დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.07.2026
საქმის ნომერი
2კ-43-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802226012869830

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №431-26 ქ. თბილისი

ო. ჰ., 431-26 27 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ./ჰ. (H.) ო-ს (O.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ო-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

თურქეთის რესპუბლიკა ჰ. ო-ს ექსტრადიციას ითხოვს, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები თურქეთის რესპუბლიკის #5237 კოდექსის 220/5, მუხლით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის (დაჯგუფების) ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა დანაშაულის ჩადენის მიზნით), 149 / 1 a, d, f, g, h და 35 მუხლებით (კვალიფიციური თავდასხმის მცდელობა), 151/1 მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება), თურქეთის რესპუბლიკის #6163 კანონის 13/1 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, ტარება ან შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ბრალდებით.

2024 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 12 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონის სასამართლომ გასცა ჰ. ო-ს დაკავების ბრძანებები და გამოცხადდა ძებნა.

2025 წლის 15 აპრილიდან ჰ. ო. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2023 წლის 23 ნოემბრიდან − 2024 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, ჰ. ო. იყო შეიარაღებული ორგანიზებული დაჯგუფების ლიდერი, მონაწილეობდა მის მართვასა და საქმიანობაში. დაჯგუფების მიზანი იყო სხვადასხვა პირსა და ორგანიზაციაზე თავდასხმა. ჰ. ო. ორგანიზაციის სახელით და მის სასარგებლოდ უკვეთდა და აორგანიზებდა მძიმე დანაშაულებს. მათ შორის, ჰ. ო. ჩართული იყო ს. ს-სა და ს. ო-ს მკვლელობის ორგანიზებაში. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა დაჯგუფების მონაწილეებს ცეცხლსასროლი იარაღით, ტრანსპორტით, შეტყობინებებს გადასცემდა დანაშაულის სხვა მონაწილეებს და ფულად ანაზღაურებას უხდიდა მათ.

2024 წლის 20 ივნისს დაახლოებით 22:50 საათზე, ჰ. ო-ს დავალებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების სახელითა და სასარგებლოდ, ა. ო. თავს დაესხა ქალაქ ...... მდებარე ობიექტს, სახელწოდებით „...”, რომელიც დაცხრილა და დააზიანა ცეცხლსასროლი იარაღით.

3. ჰ. ო-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2025 წლის 12 დეკემბერს ჰ. ო. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2025 წლის 13 დეკემბერს ჰ. ო-ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა − 3 თვით.

2026 წლის 20 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ჰ. ო-ს ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი დანართი მასალა.

2026 წლის 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ო-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, − 6 თვემდე, 2026 წლის 12 ივნისამდე.

2026 წლის 19 მარტს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა დამატებითი ინფორმაცია ჰ. ო-ს ექსტრადიციის თაობაზე.

2026 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ო-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, − 9 თვემდე, 2026 წლის 12 სექტემბრამდე.

ამჟამად ჰ. ო. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N... პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2026 წლის 30 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

დასაშვებად იქნეს ცნობილი ჰ. ო-ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის შუამდგომლობაში ჰ. ო-ს ექსტრადიციის თაობაზე და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის #5237 კოდექსის 220/5, მუხლით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის (დაჯგუფების) ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა დანაშაულის ჩადენის მიზნით), 149 / 1 a, d, f, g, h და 35 მუხლებით (კვალიფიციური თავდასხმის მცდელობა), 151/1 მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება), თურქეთის რესპუბლიკის #6163 კანონის 13/1 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, ტარება ან შენახვა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ო-ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის შუამდგომლობაში ჰ. ო-ს ექსტრადიციის თაობაზე და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის #5237 კოდექსის 220/5, მუხლით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის (დაჯგუფების) ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა დანაშაულის ჩადენის მიზნით), 149 / 1 a, d, f, g, h და 35 მუხლებით (კვალიფიციური თავდასხმის მცდელობა), 151/1 მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება), თურქეთის რესპუბლიკის #6163 კანონის 13/1 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, ტარება ან შენახვა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ო-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. პ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ფორმალურად შეაფასა. დამოუკიდებლად, სრულად და ინდივიდუალურად არ გამოიკვლია ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა კონვენციის მე-3 მუხლით დაცული უფლებების დარღვევის რეალური რისკი, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის, არასათანადო მოპყრობის, ძალადობის, კორუფციისა და უსაფრთხოების სისტემური პრობლემების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად გათვალისწინების გარეშე; დაცვის მხარის მიერ მითითებული ზეწოლის შესაძლო ფაქტები და თურქეთში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცესის თავისებურებები სასამართლომ მხოლოდ ზოგად გარემოებებად შეაფასა და არ დაადგინა, ქმნიდნენ თუ არა ისინი უშუალოდ ო-ს მიმართ რეალურ საფრთხეს; ასევე არასათანადოდ შეფასდა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის საფრთხე, რადგან დადგენილია, რომ ჰ. ო-ს საქართველოში ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები. ამასთან, მის მეუღლეს თურქეთში შესვლა ათი წლის ვადით აქვს აკრძალული, რაც ექსტრადიციის შემთხვევაში ოჯახური ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის საფრთხეს ქმნის. ამავე დროს, ჰ. ო. ეთნიკურად ქართველია, მას საქართველოსთან ისტორიული და ნათესაური კავშირები გააჩნია; დაცვის მხარის მტკიცებით, ჰ. ო. 2019 წლის შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, მაშინ როდესაც მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები 2023–2024 წლებს უკავშირდება; აგრეთვე მხედველობაშია მისაღები ჰ. ო-ს ბრალდების საქმეზე ორი მოწმის ახალი განცხადებები, რომლებიც აღარ ადასტურებდნენ თავდაპირველ ჩვენებებს ან მიუთითებდნენ, რომ ჩვენებები ზეწოლის, მუქარის ან არასათანადო მოპყრობის პირობებში მისცეს, რაც თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით, ლეგიტიმურ ეჭვს წარმოშობს და საჭიროებს სრულყოფილ გამოკვლევას. არსებული წინააღმდეგობებისა და რისკების პირობებში, სასამართლოს უნდა გამოეთხოვა თურქეთის კომპეტენტური ორგანოებისგან დამატებითი ინფორმაცია, კონკრეტული განმარტებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება; დაცვის მხარემ დამატებით წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი,რომელშიც ასევე უთითებს, რომ დაირღვა ჰ. ო-ს საქართველოს სასამართლო განხილვაში პირადად მონაწილეობის უფლება, ვინაიდან იგი სასამართლო სხდომას არ დასწრებია, ხოლო სასამართლომ სათანადოდ არ გაარკვია მისი გამოუცხადებლობის რეალური მიზეზი.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ./ჰ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ჰ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. პ-მ დამატებით წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა. შუამდგომლობის თანახმად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი ჰ. ო-ს უშუალო მონაწილეობის გარეშე განიხილა, მისი სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობა საკასაციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს. ამასთან, ჰ. ო-ს მომზადებული აქვს დაცვის სიტყვა, რომლის საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენა პირადად სურს. აღნიშნული შუამდგომლობის დასასაბუთებლად დაცვის მხარემ დამატებით წარმოადგინა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების სამედიცინო პუნქტის (სამმართველო) სამმართველოს უფროსის (მთავარი ექიმი) ნანა მაღრაძის 2026 წლის 10 ივლისის წერილის ასლი და მასზე დართული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ადვოკატ ე. პ-ს სახელზე. წერილში მითითებულია ჰ. ო-ს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ო. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 12 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარე სადავოდ ხდის თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების სისრულესა და სანდოობას. კასატორის პოზიციით, მოთხოვნაში ასახული ინფორმაცია ზოგადი, ბუნდოვანი და ურთიერთშეუსაბამოა, არ იძლევა ჰ. ო-სათვის ბრალად წარდგენილი კონკრეტული ქმედებების სრულყოფილად დადგენის შესაძლებლობას და, შესაბამისად, არასაკმარისია მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობისათვის. ჰ. ო-ს მიმართ წარდგენილი ბრალის კონტექსტში, დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი 2019 წლიდან საქართველოში იმყოფება, რის გამოც, 2023–2024 წლებში, ანუ იმ პერიოდში, რა დროსაც მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებებისთვის ბრალი ედება, უშუალოდ მონაწილეობას ვერ მიიღებდა. გარდა ამისა, დაცვის მხარე მიუთითებს ჰ. ო-ს საქმეზე გამოკითხული ორი მოწმის ახალ განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, კასატორის პოზიციით, ისინი აღარ ადასტურებენ თავდაპირველად მიცემულ ჩვენებებს.

5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ არგუმენტებს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ექსტრადიციის მოთხოვნას უნდა ერთოდეს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების და განაჩენის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, ან თხოვნის გამგზავნი მხარის კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად გაცემული დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი, რომელიც გაცემულია მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს მიერ, კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურებულია ჰ. ო-ს საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისი მოქალაქეობა, ცხადად დგინდება ექსტრადიციის მოთხოვნის მიზანი და საფუძველი, მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა, გამოცემულია მოქმედი დაკავების ბრძანებები, ცნობილია ძებნის საფუძველი, მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისი ქმედებების პერიოდი და სხვა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საექსტრადიციო მასალების ერთობლიობა, იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, რომ ექსტრადიცია მოთხოვნილია არა განუსაზღვრელი ან აბსტრაქტული ვარაუდის, არამედ – კონკრეტულ სისხლის სამართლის წარმოებისას გამოტანილი საპროცესო გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამავე მასალებით, აგრეთვე შესაძლებელია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, სპეციალობის პრინციპისა და ექსტრადიციის სხვა სამართლებრივი წინაპირობების შემოწმება. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური ინფორმაცია, თავისი შინაარსითა და მოცულობით სრულად საკმარისია ექსტრადიციის დასაშვებობის სამართლებრივი წინაპირობების შესამოწმებლად.

7. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, არამედ, ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ: იხ.: საქმე №21-17, №21-20, 91-23). აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსტრადიციის წარმოების ფარგლებში საქართველოს სასამართლოს არ ევალება მტკიცებულებათა იმ სტანდარტით გამოკვლევა და შეფასება, რომელიც პირის ბრალეულობის დასადგენად და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არის აუცილებელი. სასამართლო არ წყვეტს, ჩაიდინა თუ არა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედება, რამდენად სარწმუნოა ცალკეული მოწმის ჩვენება ან რომელი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულება უნდა იქნეს მიჩნეული უპირატესად. ექსტრადიციის წარმოების მიზანია შემოწმდეს, არსებობს თუ არა პირის გადაცემისათვის კანონითა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი სამართლებრივი წინაპირობები.

8. ამდენად, დაცვის მხარის მითითება, რომ ჰ. ო. 2019 წლიდან საქართველოში იმყოფებოდა და მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ ყოფილა, მოითხოვს პირის საქართველოში ყოფნის პერიოდის, სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემების, მისი გადაადგილების, კომუნიკაციების, სხვა პირებთან კავშირის, შესაძლო დისტანციური მითითებებისა და საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. ამგვარი გარემოებების დადგენა კი, დაკავშირებულია მტკიცებულებათა მოპოვებასთან, მათი დასაშვებობისა და სანდოობის შეფასებასთან, მოწმეთა უშუალო დაკითხვასთან, მხარეთა შეჯიბრებითობის პირობებში მათ გამოკვლევასა და საბოლოო სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბებასთან. შესაბამისად, მითითებული საკითხები სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საგანია, რის გამოც, მათზე პასუხის გაცემა მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პრეტენზია საექსტრადიციო მოთხოვნისა და მასზე დართული ოფიციალური დოკუმენტაციის არასაკმარისობისა და ჰ. ო-ს ბრალეულობის საკითხებთან დაკავშირებით.

10. დაცვის მხარე აგრეთვე მიუთითებს ჰ. ო-ს ეთნიკურ ქართულ წარმომავლობაზე, მისი წინაპრების საქართველოსთან კავშირზე, აგრეთვე, ქართული ენის ცოდნასა და საქართველოში არსებულ ნათესაურ, სოციალურ ურთიერთობებზე. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს მის განსაკუთრებულ კავშირს საქართველოსთან, რასაც ექსტრადიციის დასაშვებობის შეფასებისას, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ამავე დროს, კასატორი ჰ. ო-ს საქართველოში მჭიდრო ოჯახური კავშირიდან გამომდინარე, აყენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული − ოჯახის ურღვეობის პრინციპის შელახვის საკითხს.

11. დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის ეთნიკური წარმომავლობა და მოქალაქეობა ერთმანეთისაგან განსხვავებული სამართლებრივი კატეგორიებია. მოქალაქეობა წარმოადგენს სახელმწიფოსა და პირს შორის სამართლებრივ კავშირს, რომელიც დგინდება შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების ოფიციალური მონაცემებით. შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა, ვერ დაეფუძნება პირის ეთნიკურ თვითიდენტიფიკაციას, წარმომავლობას, ენის ცოდნას ან მისი წინაპრების ეროვნულ კუთვნილებას.

12. საექსტრადიციო საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჰ. ო. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად ითვლება. ასევე დადგენილია, რომ ჰ. ო-ს საქართველოში არ აქვს საერთაშორისო დაცვის მოქმედი სტატუსი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჰ. ო-ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. იგი ამჟამად არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად.

13. ამავე დროს, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია კონკრეტული ინფორმაცია, რომ ჰ. ო-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა მისი ეთნიკური წარმომავლობითაა განპირობებული ან რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი სწორედ აღნიშნული ნიშნით დაექვემდებარება დევნას, დისკრიმინაციას ან არასათანადო მოპყრობას.

14. ამდენად, ჰ. ო-ს ეთნიკური წარმომავლობის შესახებ დაცვის მხარის მითითება, ვერ ქმნის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

15. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას, რომელიც შეეხება ჰ. ო-ს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას, კასატორი მიუთითებს, რომ მას საქართველოში ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები. მეუღლეს თურქეთის რესპუბლიკაში შესვლა ათი წლის ვადით აქვს აკრძალული, რის გამოც, ექსტრადიციის შემთხვევაში, ოჯახის წევრთა ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჰ. ო-ს ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრია საქართველოში, აგრეთვე, მხედველობაში იღებს იმ დანაშაულთა სიმძიმესა და ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც ედება ბრალი. მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედებები, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ამასთან, ჰ. ო-მ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰ. ო-ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

17. დაცვის მხარე ასევე ამტკიცებს, რომ ჰ. ო-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შექმნის მისი სიცოცხლის ხელყოფის, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის რეალურ საფრთხეს. იგი მიუთითებს თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის, მკვლელობის, კორუფციისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, აგრეთვე, კერძო პირების მხრიდან შესაძლო შურისძიებაზე.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

19. აღნიშნულის შესაბამისად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ისეთი რეალური, კონკრეტული და სათანადო მტკიცებულებებით დასაბუთებული საფრთხე, რომელიც პირის ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის საფუძვლიან რისკს წარმოშობს. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები შეეხება თურქეთის ციხეებში ძალადობის, მკვლელობისა და კორუფციის ცალკეულ შემთხვევებს, მაგრამ ეს ინფორმაცია, არ უკავშირდება უშუალოდ ჰ. ო-ს. ამავე დროს, კასატორის მიერ მითითებული შურისძიების საფრთხეც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით, რომელიც საფრთხის რეალურობასა და აქტუალურობას დაადასტურებდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საფრთხე კერძო პირებისაგან მომდინარეობს, უნდა დასტურდებოდეს არა მხოლოდ ასეთი საფრთხის არსებობა, არამედ – ის ფაქტიც, რომ მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ ან არ უზრუნველყოფენ პირის სათანადო დაცვას. დაცვის მხარე სათანადო მტკიცებულებებით ვერც აღნიშნულ გარემოებებს ასაბუთებს.

20. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მართალია, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და, შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას”(NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

21. გარდა აღნიშნულისა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ჰ. ო-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ჰ. ო-ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მეთოდით ძიებისას სხვა შემთხვევებში წარმატებით მოუპოვებია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესახებ. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

22. აგრეთვე, მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ჰ. ო. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკი.

24. საკასაციო სასამართლო ასევე აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის საფრთხეს და კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012).

25. საქმის მასალების მიხედვით, ჰ. ო-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში დაუსწრებელი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ არის. ექსტრადიციის მოთხოვნა მიზნად ისახავს მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. ო-ს არ ექნება წვდომა ადვოკატის მომსახურებაზე, ან შეეზღუდება სასამართლოს წინაშე წარდგომის, დაცვის მტკიცებულებების წარდგენის, გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა, თუ სხვა სამართლებრივი უფლებები. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაცვის მხარე მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ეთანხმება და მათ არასაკმარისად მიიჩნევს, არ წარმოშობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის რეალურ საფრთხეს.

26. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ო. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა, ასევე, გაცემულია გარანტია, რომ დაცული იქნება სპეციალობის წესი.

27. აღნიშნულზე დაყრდნობით, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება, მოცემულ შემთხვევაში, აგრეთვე არ იკვეთება.

28. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორი ამტკიცებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი, სასამართლო სხდომაზე ჰ. ო-ს მონაწილეობის გარეშე ისე განიხილა, რომ სათანადოდ არ დაადგინა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი და არ შეამოწმა, წარმოადგენდა თუ არა სხდომაზე მონაწილეობაზე მისი უარი თავისუფალ, ინფორმირებულ და ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამასთან, დაცვის მხარემ საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა. შუამდგომლობის თანახმად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი ჰ. ო-ს უშუალო მონაწილეობის გარეშე განიხილა, მისი სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლომ უნდა უზრუნველეყოს. ამასთან, ჰ. ო-ს სურვილი აქვს სასამართლოს პოზიცია პირადად წარმოუდგინოს. აღნიშნული შუამდგომლობის დასასაბუთებლად დაცვის მხარემ დამატებით წარმოადგინა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილების წერილი ჰ. ო-ს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის წარდგენისა და დაცვის ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სასამართლო სხდომაზე არმონაწილეობა, იმთავითვე არ გამორიცხავს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებას. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს იყო თუ არა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი მიმდინარე საექსტრადიციო წარმოებისა და სასამართლო სხდომის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული, რა მიზეზით არ მონაწილეობდა სხდომაში, ჰქონდა თუ არა ადვოკატის მეშვეობით საკუთარი პოზიციის სრულად წარდგენის შესაძლებლობა და გამოიწვია თუ არა მისმა არყოფნამ, დაცვის უფლების რეალური შეზღუდვა.

30. წარმოდგენილი საექსტრადიციო საქმის მასალებით ირკვევა, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარდა ორი სასამართლო სხდომა. პირველი სხდომა ჩატარდა – 2026 წლის 2 ივლისს, რომელზეც ჰ. ო-ს მიერ შეთანხმებით შერჩეული ადვოკატი − ე. პ. არ გამოცხადდა. ამ მიზეზით, სასამართლო სხდომა გადაიდო 2026 წლის 7 ივლისს, ხოლო ჰ. ო-ს სახაზინო წესით, სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა ადვოკატი. მეორე სასამართლო სხდომა გაიმართა – იმავე წლის 7 ივლისს, რომელზეც გამოცხადდა ადვოკატი ე. პ. და ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვა გაგრძელდა მისი მონაწილეობით.

31. საექსტრადიციო საქმის მასალებში წარმოდგენილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების თანამშრომელთა მიერ, 2026 წლის 2 და 7 ივლისს, თარჯიმნის მონაწილეობით, შესაბამისი ხელმოწერებით, ოფიციალური ბეჭდით დამოწმებული ოქმები და ჰ. ო-ს განცხადებები (ოქმები და განცხადებები ხელმოწერილია ჰ. ო-ს მიერაც). მითითებული დოკუმენტების მიხედვით, დგინდება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისთვის ცნობილი იყო ორივე სასამართლო სხდომის თარიღი, მაგრამ მათზე დასწრებაზე უარს აცხადებდა. ამავე დროს, ხსენებული ოქმებისა და განცხადებების მიხედვით, ჰ. ო. აცხადებდა, რომ თანახმა იყო მისი ინტერესები დაეცვა ნდობით აღჭურვილ ადვოკატს, რომელსაც სრულად ენდობოდა.

32. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიმოიხილავს დაცვის მხარის მიერ 2026 წლის 27 ივლისს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობასა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების სამედიცინო პუნქტის (სამმართველო) სამმართველოს უფროსის (მთავარი ექიმი) ნანა მაღრაძის 2026 წლის 10 ივლისის წერილის ასლს, რომლითაც კასატორი ცდილობს დაასაბუთოს, რომ 2026 წლის 7 ივლისს ჰ. ო-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაში მის მონაწილეობას და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარის ამსახველი დოკუმენტების სარწმუნოობას.

33. მითითებული წერილით დგინდება შემდეგი: ბრალდებული ჰ. ო. იმყოფებოდა N8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებოდა მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, მას დადგენილი ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზიის და ეპილეფსიის დიაგნოზი და უწყვეტად მიეწოდებოდა მედიკამენტები შესაბამისი დოზებით; 2026 წლის 7 ივლისის ღამის საათებში მას აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა და სხეულის კანკალი, რის გამოც, მორიგე ექიმის მიერ, გაეწია სიმპტომური დახმარება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, აღნიშნული სიმპტომები მოეხსნა. ექიმის დამატებითი კონსულტაციის შედეგად, დანიშნულებას დაემატა ჰიპოტენზიური საშუალება ფიზიოტენზინი, ასევე მილდრონატი, დაიგეგმა ნევროლოგის კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ჩაუტარდა 09.07.2026 წელს. ნევროლოგის მიერ დაინიშნა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, დაისვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი კონვულსია, ეპილეფსია ანამნეზით; ბრალდებულს გაუგრძელდა დანიშნული მკურნალობა, ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე სახის გამწვავებას ადგილი აღარ ჰქონია.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სამედიცინო ინფორმაციის შემცველი წერილი, ადასტურებს 2026 წლის 7 ივლისის ღამის საათებში ჰ. ო-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით გაუარესებასა და მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევას. ამასთან, წერილის თანახმად, გაწეული დახმარების შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გამოვლენილი სიმპტომები მოეხსნა. ამავე დროს, წერილი არ შეიცავს მითითებას, რომ სასამართლო სხდომის დროისთვის ჰ. ო-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე ან ხანგრძლივი იყო, რომ მას არ შეეძლო სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაციის აღქმა, ადვოკატთან კომუნიკაცია ან სხდომაში მონაწილეობასთან დაკავშირებით თავისუფალი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება. წერილი არც იმას ადგენს, რომ მისი სასამართლოში წარდგენა სამედიცინო თვალსაზრისით დაუშვებელი იყო.

35. გარდა ამისა, არც წარმოდგენილი წერილითა და არც საქმის სხვა მასალებით არ დგინდება, რომ ჰ. ო-ს მიერ სხდომაზე დასწრებაზე უარის ამსახველი განცხადება, შედგა მისი ნების საწინააღმდეგოდ, მასზე ზეწოლის, იძულების, მოტყუების ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ბოროტად სარგებლობის შედეგად. ასევე არ არსებობს მონაცემი, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა, მას სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდეს.

36. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარისა და მის მიერ შერჩეული ადვოკატისადმი ნდობის შესახებ ჰ. ო-ს პოზიცია დაფიქსირებულია, როგორც 2026 წლის 7 ივლისს, ისე − 2026 წლის 2 ივლისს. ორივე შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტები შედგენილია თარჯიმნის მონაწილეობით, ხელმოწერილია ჰ. ო-ს მიერ და დამოწმებულია პენიტენციური დაწესებულების ოფიციალური ბეჭდით. სხვადასხვა დროს გამოვლენილი მისი თანმიმდევრული პოზიციაც ადასტურებს, რომ სხდომაზე დასწრებაზე უარი მის რეალურ და გაცნობიერებულ ნებას გამოხატავდა.

37. შესაბამისად, წარმოდგენილი სამედიცინო ინფორმაციის შემცველი წერილი არ ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ ჰ. ო-ს მიერ სხდომაზე დასწრებაზე გამოხატული უარი არ იყო თავისუფალი, ინფორმირებული და ერთმნიშვნელოვანი. იგი მხოლოდ ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით გაუარესებასა და სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთან, წერილის შინაარსი არ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ, სხდომაზე დასწრებაზე უარის ამსახველ ოფიციალურ დოკუმენტებს.

38. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, თითქოს ადვოკატს ჰ. ო-თან სათანადო კომუნიკაციის, მისი პირადი პოზიციის გაცნობისა და დაცვის სტრატეგიის შეთანხმების შესაძლებლობა არ ჰქონია. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაცვის მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა კანონით გათვალისწინებული სათანადო ვადის დაცვით. ამასთან, როგორც აღინიშნა, 2026 წლის 2 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო და საქმის განხილვა 2026 წლის 7 ივლისს დაინიშნა, რაც ადვოკატ ე. პ-სთვის ასევე ცნობილი იყო. შესაბამისად, ადვოკატს დამატებით ჰქონდა დრო ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებისა და დაცვის პოზიციის მოსამზადებლად.

39. გარდა ამისა, 2026 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა თავად დაადასტურა, რომ ჰ. ო-სთან უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა როგორც წინა, ისე − სასამართლო სხდომის დღეს. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ ადვოკატს გააჩნდა საკმარისი დრო და რეალური შესაძლებლობა, ჰ. ო-სთვის გაეწია შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია, გაცნობოდა მის პირად პოზიციას და მასთან შეთანხმებით, ჩამოეყალიბებინა დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ ადვოკატთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, არსებობდა ისეთი შეზღუდვა, რამაც ჰ. ო-ს დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებაზე რეალური გავლენა მოახდინა.

40. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ჰ. ო. სათანადოდ იყო ინფორმირებული 2026 წლის 2 და 7 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომების შესახებ და მათზე დასწრებაზე თარჯიმნის მონაწილეობით, წერილობით განაცხადა ნებაყოფლობითი უარი. საექსტრადიციო საქმისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული უარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ზეწოლის, იძულების ან სხვა გარემოების გამო, არ გამოხატავდა მის თავისუფალ, ინფორმირებულ და გაცნობიერებულ ნებას. ამავე დროს, 2026 წლის 7 ივლისის სხდომაზე მის ინტერესებს იცავდა მის მიერ შერჩეული ადვოკატი, რომელსაც მიეცა დაცვის მხარის პოზიციის, ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტების, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების სრულად წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, ჰ. ო-ს უშუალო მონაწილეობის გარეშე საკითხის განხილვით, მისი დაცვის უფლება არ შეზღუდულა, ხოლო აღნიშნული გარემოება, საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობას არ წარმოშობს.

41. საკასაციო სასამართლო ასევე ცალკე იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რის საფუძვლადაც, კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი ჰ. ო-ს უშუალო მონაწილეობის გარეშე განიხილა, მისი უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის დანიშვნის გზით უნდა უზრუნველყოს.

42. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პოზიციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

43. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისა და მიღებული განჩინების გასაჩივრების წესს. აღნიშნული მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამდენად, არც ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარს, სავალდებულო წესით ზეპირი მოსმენით უნდა იხილავდეს.

44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება არსებობს მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი სადავო ფაქტობრივი გარემოებების უშუალოდ გამოკვლევას, რომელთა სრულყოფილი შეფასება ზეპირი მოსმენის გარეშე შეუძლებელია, ან როდესაც მხარეთა ზეპირი განმარტებები აუცილებელია საქმისთვის არსებითი საკითხის გადასაწყვეტად. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის აუცილებლობა არ არსებობს, როდესაც მხარეთა პოზიციები წერილობით სრულად არის ჩამოყალიბებული და სასამართლოში წარმოდგენილი მასალები, ყველა არსებითი პრეტენზიის ამომწურავად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

45. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ დაყენებული საკითხების სრულყოფილად შეფასება ზეპირი მოსმენის ჩატარებას არ საჭიროებს. კასატორს არ მიუთითებია ისეთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დადგენაც, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა წერილობით ჩამოყალიბებული პოზიციების საფუძველზე, შეუძლებელია და რომლის გასარკვევადაც აუცილებელი იქნებოდა მხარეთა უშუალოდ მოსმენა. ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომას ჰ. ო. პირადად არ ესწრებოდა, ვერ იქნება საკასაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის დანიშვნის თვითკმარი საფუძველი, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, იგი ინფორმირებული იყო სხდომის შესახებ, საკუთარი სურვილით, წერილობით განაცხადა უარი მასში მონაწილეობაზე, ხოლო მისი პოზიცია სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს სრულად წარუდგინა მის მიერვე შერჩეულმა ადვოკატმა.

46. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ ჰ. ო-ს დაცვის უფლება საკასაციო ეტაპზეც სათანადოდ იყო უზრუნველყოფილი. კერძოდ, მის მიერ შერჩეულმა ადვოკატმა ისარგებლა საკასაციო გასაჩივრების წესით, წარმოადგინა საკასაციო და დაზუსტებული საკასაციო საჩივრები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეებს დამატებით მიეცათ დრო და შესაძლებლობა, რომ წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები, შუამდგომლობები, მტკიცებულებები და ყველა ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი არგუმენტი, რომელსაც მხარეები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. ამავდროულად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები, მოსაზრებები და მასალები საკასაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა და შეაფასა.

47. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალები საკმარისია დაცვის მხარის მიერ დაყენებული ყველა არსებითი საკითხის შესაფასებლად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, თავად განაცხადა უარი მასში მონაწილეობაზე, ხოლო მის ინტერესებს მის მიერვე შერჩეული ადვოკატი იცავდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე განხილვით, არ დარღვეულა ჰ. ო-ს დაცვისა და სასამართლოსთვის საკუთარი პოზიციის წარდგენის უფლება, ხოლო საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის საფუძველი − არ არსებობს.

48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 7 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ./ჰ. (H.) ო-ს (O.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე