დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 15.10.2009
საქმის ნომერი
ბს-1334-1276(კ-09)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1334-1276 (კ-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებაზე შპს “...” და სს “...” წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 07 მაისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ _ გ. ჩ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა: “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, ა. თ-შვილის შპს “...” სპეციალურ მმართველად დანიშვნის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 07 მაისის ¹7/1 გადაწყვეტილების დამტკიცება. სასამართლოს მიერ შუამდგომლობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 7 მაისის ¹7/1 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, უარის თქმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 07 მაისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის _ გ. ჩ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თ. კ-იანი გათავისუფლდა შპს “...” სპეციალური მმართველის თანამდებობიდან; დამტკიცდა შპს “...” სპეციალურ მმართველად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 7 მაისის ¹7/1 გადაწყვეტილება; სპეციალური მმართველად დანიშნულ იქნა ა. თ-შვილი სალიცენზიო პირობების უწყვეტად შესრულების ვადით, მაგრამ არაუადრეს 2010 წლის 1 მაისისა. ამავე განჩინებით განისაზღვრა როგორც სპეციალური მმართველის, ასევე ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები. განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში; მხარეებს განემარტათ, რომ კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებდა განჩინების აღსრულებას.

2009 წლის 4 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე _ გ. ჩ-შვილმა, რომლითაც ითხოვა “ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-14-21 პუნქტების საფუძველზე კომისიის 2009 წლის 4 ივნისის ¹9/1 გადაწყვეტილების დამტკიცება, რომლითაც “თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. შუამდგომლობის ავტორი ასევე ითხოვდა სასამართლოს მიერ შუამდგომლობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 ივნისის ¹9/1 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, უარის თქმას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე _ გ. ჩ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 ივნისის ¹9/1 გადაწყვეტილებით “თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 16 მარტის ¹3/1 გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ბ) სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავად განახორციელოს შპს “...” მართვა და წარმომადგენლობა. აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის ხარჯით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება ლიცენზირებად საქმიანობას. სასამართლომ განმარტა, რომ განჩინება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში; მხარეებს განემარტათ, რომ კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებდა განჩინების აღსრულებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინებაზე შპს “...” და ს/ს “...” მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო ან განსჯადი სასამართლოსადმი _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისადმი გადაცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ივლისის განჩინებით შპს “...” და სს “...” სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად, მიღებულ იქნა განსახილველად და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 17 ივლისს, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებით შპს “...” და ს/ს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინება. განიმარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ, სასამართლოში წარდგენილ იქნა “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონიის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობა (ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიხედვით) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, თაობაზე, რაც არანაირად არ უკავშირდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრულ განსჯადობას მოპასუხეთა ადგილმდებარეობის შესახებ.

შპს “...” და სს “...” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს შპს “...” და სს “...” წარმომადგენლებმა _ პ. კ-ძემ და კ. ბ-ძემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა, სასარჩელო წარმოების წესით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ანუ _ საკასაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო წესით სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის _ საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობა, ანუ ისეთი გადაწყვეტილება (განჩინება), რომელზეც სასამართლოს მიერ განიმარტა საკასაციო საჩივრის წარდგენა. ამდენად, თუ სახეზე არ არის ამგვარი გადაწყვეტილება (განჩინება), არ არსებობს არც საკასაციო საჩივრით გასაჩივრების ობიექტი და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, საკასაციო საჩივრის შეტანით გასაჩივრებას დაქვემდებარებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარი მთლიანად ეძღვნება კერძო საჩივარს. ამ კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარით (კერძო საჩივარი) გათვალისწინებული ნორმები. კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება კერძო საჩივრის, ან მით უმეტეს, საკასაციო საჩივრის შეტანით.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ საჩივრდება _ მასზე არ დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა და იგი არ საჩივრდება არც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან) ერთად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, ხსენებული განჩინებების გასაჩივრების დაუშვებლობის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, შპს “...” და სს “...” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებაზე შპს “...” და სს “...” წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი, უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” და სს “...” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის განჩინებაზე შპს “...” და სს “...” წარმომადგენლების _ პ. კ-ძისა და კ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.