საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 16.04.2026
საქმის ნომერი
2კ-242აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100125011861005

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

საქმე №242აპ-26 ქ. თბილისი

შ. ბ. 242აპ-26 16 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ხ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ბ–ის, – პირადი ნომერი ………., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2025 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე შ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში, შ. ბ–ემ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მოითხოვდა მისგან უსიტყვოდ მორჩილებას, უკრძალავდა მობილური ტელეფონით სარგებლობას, არ აძლევდა სახლიდან გასვლის უფლებას და უკონტროლებდა ჩაცმულობას, ფსიქიკური იძულება განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს. ს–ის მიმართ, კერძოდ, უთხრა, რომ სახლის დატოვების შემთხვევაში მაინც მოძებნიდა, სიცოცხლეს გაუმწარებდა და არ გაახარებდა, რაც ს. ს–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით შ. ბ–ემ ჩაიდინა – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. 2025 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე შ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში, შ. ბ–ემ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ვინაიდან მეუღლის მიმართ ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება, მოითხოვდა მისგან უსიტყვოდ მორჩილებას, უკრძალავდა მობილური ტელეფონით სარგებლობას, არ აძლევდა სახლიდან გასვლის უფლებას და უკონტროლებდა ჩაცმულობას, ფსიქიკური იძულება განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს. ს–ის მიმართ, კერძოდ, უთხრა, რომ თუ პოლიციაში დარეკავდა, დააინვალიდებდა, ხეიბარს დატოვებდა და მოკლავდა, რაც ს. ს–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით შ. ბ–ემ ჩაიდინა – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:

2.1. შ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. შ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.3. შ. ბ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2025 წლის 3 სექტემბრიდან, 2025 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ჩუბინიძემ მოითხოვა შ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.2. მსჯავრდებულ შ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ხ–ამ მოითხოვა შ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ხ–ამ. კასატორი ითხოვს შ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

6. 2026 წლის 15 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მსჯავრდებულ შ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ხ–ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. განცხადების თანახმად, შ. ბ–ეს არ სურს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვა და ითხოვს მის განუხილველად დატოვებას.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

8. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ორდერს, რომლის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შ. ბ–ის ინტერესებს იცავს ადვოკატი ი. ხ–ა (ტ. N2; ს.ფ. 113); ასევე იმ გარემოებას, რომ შ. ბ–ის ინტერესებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც ადვოკატი ი. ხ–ა იცავდა (ტ.N2; ს.ფ. 61).

9. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე მსჯავრდებულ შ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ხ–ას საკასაციო საჩივრი, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო, უნდა დარჩეს განუხილველად.

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ხ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე