგი: 2004 წლის 21 სექტემბერს სოფლის გასასვლელში გააჩერეს. გზის მეორე მხარეს გადავიდნენ, დაიწყო შელაპარაკება, დასახმარებლად გადავიდა მამამისიც. მათ მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ. ეთერ იჩქითმა განმარტა, რომ გამოაღწია სოფლის გამოსასვლელამდე და დასახმარებლად დაურეკა მაზლს − ლ. ე-ს. ლ. მივიდა ადგილზე, სადაც მის მანქანას კვლავ აედევნენ. დაეწივნენ და გააჩერეს. მაზლი იმ მანქანაში გადასვეს, ხოლო მათ მანქანაში სხვა პირი ჩაჯდა. მოწმემ მიუთითა, რომ არ იცის თავდამსხმელები რამდენნი იყვნენ. თავდამსხმელების მანქანა იყო მუქი ფერის და ეკუთვნოდა ვინმე ზ-ს, სოფელ ზერტში მაცხოვრებელს. ე. ი-მ განმარტა, რომ თავდასხმის დროს მოთხოვნაზე არ იყო საუბარი, იყო მუქარა და მისი მაზლი გადაიყვანეს მანქანიდან. მოწმემ აგრეთვე განაცხადა, რომ შემთხვევის დროს დაინახა მ., არ იცის მ. და ზ. ტ. ერთმანეთის ვინ არიან, ასევე არ იცოდა სოფელ ზ-ში ვის რა მანქანა ჰყავდა. ადვოკატის დამატებით შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ პირადად მას, 2004 წლის 21 სექტემბერს, ზ. ტ. არ უნახავს. მოწმემ დაადასტურა, რომ იცოდა ზ. ტ-ს საქართველოში არ ყოფნის შესახებ.
15. ამდენად, დაზარალებულებმა ლ. ე-მ და ე. ი-მ თავიანთ ჩვენებებში ისაუბრეს შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა იმავდროულად განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს ზ. ტ. არ უნახავთ და არ დაადასტურეს მის მიერ ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
16. პროკურორის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა, კერძოდ: დ. ე-ს, ს. ნ-სა და ვ. ე-ს ჩვენებები. მითითებულ მოწმეთა ჩვენებები არარელევანტურია და არასაკმარისია ზ. ტ-ს ბრალეულობის დასადგენად, ვინაიდან ისინი გადმოსცემენ, ზოგად ინფორმაციას ლ. ე-ს გატაცების შესახებ. ამასთან, დავით ელიაურისა და ვ. ე-ს ჩვენებები ირიბია, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის მომხდარი შემთხვევის უშუალო შემსწრე პირი, ისინი უთითებენ სხვა პირების მიერ ნაამბობ ინფორმაციას. სხვა რაიმე უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზ. ტ. 2004 წლის 21 სექტემბერს ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და რომ მან ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხილი ქმედება, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
17. მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, ამასთან, დეტალურად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც, ზ. ტ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ვანო მჭედლიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე