საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.03.2026
საქმის ნომერი
2კ-991აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100125011325635

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №991აპ-25 ქ. თბილისი

ი–ი ფ., 991აპ-25 17 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ფ. ი–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისაგან განზრახ თავის არიდება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ფ. ი–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

შპს „ფაშა“ (ს/ნ .........) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 5 ოქტომბერს, მისამართზე: ს–ო, სოფელი .... მე-... ქუჩა, N.., ხოლო ფაქტობრივი საქმიანობის ადგილიa − ს–ს რაიონი, ი–ო სოფელი ლ–ო. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში უპირატესად საკვები პროდუქტებით. კომპანიის ფაქტობრივი მფლობელია ფ. ი–ი (პირადი N..........), რომელიც წარმართავდა სამეწარმეო საქმიანობას, იღებდა გადაწყვეტილებებს და განკარგავდა კომპანიის ფინანსებს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის, ამავე დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის N ....... ბრძანებისა და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის N.......საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 199 461,92 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 105 683 ლარი.

ფ. ი–ი საგადასახადო შემოწმების დოკუმენტაციას, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ელექტრონულად არ გაეცნო, თუმცა ხსენებული დოკუმენტები 2023 წლის 21 სექტემბერს პირადად ჩაჰბარდა. ამავდროულად, 2023 წლის 11 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის N....... საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები საჯაროდ გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე და ფ. ი–ს ჩაბარებულად ჩაეთვალა გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს − 01.10.2023 წელს.

ფ. ი–ს დარიცხული თანხა არ გადაუხდია; საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოში, ხოლო დღეის მდგომარეობით, ამოწურულია დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულების თაობაზე გამოცემული გადაწყვეტილებების გასაჩივრების სამართლებრივი შესაძლებლობა და გასულია გადასახადის გადახდის კანონით დადგენილი ვადა. საწარმოსთან საგადასახადო შეთანხმება არ გაფორმებულა.

ზემოაღნიშნული ქმედებით ფ. ი–მა განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის − 105 683 ლარის გადახდას.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განაჩენით ფ. ი–ი, − დაბადებული 2002 წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა − 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

გაუქმდა ფ. ი–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მანანა თანდაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ფ. ი–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მანანა თანდაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ფ. ი–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით − პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად. პროკურორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი და მისი ქმედებით გამოწვეული ზიანი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და უცვლელად დატოვა ფ. ი–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობით ვლინდება.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ფ. ი–ი წარსულში ნასამართლევი არ არის), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ფ. ი–ს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – ჯარიმა. მსჯავრდებულ ფ. ი–ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი