საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.02.2026
საქმის ნომერი
2კ-942აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№942აპ-25 თბილისი

შ. დ., 942აპ-25 24 თებერვალი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. შ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 4 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) – სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2016 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, წ-ის მ-ის სოფელ ტ-ში, გ. ხ-ის მიერ მ. პ-ის მკვლელობით გაბრაზებულმა დ. შ-ემ, შურისძიების მოტივით, ცეცხლი წაუკიდა ვ. კ-ის საცხოვრებელ სახლს, რომელშიც დროებით ცხოვრობდა გ. ხ-ის მამა, ლ. ხ-ი. ცეცხლის წაკიდების შედეგად დაიწვა ვ. კ-ის საცხოვრებელი სახლი და მასში არსებული, ლ. ხ-ის კუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ნივთები. აღნიშნული ქმედებით ვ. კ-მა მიიღო 9752 ლარისა და 60 თეთრის, ხოლო ლ. ხ-მა – 51480 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის განაჩენით დ. შ-ე ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ონისე თუთისანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. გამართლებული დ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ღ-ა შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №601აპ-25, №394აპ-24).

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ. შ-ის ბრალეულობა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, დაასკვნა, რომ დ. შ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი.

10. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, კერძოდ: ბრალდების მხარის მტკიცებულებებით მხოლოდ ის დგინდება, რომ ბრალდებულმა დ. შ-ემ სახლის შესასვლელში, შემინულ ვერანდაზე რაღაც მოასხა, რაც აალდა და მალევე ჩაქრა. 10-15 წუთში კვლავ გაჩნდა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიწვა სახლი. ადგილზე იყვნენ შეკრებილი პოლიციის თანამშრომლები, ძირითადად, ამ ვერსიას ავითარებენ. თითქმის ყველა მათგანი (ა. ძ-ე, ა. პ-ი, მ. თ-ი, დ. გ-ი და დ. ბ-ე) მიუთითებს, რომ დ. შ-ეს ხელში ბიდონი/„კანისტრა“ ეჭირა შიგნით სითხით, ეცათ ბენზინის სუნი, მან სითხე მოასხა, აალდა, თუმცა ცეცხლი ჩაქრა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა დაინახა სითხის მისხმა, ცეცხლის წაკიდების მომენტი, რაც, მათივე განმარტებით, მაშინვე უნდა მომხდარიყო, არცერთს უნახავს. იმის გათვალისწინებით, რომ, აღნიშნულ მოწმეთა განმარტებით, სახლის მეორე სართულზე დ. შ-ესთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი (5-6) დარბოდა, სასამართლო უტყუარად ვერ ადგენს, უშუალოდ დ. შ-ის ქმედებით აალდა თუ არა სახლი. პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, თუ როგორ ასხამდა დ. შ-ე სითხეს, მაგრამ მის ხელში ასანთი არავის უნახავს, რაც ასევე საეჭვოს ხდის დ. შ-ის მხრიდან ცეცხლის წაკიდების ფაქტს.

11. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები წინააღმდეგობრივია, ზოგადად, დ. შ-ის ხელთ არსებული სითხის ბენზინად/საწვავად იდენტიფიცირების საკითხში, კერძოდ, ა. ძ-ის განმარტებით, სუნით მიხვდა, რომ საწვავი იყო; ა. პ-ი მიუთითებს, რომ დ. შ-ემ ბენზინი დაასხა და საწვავი ქურთუკზე მასაც მიესხა. მ. თ-ის ჩვენებით, იგრძნო ბენზინის სუნი, ხოლო დ. გ-ის ინფორმაციით, სითხეს ბენზინის სუნი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამოღებულია ა. პ-ისა და მ. თ-ის უნიფორმები, რომელთაც დალუქვის დროს ასდიოდა ბენზინისმაგვარი საწვავის სუნი. გამომძიებლები – ნ. მ. და მ. ყ. – სასამართლო სხდომაზეც დაბეჯითებით მიუთითებდნენ ზემოაღნიშნული ნივთების ამოღებისას ამგვარ სუნზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის --- დასკვნის მიხედვით, ვერც ა. პ-ის და ვერც მ. თ-ის ტანსაცმელზე ამგვარი კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი. გარდა ამისა, ისიც ნიშანდობლივია, რომ 5 ლიტრი ბენზინის აალების შემდეგ ცეცხლი ჩაქრა, რაც ალოგიკურია. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი მოწმე, გარდა პოლიციის თანამშრომელ დ. ბ-ისა, რომელიც მეორე ჯერზე ცეცხლის გაჩენას დ. შ-ეს დაუკავშირებდა, ხოლო დ. ბ-ის ჩვენება ამ ნაწილში იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ მისი გაზიარება შეუძლებელია, რაც ჯვარედინმა დაკითხვამ გამოავლინა. ამასთან, სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნით, საცხოვრებელ სახლში დადგინდა ცეცხლის გაჩენის სამი დამოუკიდებელი კერა (და არა – ერთი!): მეორე სართულზე არსებულ სამზარეულო ოთახში შესასვლელის მხარეს, მარჯვენა კუთხეში; საძინებელ ოთახში დახურული აივნიდან შესასვლელის მოპირდაპირე, მარცხენა კუთხეში და მისაღებ ოთახში შესასვლელის მოპირდაპირე, მარცხენა კუთხეში.

12. მოწმეები მიუთითებენ სახლში არაერთი პირის არსებობაზე, ბრალდების მხარე კი დ. შ-ეს ჯგუფურად სახლის დაწვას არ ედავება. სახლის დაწვის ნაწილში სხვა გამოძიება (გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე) არ მიმდინარეობს. ბრალდების დადგენილება ქმედების აღწერის თვალსაზრისით მშრალია – ბრალდების მხარე დ. შ-ეს ედავება, რომ მან სახლს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ის დაიწვა, ხოლო გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად და უტყუარად დგინდება, რომ დ. შ-ეს სახლი არ დაუწვავს. ბრალდების დადგენილებაში საერთოდ არ არის მითითებული ის ქმედებები, რასაც პოლიციის თანამშრომელი მოწმეები დ. შ-ეს უკავშირებენ, რაც, ბუნებრივია, ვერ გახდება სასამართლოს შეფასების საგანი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სახლის დაწვა პირველი ეპიზოდიდან 10-15 წუთში ხელახალი და არა – იმავე ქმედების შედეგად განხორციელდა.

13. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, წარმოუდგენელია იმაზე საუბარიც კი, რომ შეიძლება, ადამიანს ბრალად წარედგინოს ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც მითითებული არ იქნება ბრალდების დადგენილებაში, საბოლოოდ კი, აღმოჩნდება განაჩენში. კანონის უზენაესობაზე დამყარებული სამართლებრივი სისტემის ქვეყანაში არ შეიძლება ადამიანი მსჯავრდებულად ცნონ იმისთვის, რაც იგულისხმება და არ წერია. საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა ფორმულირებული სრულყოფილად, რაც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, ემსჯელა სხვა გარემოებებზეც. შესაბამისად, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადგინა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

14. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დ. შ-ის მიერ წ-ის მ-ის სოფელ ტ-ში მდებარე ვ. კ-ის საცხოვრებელ სახლი დაწვის ფაქტის

დასადასტურებლად, გარდა მოწმეების – ა. პ-ის, დ. გ-ის, მ. თ-ის, ა. ძ-ის და დ. ბ-ის – ჩვენებებისა, რომლებითაც უტყუარად ვერ დასტურდება დ. შ-ისათვის ბრალადშერაცხილი ფაქტობრივი გარემოებები, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომლითაც, თუნდაც ირიბად, დადასტურდებოდა დ. შ-ის ბრალეულობა. სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს დასახელებულ პირთა ჩვენებებს, ვინაიდან მოწმეები გადმოსცემენ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუმცა ისინი არ არის საკმარისი დ. შ-ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

16. სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა რომელიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა დ. შ-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ. შ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“– გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და დ. შ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 4 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

17. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე