საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210100123008111668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1076აპ-25 ქ. თბილისი
მ–ი თ., 1076აპ-25 16 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. მ–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
თ. მ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 13 ოქტომბერს, დღის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ პ–ს საუბნო გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, თ. მ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–სა და ლ. მ–ს, კერძოდ, თითოეულ მათგანს დაარტყა ქვა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აგვისტოს განაჩენით თ. მ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 500 (ხუთასი) ლარი.
გაუქმდა თ. მ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ა. ტ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ა. ტ–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და რელევანტურობის თვალსაზრისით; სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ დაინტერესებული და არაობიექტური მოწმეების ჩვენებები; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა თ. მ–ის დამნაშავედ ცნობის საკმარის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ–ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ თ. მ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ემყარება, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:
10. დაზარალებულმა ნ. მ–მა დეტალურად აღწერა როგორც თ. მ–თან კონფლიქტის წარმოშობის წინა ისტორია, რაც გამოწვეული იყო საერთო გზის სარგებლობით, ისე უშუალოდ დანაშაულის ეპიზოდი, კერძოდ: თ. მ–ი უკრძალავდათ საერთო გზით სარგებლობას, რის გამოც, მიმართა სასამართლოს. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და მისცა სადავო გზით სარგებლობის უფლება, თუმცა, თ. მ–ი მაინც აგრძელებდა კონფლიქტს და უშლიდათ სარგებლობას. წყალი ოჯახებს გრაფიკით მიეწოდებათ. 2023 წლის 13 ოქტომბერს იყო მისი ოჯახის რიგი. დაახლოებით 14:00 საათზე, დასთან − ლ. მ–თან ერთად, გავიდა წყლის ჩამკეტის გადასართველად, მაგრამ, ვინაიდან მილში ქვიშა იყო გაჭედილი, წყალი არ წამოვიდა. გაბრუნდა მავთულის მოსატანად და შეამჩნია დადარაჯებული თ. მ–ი, რომელიც ელოდა მათ გასვლას წყალზე, ქვები კი მოგროვებული ჰქონდა. დანახვისთანავე, თინა წამოვიდა მისი მიმართულებით და დაუწყო ქვის სროლა. ქვები მოხვდა ფეხებისა და წვივის არეში, რის შედეგადაც, განიცადა ტკივილი. შემდეგ, თ. მ–ი უკვე ფიზიკურად შეეხო მას, წააქცია და წაქცეულს დაუწყო ცემა, სახის არეში და ფეხებში ქვას ურტყამდა. სახეში დაარტყა დაახლოებით 3-4-ჯერ, რის გამოც, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ამ დროს მის დასახმარებლად მივიდა და − ლ. მ–ი. თ. მ–მა მას გაანება თავი და უკვე ლ. მ–ისკენ გაიწია. ლ–ს დაუწყო ქვებით ცემა სახის არეში. თინამ ლ–ს ქვა ჩაარტყა სახის მარცხენა არეში, რის გამოც, ლ–ს სახიდან სისხლი წამოუვიდა. თავად დახმარება ვერ შეძლო, რადგან წაქცეული წამოდგომას ვერ ახერხებდა. დაზიანებების შედეგად, მისი დაც დაეცა მიწაზე. კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი. ვინაიდან, წნევამ აუწია და დის მისახმარებლად ძალა არ ჰქონდა, დაიწყო ყვირილი, იქნებ ვინმეს გაეგო და დახმარებოდათ. ამ დროს გარეთ არავინ იყო, გამვლელი მანქანებიც არ აჩერებდნენ. მის ყვირილზე გამოვიდა ძმის შვილიშვილი − ნ. მ–ი და გააშველათ, ის და ლ. მ–ი წამოაყენა და შინ წაიყვანა. ამ დროს, თ. მ–ი ადგილზე იმყოფებოდა და განაგრძობდა ქვების სროლას. მალე სასწრაფო დახმარებაც მივიდა, რომელიც გამოიძახა რძალმა − ნ. ბ–მა. თ. მ–ის ცემის შედეგად, მკლავებსა და ფეხებზე ჰქონდა სილურჯეები, ასევე, დაზიანება ჰქონდა მარცხენა ბარძაყის არეში. ლ. მ–ს სილურჯე ჰქონდა სახის არეში.
11. დაზარალებულმა ლ. მ–მა, თავის მხრივ, ნ. მ–ის ჩვენების ანალოგიურად და თანმიმდევრულად დაადასტურა იგივე ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ: თ. მ–თან კონფლიქტი საერთო გზის გამო, გრაფიკით წყლის მიწოდება, 2023 წლის 13 ოქტომბერს, შუადღის საათებში, წყლის ჩამრთველთან ყოფნა, თ. მ–ის მიერ ნ. მ–ის მიმართულებით ქვების სროლა და შემდეგ მისი ფიზიკური შეურაცხყოფა, ნ–ს დასახმარებლად მისვლა, შემდეგ თინას მიერ თვითონ მისთვისაც სახის არეში ქვის ჩარტყმა, ტუჩიდან სისხლდენა, წაქცევა, ფიზიკური ტკივილი, შემდგომ ნ. მ–ის მხრიდან დახმარება და სასწრაფო დახმარების გამოძახება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ლ. მ–ის ჩვენება არსებით ნაწილში სრულად თანხვდენილია ნ. მ–ის ჩვენებასთან როგორც კონფლიქტის მიზეზის, ისე − ძალადობრივი მოქმედებების თანმიმდევრობის, დაზიანების ლოკალიზაციისა და შედეგების კუთხით.
13. საქმეში ასევე წარმოდგენილია ნეიტრალური მოწმის − ნ. მ–ის ჩვენებაც, რომელიც კონფლიქტის უშუალო შემსწრე პირია. მან განმარტა, რომ კონფლიქტს დასაწყისიდანვე არ შესწრებია, თუმცა შემოესმა ლ. მ–ის და ნ. მ–ის ყვირილის ხმა − ორივე მათგანი ითხოვდა დახმარებას. ყვირილზე გასვლისას დაინახა თ. მ–ი, რომელსაც წაქცეული ჰყავდა ლ– და ნ. მ–ები; იგი ზემოდან აჯდა ლ–ს, თმაში ჰქონდა ხელი ჩავლებული და ცდილობდა მისთვის თავი მიწაზე დაერტყმევინებინა; ნ. მ–ი იქვე იყო წაქცეული; ლ. მ–ს ცხვირ-პირი სისხლიანი ჰქონდა; შემდეგ დაზარალებულები სახლში წაიყვანა.
14. საყურადღებოა მოწმე ნ. ბ–ის ჩვენებაც. იგი კონფლიქტს უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა შემთხვევიდან მოკლე ხანში ადგილზე მისულმა, პირადად ნახა დაზარალებულთა ფიზიკური მდგომარეობა და მათ პირველადი დახმარება გაუწია, გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია; ლ. მ–ს იმავე დღეს სახეზე ემჩნეოდა დაზიანებები და ჰქონდა სისხლდენა, ხოლო ნ. მ–ს − მეორე დღეს ტანსა და ფეხებზე სილურჯეები გამოუვლინდა.
15. ამდენად, ნ. მ–ისა და ნ. ბ–ის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად ამყარებს დაზარალებულთა მონათხრობს, როგორც ძალადობის ფაქტის, ისე − მისი უშუალო შედეგების ნაწილით, და, ამასთან, სრულად თანხვდენილია დაზარალებულთა მონათხრობსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან.
16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და დაზარალებულთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე. დათვალიერების ოქმმა დაადასტურა კონფლიქტის ლოკაცია სწორედ იმ გზის მონაკვეთზე, რომელთან მიმართებითაც მხარეებს შორის მანამდე არსებობდა დავა და სადაც განთავსებულია წყლის ჩამკეტები და მილები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით კი დადგინდა, რომ ლ. მ–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა ყვრიმალის, მარცხენა ლოყისა და ზედა ტუჩის არეში, ხოლო ნ. მ–ს − ნაჭდევი მარჯვენა ლოყის არეში და სისხლჩაქცევა მარცხენა ბარძაყის არეში; ორივე შემთხვევაში დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა საქმეში მითითებულ თარიღს.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულების ერთობლიობით − დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნებით − გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად მიიჩნევს თ. მ–ის ბრალეულობას მის მიმართ მსჯავრად შერაცხილ ქმედებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა მოტივები, რომელთა საფუძველზეც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე