საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1053აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100124009516037

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1053აპ-25 29 აპრილი, 2026 წელი

კ–ი გ., №1053აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ც–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. კ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 16 აპრილს, ქ.თ–ში, ........ გამზირზე, ........ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელი – გ. ა–ი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც თავს დაესხა გ. კ–ი, კერძოდ, მკვრივი ბლაგვი საგანი ესროლა და მოარტყა თვალის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ გ. ა–ის ფიზიკური ტკივილი და სხეულის დაზიანება გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენით, გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრი დაედო დ. კ–ს.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ც–ემ და მოითხოვა გ. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

2.3. განაჩენი, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ის ინტერსების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ–მ და მოითხოვა დ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 16 აპრილს, ქ. თ–ში, ...... გამზირზე, .......... მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელს გ. ა–ს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, გ. კ–მა, ისროლა, მკვრივი ბლაგვი საგანი, კერძოდ წყლის ბოთლი, რომელიც მოხვდა გ. ა–ს თვალის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ გ. ა–ის ფიზიკური ტკივილი და სხეულის დაზიანება გამოიწვია.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ დ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ დ. კ–ის მიმართ.

მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ც–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენში გ. კ–ის მიმართ. გ. კ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

3.3. 2025 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ და მოითხოვა გ. კ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება.

3.4. 2025 წლის 14 ნოემბერს, მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ც–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი გ. კ–ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უკანონოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ გ. ა–ისთვის დაზიანების მიყენების დროს გ. კ–ის მიზანი არა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არამედ დაზიანება იყო. ვინაიდან იგი მიუახლოვდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს, მოულოდნელად გამოხატა აგრესია და თავს დაესხა მას. შესაბამისად, არ არსებობდა კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. კასატორი ასევე უთითებს, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილი განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს N468აპ-20 სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ პრაქიკას.

4.2. მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ლ. ც–ეს მიაჩნია, რომ გ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ვინაიდან, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონე პირია. შესაბამისად, სახეზეა, როგორც დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის, ასევე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელების გამოყენების წინაპირობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ – გ. ა–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების – ბ. გ–ს, მ. ჩ-ს ჩვენებებით, შპს „....“-დან გამოთხოვილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითა და 2024 წლის 5 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2024 წლის 07 მაისს სოციალურ პლატფორმა www....-დან ჩამოტვირთული „...“-ის 2024 წლის 7 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, სს „მ....“ სამაუწყებლო კომპანია „...“-დან გამოთხოვილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების და 2024 წლის 25 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 8 მაისის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N..... დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 8 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით, 2024 წლის 12 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 20 ივნისის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N.....დასკვნით შესაძლებელია ფაქტების უტყუარი დადასტურება, რომ 2024 წლის 16 აპრილს, გ. კ–მა .... ტერიტორიაზე ყოფნისას საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომელს – გ. ა–ს, რომელიც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, ესროლა მკვრივი ბლაგვი საგანი.

5.6. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციას და მიუთითებს, რომ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან, მის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ამხელენ მსჯავრდებულ გ. კ–ს დანაშაულის ჩადენაში, არის თანმიმდევრული, თანხვედრაშია ერთმანეთთან და არ იწვევს ეჭვის შეტანის საფუძველს. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია ისეთი უტყუარი მტკიცებულებებით, როგორიცაა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა გ. კ–ის ქმედება.

5.7. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის გ. კ–ის განმარტებით, დგინდება მსჯავრდებულის მოქმედება – წყლის პლასტმასის ბოთლის სროლა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ, რაც მოხვდა გ. ა–ს, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სამართალდამცავებს დაწყებული აქვთ საპოლიციო ღონისძიება და მოქმედებენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით, სადაც ისმის გამაფრთხილებელი ხმოვანი შეტყობინებები.

5.8. გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულის ქმედება მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით და სახეზე არ გვაქვს პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გ. კ–ის ქმედება თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.

5.10. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის, ხოლო რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მასში ასახული გარემოებები განსხვავდება მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან.

5.11. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა დაყრდნობით, გ. კ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელის სახე – მინიმალური ვადით, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის სახე ვერ იქნება მიჩნეული გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერ სასჯელად.

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ როინ ხინთიბიძის, ასევე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ც–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე