საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100125011645353
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №85აპ-26 4 მაისი, 2026 წელი
გ–ი ბ., №85აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. გ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2025 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 22:15 საათზე, ........ საავტომობილო გზის მე-.. კილომეტრზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ. გ–ი მართავდა MERCEDES-BENZ-ML-ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ....., რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ვერ შეასრულა გასწრების მანევრი უსაფრთხოდ, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა HONDA FIT-ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ....., რომელსაც მართავდა ნ. ს–ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, HONDA FIT-ის მარკის ავტომობილის მგზავრი – ე. ლ–ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო იმავე ავტომობილის მეორე მგზავრმა – თ. ს–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მთვარისა შველიძემ, რომელმაც მოითხოვა ბ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა და მოითხოვა ბ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2026 წლის 8 იანვარს, სახელმწიფო ბრალმდებელმა – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა ბ. გ–ის ქმედება, თუმცა არ გაითვალისწინა დამდგარი შედეგი და ის ფაქტი, რომ დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია. მის ქმედებას გარდა ეთერ ლონდარიძის გარდაცვალებისა მოჰყვა კიდევ ერთი პირის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები, რომ იგი ავტომანქანას მთვრალი მართავდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.4. საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ბ. გ–მა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა დანაშაული, რასაც ადამიანის გარდაცვალება და ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვა, ასახულია მსჯავრდების კვალიფიკაციაში და შესაბამისად დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე