საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.03.2026
საქმის ნომერი
2კ-40აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100121004571387

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №40აპ-26 24 მარტი, 2026 წელი

კ–ე კ., №40აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. კ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2013 წლის სექტემბრის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, შპს „ს–ოს“ მესაკუთრე და დირექტორი – კ. კ–ე შეუთანხმდა გ. ყ–სა და ნ. კ–ეს, რომ შპს „ს–ოს“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, მდებარე ქ–ი, ....ს გამზ. №..-ში, 55000 აშშ დოლარად მიჰყიდდა 160-დან 180 კვ. მეტრამდე საცხოვრებელ ფართს – ბინას, რომელსაც გაუფორმებდა ნ. კ–ეს. 2013 წლის 23-24 ოქტომბერს, ქ–ი, ....ს გამზ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ყ–მა კ. კ–ეს გადასცა თავისი და ნ. კ–ის კუთვნილი 55000 აშშ დოლარი, თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, კ. კ–ემ ნ. კ–ეს საკუთრებაში არ გადასცა საცხოვრებელი ბინა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. კ–ისა და გ. ყ–ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 55000 აშშ დოლარს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით კ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და კ. კ–ისათვის კანონიერი, სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და კ. კ–ისათვის კანონიერი, სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. პროკურორის მტკიცებით, დაზარალებულმა ნ. კ–ემ, აგრეთვე თვითმხილველმა მოწმეებმა დაადასტურეს კ. კ–ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი და მიზნობრიობა. ანალოგიური გარემოება დადასტურდა გ. ყ–ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმითაც. პროკურორი ასევე უთითებს ნ. კ–ის მიერ, კ. კ–ისათვის თანხის გადაცემის წინა დღეს, ბანკიდან ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის აღების შესახებ. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ს–ოს“ ნ. კ–ისათვის ან მისი ოჯახის წევრისთვის ბინა საკუთრებაში არ გადაუცია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, მოტყუება (ნდობის ბოროტად გამოყენება), როგორც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების/დაუფლების კონკრეტული საშუალება – ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების/დაუფლების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის №486აპ-25 განაჩენი).

5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ მართალია, დაზარალებულ ნ. კ–ის, მოწმეების – მ. კ–სა და დ. ფ–ს ჩვენებებით, აგრეთვე, გ. ყ–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კ. კ–ისათვის თანხის – 55000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, თუმცა, დადასტურებული არ არის გამართლებულის მიერ დაზარალებულის მოტყუება/ნდობის ბოროტად გამოყენება უშუალოდ თანხის გადაცემის მომენტისათვის. უფრო მეტიც, დაზარალებულ ნ. კ–ის ჩვენებით, კ. კ–ეს მისი კუთვნილი 55000 აშშ დოლარის მოტყუებით დაუფლების განზრახვა არ ჰქონია. თანხის გადაცემის დროისათვის, კ. კ–ის პირობა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელ ფართს გადასცემდა, რეალური იყო და კ. კ–ეს ტყუილი არ უთქვამს, თუმცა, შემდეგ, იგი სიმამრის – კ. ა–ს გავლენის ქვეშ მოექცა და მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

5.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება კ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე