დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 28.10.2004
საქმის ნომერი
ბს-608-526-კ-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-608-526-კ-04 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),ნ. კლარჯეიშვილი,ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: რეპრესირებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. და ა. ქ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ისანი-სამგორის რაიონული ფილიალის მიმართ და აღნიშნეს, რომ 1937 წელს დააპატიმრეს მათი მშობელი _ კ. ქ-ე, იგი გასამართლებულ იქნა შინსახკომთან არსებული სამეულის მიერ. სისხლის სამართლის კოდექსის 5810, 5811 მუხლების საფუძველზე კ. ქ-ეს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1947 წელს პატიმრობიდან დაბრუნებულს მას აეკრძალა ქ. თბილისში ცხოვრება და ჩასახლებულ იქნა საგარეჯოს რაიონში. 05.11.95წ. განჩინებით კ. ქ-ე რეაბილიტირებულ იქნა და “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონის თანახმად დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ დაბადებული არიან საგარეჯოში, სადაც მამა იყო იძულებით ჩასახლებული, 1955წ. 5 ნოემბრამდე, რის გამო “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ითხოვეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობა. მოსარჩელეებმა ითხოვეს აგრეთვე უკანასკნელი 6წ. კუთვნილი კომპენსაციის სრულად ანაზღაურება.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 15.12.03წ. გადაწყვეტილებით მ. და ა. ქარუმიზეების სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 31.03.04წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. და ა. ქ-ების სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ დასტურდება კ. ქ-ის გადასახლებაში, გასახლებაში ან სპეციალური დასახლების ადგილას ყოფნა, მოსარჩელეების მამის გადასახლების, გასახლების ან სპეციალური დასახლების ადგილას დაბადება, რის გამო არ არსებობს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მათი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების კანონიერი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს 31.03.04წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. და ა. ქ-ების მიერ. კასატორები ითეხოვენ რეპრესიის მსხვერპლად ცნობას, კ. ქ-ის იძულებით ჩასახლებულად აღიარებას, ვინაიდან კასატორები დაიბადნენ მამის რეაბილიტაციამდე, კერძოდ მ. ქ-ე არის ....წ. ხოლო ა. ქ-ე ....წ. დაბადებული. კასატორები აღნიშნავდნენ, რომ კ. ქ-ე 1937 წელს გასამართლდა შინსახკომთან არსებული სამეულის მიერ სკ-ის 5810, 5811 მუხლების საფუძველზე და მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სსრ კავშირის შორეულ ადგილებში შრომა-გასწორების ბანაკში მოხდით, ქონების ნაწილობრივი კონფისკაციით, 5 წლით ხმის უფლების ჩამორთლევით, პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან გასახლებით. აღნიშნულს ადასტურებს სსრ კავშირის შს სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, სადაც საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. გურჯაანი. სკ-ის 5810 და 5811 მუხლები, რომლითაც გასამართლდა კ. ქ-ე, სოცდაცვის ღონისძიებების სახით, ითვალისწინებდა სასჯელის მოხდის შემდგომ საცხოვრებელი ადგილიდან განდევნას, გასახლებას, სხაგან ჩასახლებას და ა. შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონის საფუძველზე რეპრესიების მსხვერპლად ცნობას, კანონის ძალაში შესვლიდან კუთვნილი თანხის ანაზღაურებას.

მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი საკასაციო საჩივარზე არ წარუდგენია. საქმის განხილვისას კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილედა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარის საფუძვლები არ ცნო და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ....წ. დაბადებული კ. ქ-ე საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სანმეულის 14.12.37წ. გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 5810 და 5811 მუხლების საფუძველზე, მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ქ-ე 01.07.47წ. გათავისუფლდა პატიმრობიდან. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 03.11.55წ. განჩინებით იგი რეაბილიტირებულ იქნა. კასატორი _ მ. ქ-ე დაბადებულია ...წ., ხოლო ა. ქ-ე 04.02.52წ., კასატორების დაბადების ადგილი არის სოფ. ხაშმი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება კ. ქ-ის გადასახლებაში, გასახლებაში ან სპეციალური დასახლების ადგინას ყოფნის, შესაბამისად კასატორების მშობლის გადასახლების, გასახლების ან სპეციალური დასახლების ადგილას დაბადების დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში დაცული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისროს შრომა-გასწორების ბანაკის 01.07,47წ. ¹13263/84 ცნობა არ ადასტურებს კ. ქ-ის პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ გასახლებაში ყოფნას, ცნობის თანახმად კ. ქ-ე სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ საერთო საფუძველზე იქნა გათავისუფლებული და გაემგზავრა არჩეულ საცხოვრებელ ადგილას ქ. გურჯაანში. ცნობა არ შეიცავს რაიმე მითითებას კ. ქ-ის მიმართ იმჟამად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ე.წ. სოციალური დაცვის ღონიძიების სახით ქვეყნის რომელიმე ადგილიდან განდევნის, ამა თუ იმ ადგილას დასახლების, ამა თუ იმ ადგილას ცხოვრების აკრძალვის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 16.09.03წ. ცნობის თანახმად კ. ქ-ეს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 14.12.37წ. გადაწყვეტილებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, პეტიმრობიდან 01.07.47 წ. გათავისუფლდა. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 03.11.55წ. განჩინების ტექსტის მიხედვით საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 14.12.37წ. გადაწყვეტილებით კ. ქ-ე. ახალციხის მექსნიკურ-სატრაქტორო სადგურის მექანიკოსი მსჯავრდებულ იქნა 10 წლის ვადით, შრომა-გასწორების ბანაკში სასჯელის მოხდით. “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქ. გურჯაანი წარმოადგენდა კ. ქ-ის იძულებით საცხოვრებელ ადგილს. ამასთანავე, კასატორები დაბადებული არიან საგარეჯოს რაიონის სოფ. .... სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, კასატორებს არ წარმოუყენებიათ ამ მიმართულებით დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კასატორებს არც პირველ და არც სააპელაციო სასამართლო ინსტანციებში არ დაუსვიათ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოთხოვიოს შესახებ. სააპელაციო საჩივარში აპელანტები ითხოვდენ მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე კ. ქ-ის იძულებით ჩასახლებულად ცნობას და მათი იძულებითი ჩასახლების ადგილას დაბადების და ცხოვრების გამო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობას, მოპასუხეებისთვის უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში მიუღებელი თანხის კომპენსაციას. ამდენად, არ არსებობს კასატორების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძვალი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაიული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. და ა. ქ-ების საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადოსაქმეთა პალატის 31.03.04წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივდება.