საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100122006121537
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1058აპ-25 23 მარტი, 2026 წელი
ფ–ა გ., №1058აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 გ. ფ–ია (პირადი ნომერი: ………) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის), რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა გ. ფ–მ 2022 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე ქ. ზ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში მდებარე მისივე საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, დანის გამოყენებით მ. ლ–ას გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა ერთი შემავალი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, გ. ფ–ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ფ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამრთლებელი განაჩენი უკანონოა. საქმეზე წარმოდგენილი მოწმეები თავს არიდებდნენ გამოძიებას, რაც ნათლად გამოჩნდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. გ. ფ–ს პიროვნების მიმართ შიში იმდენად დიდი იყო, რომ მოწმეებს არ სურდათ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემა. სწორედ ამის გამო საქართველო დატოვეს – ი., გ. და ო. გ–ებმა. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის აზრით, გ. ფ–ს ბრალეულობა დადასტურებულია, ნ. ქ–ს ჩვენებით. იგი არის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც მ. ლ–ამ დაურეკა ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია, დაზარალებულ მ. ლ–ას ჩვენებითა და ნ. ქ–ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით. ნ. ქ–ს ჩვენებით, ასევე დადასტურებულია, რომ გ. ფ–ია აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას, ვინაიდან ავტომანქანა გ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო შესული. ნ. ქ–ს ჩვენება, სრულად თანხვდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. ი. გ–ის გამოქვეყნებული ჩვენებით კი, დადგინდა, რომ სახლის მესაკუთრე, დაბალი ტანის პიროვნება, აგრესიული იყო მათ მიმართ, ვინაიდან მას ღობე დაუნგრიეს. კასატორის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულისთვის მიყენებული ჭრილობის ადგილი, რაც ნ. ქ–ს ჩვენების სანდოობას უსვამს ხაზს. ამასთან, არ არსებობს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ნ. ქ–ს ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებს, ვინაიდან იგი არ იცნობს გ. ფ–იას და მასთან შემხებლობა არ ჰქონია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების გამო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რომელსაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („In dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.4. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა გამართლებულ გ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და უტყუარად ვერ დაადგინა, რომ 2022 წლის 4 ივლისს, დაახლოებით, 23:30 საათზე, ქ. ზ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, მისივე საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, გ. ფ–მ დანის გამოყენებით მ. ლ–ას გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა ერთი შემავალი ჭრილობა.
5.11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, გ. ფ–ს მიმართ არ არის წარმოდგენილი, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ: ფაქტის თვითმხილველი ერთადერთი მოწმე არის თავად დაზარალებული – მ. ლ–ა, რომელიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის საპირისპირო გარემოებებს განმარტავს. მართალია, მოწმე – ნ. ქ. არის პირველი ადამიანი, რომელსაც მ. ლ–მ დაურეკა შემთხვევისას, თუმცა მას დაზარალებულისათვის დანის უშუალოდ დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ გ. ფ–იას მიერ დაზარალებულისათვის დანის დარტყმის ფაქტს არ ადასტურებენ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები. მათ შორის ი. გ–ე გამოკითხვის ოქმში მ. ლ–ასთვის დაზიანებების მიმყენებელ პირად ასახელებს უცნობ მამაკაცს, რომლის ვიზუალური მონაცემებიც განსხვავდება გამართლებულის ვიზუალური მონაცემებისგან. შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არ არიან თვითმხილველნი – მათი ჩვენებების შინაარსი მ. ლ–ასთვის დანის დამრტყელი პირის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა, ხოლო ნ. ქ. შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ამდენად, მათ მიერ განმარტებული გარემოებები საფუძვლად ვერ დაედება გ. ფ–ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა გ. ფ–ს მიერ მ. ლ–ასათვის ჭრილობის მიყენების ფაქტს. ხოლო მოწმეები – ი.მ–ა და მ. წ–ა, თავიანთი ჩვენებებით გამორიცხავენ გ. ფ–სა და დაზარალებულს შორის რაიმე კონფლიქტს, მით უმეტეს გ. ფ–ს მიერ მ. ლ–ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს.
5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.
5.13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ფ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე