საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1012აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124010459630

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1012აპ-25 ქ. თბილისი

კ. ს. 1012აპ-25 18 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. კ–ის, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. ს. კ–ემ 2024 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ......... ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს (ფუძე)“ 10 პაკეტად, ჯამში – 4,46 გრამის ოდენობით, საიდანაც 6 პაკეტი, ჯამში – 2.49589 გრამი, გასაღების მიზნით 2024 წლის 8 ოქტომბერს, ქ. თ–ში, .... უცნობ ....ის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა, ექვს ლოკაციაზე, ხოლო 4 პაკეტი, ჯამში – 1.96411 გრამი, კი იმავე დღეს ამოიღეს ს. კ–ესთან ჩატარებული პირადი ჩხრეკისას;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ს. კ–ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

1.2. ს. კ–ემ 2024 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ........ ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს (ფუძე)“ 10 პაკეტად, ჯამში – 4,46 გრამის ოდენობით, საიდანაც 6 პაკეტი, ჯამში – 2,49589 გრამის ოდენობით, 2024 წლის 8 ოქტომბერს ქ. თ–ში, ......... უცნობ .....ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუმისამართებელ შენობა-ნაგებობასთან და ტყის მასივში, ექვს ლოკაციაზე განათავსა, მათი გასაღების მიზნით, ხოლო დანარჩენი 4 პაკეტის, ჯამში – 1,96411 გრამის ოდენობით, განთავსებას ცდილობდა ლოკაციებზე, რა დროსაც იგი პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს. ს. კ–ემ აღნიშნული ქმედებით განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ს. კ–ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენით:

2.1. ს. კ–ე საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. ს. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

2.3. ს. კ–ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2.4. ს. კ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 8 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

3.1. მსჯავრდებულ ს. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ხ–მა მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება;

3.2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა მოითხოვა ს. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავდროულად, მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა. კასატორი ითხოვს ს. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras.37,41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ს. კ–ის, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დამნაშავედ ცნობას და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ს. კ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდება. დავის საგანია – ს. კ–ემ ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული (რომლის ჩადენაშიც, გასაჩივრებული განაჩენით, უდანაშაულოდ არის ცნობილი) და შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ს. კ–ის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სადავო ეპიზოდში დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ს. კ–ის წარდგენილ ბრალდებაში (ამ ნაწილში) გამართლება განაპირობა.

9. ბრალდების მხარის მტკიცებით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, გამომძიებლების ჩვენებები, ს. კ–ის მობილური ტელეფონის აპლიკაცია – ,......-ში“ არსებული მიმოწერა (რომლის თანახმად, ს. კ–ესა და ,,m.....“ სახელით რეგისტრირებულ პირს შორის მიმოწერა შეეხება 10 ცალი დაუდგენელი საგნის/ნივთიერების უსაფრთხოდ სხვადასხვა ადგილას დადებას), პირადი ჩხრეკის 2024 წლის 8 ოქტომბრის ოქმი და პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, 2024 წლის 8 ოქტომბრის ამოღების ოქმები (სულ ექვსი ამოღების ოქმი) და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები ადასტურებს ს. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

10.1. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერის თანახმად, ს. კ–ემ განმარტა, რომ მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ პაკეტებში მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელიც უნდა განეთავსებინა სხვადასხვა ლოკაციაზე, რათა მომხმარებელს ადვილად ეპოვა (ვიდეოჩანაწერი ,,.........-.......... ....“, 00:04:51), ასევე – გამომძიებლების ბ. ლ–ს, თ. გ–ს, ო. გ–ს, გ. ჯ–ს) ჩვენებების (რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი) თანახმად, ს. კ–ემ საგამოძიებო მოქმედებებისას განაცხადა, რომ ,,ეს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებები უნდოდა გასაყიდად და დაალაგა გასაყიდად ლოკაციებზე”, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ: დასაშვებია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც „საგამოძიებო ექსპერიმენტი ასახავს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის N682აპ-21 განაჩენი, 2025 წლის 13 ნოემბრის N467აპ-25 განჩინება), ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებაზე (ინფორმაციაზე) ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილში (მაგალითად, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 განაჩენი და 2025 წლის 13 ნოემბრის N467აპ-25 განჩინება).

10.2. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ბრალდებულის განმარტების გარდა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა არცერთი დასაშვები მტკიცებულებით არ დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში აღმოჩენილი ნივთიერებების განთავსების მიზანი. კერძოდ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

10.2.1. ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ 2024 წლის 23 ოქტომბრის შუამდგომლობას (ს. კ–ის ,,Samsung-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ,,......“ აპლიკაციის მიმოწერების, ლოკაციების (სადაც განთავსდა პაკეტები გასაღების მიზნით) და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი, მათ შორის, წაშლილი ინფორმაციის გამოთხოვაზე ნებართვა (ტ. N1; ს.ფ. 180-181)) და აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებას (ტ. N1; ს.ფ. 182-184);

10.2.2. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2024 წლის 6 ნოემბრის დადგენილებას (ექსპერტს დაევალა ს. კ–ის კუთვნილ ,,Samsung-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან (იმეი კოდებით: ........ და .............) ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ: გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის (ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის) ფოტოების, მიმოწერების, ფოტო-ვიდეო-აუდიოფაილების, ასევე სხვა ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტების სახით, მათ შორის, ,,.....“, ,,.......“, ფოტოების აპლიკაცია, ,,......-ი”; მათ შორის, პროგრამის აღდგენა, თუ რომელიმე პროგრამა, ინფორმაცია საჭიროებს აღნიშნულს; ტელეფონში ფოტოების არსებობის შემთხვევაში იმის დადგენა, არის თუ არა ისინი აღნიშნული ტელეფონით გადაღებული);

10.2.3. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

10.2.4. დათვალიერების 2024 წლის 8 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ს. კ–ის მობილურ ტელეფონში ნანახი და დათვალიერებული იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ,,.........-ის“ აპლიკაცია, კერძოდ, ს. კ–ესა და ვინმე ,,........-ოს“ შორის დიალოგი, რომლის თანახმად, ,,m......“ ს. კ–ეს ავალებს გარკვეული ობიექტის (საგნის/ნივთიერების) ლოკაციებზე განთავსებას (ტ. N1; ს.ფ. 35-36);

10.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დათვალიერებისას კომპიუტერულ სისტემაში არსებული მონაცემების დათვალიერების ოქმში გადატანა (ბრალდების მხარემ მიმოწერის შინაარსი გადაიტანა დათვალიერების ოქმში) ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმში მითითებული/ასახული ,,მიმოწერა” ვერ დაედება საფუძვლად პირის მსჯავრდებას (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს N670აპ-22 და 2022 წლის 28 დეკემბრის N909აპ-22 განჩინებები).

10.4. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები სადავო ეპიზოდთან მიმართებით არის ირიბი, რადგან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ს. კ–ე ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა და განათავსა (საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებულ ადგილებზე) შემდგომი რეალიზაციის მიზნით, იციან სწორედ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ს. კ–ის მიერ გაკეთებული განმარტებებიდან, ხოლო ს. კ–ემ სასამართლო სხდომაზე არ აღიარა სადავო დანაშაულის ჩადენა.

10.4.1. საკასაციო სასამართლო ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

10.5. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული – საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს. კ–ის მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული ობიექტების (რაც ამოიღეს 2024 წლის 8 ოქტომბრის ამოღების ოქმებით) დალაგების მიზანი იყო სხვა პირისათვის (და არა პირადი მოხმარების მიზნით) მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი კანონიერი და დასაშვები მტკიცებულებით არ დასტურდება, ს. კ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების არც მიზანი და შესაბამისად, არც აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მცდელობა.

10.5.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ლოკაციების ამსახველი ფოტოსურათების სხვა პირ(ებ)ისათვის გადაგზავნა მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთდა სწორედ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მცდელობას (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია), ხოლო ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულისაგან ამოღებული მობილური ტელეფონიდან არ იქნა მოპოვებული (გამოთხოვილი) მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ტელეფონში შენახული ჰქონდა ლოკაციების ამსახველი ფოტოსურათები, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით არ იქნა მოპოვებული ს. კ–ესა და ,,.......-ს“ შორის მიმოწერა (რომელზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი), არ არის წარმოდგენილი არც რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც მიუთითებდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მიზნით განთავსებაზე, ვერ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ვერც ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მომზადება (შეადარე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის №607აპ-25, 2025 წლის 4 ნოემბრის №610აპ-25, 2025 წლის 26 ივნისის №1331აპ-24 და 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24 განაჩენები).

10.6. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ს. კ–ის კუთვნილი ,,Samsung-ის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან არ მოხდა გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, რაც მიუთითებდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაზე/მომზადებაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

11. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. სასჯელის გამკაცრების ნაწილში კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებზე მითითებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიჩნევს, რომ სასამართლომ ს. კ–ეს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი, რის გამოც ითხოვს სასჯელის გამკაცრებას.

12.1. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

12.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

12.3. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულისადმი (აღიარა) და მტკიცებულებების ნაწილის უდავოდ ცნობას, იმ გარემოებას, რომ იგი ნასამართლობის არმქონე პირია, კასატორი არ უთითებს ისეთ მტკიცებულებაზე/გარემოებაზე, რაც არ წარმოადგენდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს/უკანონოდ იქნა შეფასებული გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და მიუთითებს სასჯელის უკანონობაზე, ადასტურებს სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 16 აპრილს და 2 ივლისს ცვლილებები შევიდა საქართველოს სსკ-ში, რომლითაც ახლებურად დარეგულირდა საქართველოს სსკ-ის XXXIII თავი (ნარკოტიკული დანაშაული). კერძოდ, ს. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრადშერაცხილი დანაშაული – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს მოქმედი რედაქციით წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

13.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს (კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს) და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს (პირველი ნაწილი); თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში (მე-2 ნაწილი); თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი (მე-3 ნაწილი).

13.2. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 16 აპრილსა და 2 ივლისს საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით უცვლელად დარჩა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვისათვის გათვალისწინებული სასჯელი.

13.3. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესების საფუძველზე, ს. კ–ის მსჯავრდება უნდა განხორციელდეს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

13.4. იმავდროულად, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონში 2025 წლის 16 აპრილს განხორციელებული ცვლილებებით, ცვლილება შევიდა, მათ შორის, აღნიშნული კანონით რეგულირებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილშიც, თუმცა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილში (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული პირების მიმართ) დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ რედაქციასა და მოქმედ რედაქციას შორის სხვაობის არარსებობის გამო, გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნული კანონის განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია (ცვლილებები გავლენას არ ახდენს მსჯავრდებულ ს. კ–ის მდგომარეობაზე).

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

15. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე, ს. კ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი