დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 15.10.2009
საქმის ნომერი
ბს-1329-1271(კს-09)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1329-1271(კს-09) 15 ოქტომბერი, 2009წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჯ. და ი. დ-ძეების კერძო საჩივრის განუხილველად დოტოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდა ჯ. დ-ძის, ი. დ-ძის, ვ. ზ-ძისა და ვ. ზ-ძის შუამდგომლობების საფუძველზე.

ჯ. და ი. დ-ძეებს ზემომითითებული განჩინება ჩაჰბარდათ 2009 წლის 1 აპრილს და კერძო საჩივრით გაასაჩივრეს 5 აგვისტოს. ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12-დღიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მათთვის ამოიწურა 2009 წლის 13 აპრილს (ორშაბათი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. და ი. დ-ძეებმა დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა, აღნიშნული მუხლის ნორმის თანახმად კი, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად _ კანონის ანალოგიით, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. და ი. დ-ძეების კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ჯ. და ი. დ-ძეების კერძო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჟ. დ-ძე-დ-ძემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი, ხოლო კერძო საჩივარი განუხილველი რჩება, ჟ. დ-ძე-დ-ძეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ჯ. და ი. დ-ძეების კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებაზე.

2. ჟ. დ-ძე-დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.