გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 11.06.2007
საქმის ნომერი
2კ-627აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2007

გადაწყვეტილების ტექსტი

627-აპ 11 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ ი. ბ-ის

მსჯავრდებულ _ თ. რ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. რ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც თ. რ-ვა ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აპრილის განაჩენით თ. რ-ას, საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-66-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა 5924, 85 ლარის გადახდა დაზარალებულ ლ. მ-ის სასარგებლოდ.

განაჩენით თ. რ-ას მსჯავრი დაედო შემდეგისათვის:

1998 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათისათვის, ქ. თბილისში, ---ას გამზ. ¹6, ბინა ¹17-ში მდებარე ინდივიდუალური საწარმო „---ის“ კუთვნილ აფთიაქ „---ს“ წინ, ქუჩაში, თ. რ-ას შეკამათება მოუხდა კ. მ-თან, მის მეუღლესა და სიდედრთან, რათა კ. მ-ნს არ გაეჭრა სახლის მზიდი კედელი, რა დროსაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თ. რ-ას სიწყნარისა და წესრიგისაკენ მოუწოდებდნენ როგორც ჟ. ხ-ლი და ლ. მ-ნი, ასევე იმ დროს იქ მყოფი, შემთხვევით გამვლელი მოქალაქეები და იქაური მეზობლები, რა დროსაც უხეშად ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი. მისი მოქმედება აშკარად გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით. თ. რ-ვა აგრძელებდა თავის ხულიგნურ მოქმედებას, რა დროსაც შევიდა იქვე მდებარე ი. ჩ-ის აფთიაქში, საიდანაც გამოიტანა თავისი შავტარიანი რკინის უთო, მივიდა ლ. მ-თან და ორჯერ ჩაარტყა თავში, კეფის მარცხენა ნაწილში, მესამეჯერ კი _ მარცხენა მხარში, რითაც მას განზრახ მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის საშიში, მაგრამ რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, რაც დაკავშირებულია შრომის უნარის მყარ დაკარგვასთან ერთ მესამედზე ნაკლებად. მისი ეს ხულიგნური მოქმედება გრძელდებოდა 10-15 წუთის განმავლობაში და აღკვეთილ იქნა ჟ. ხ-ის მიერ გამოძახებული საბურთალოს რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის მუშაკების მიერ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. სააპელაციო საჩივარში აპელანტი ითხოვს თ. რ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და „სამოქალაქო სახდელისაგან“ მის გათავისუფლებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აპრილის განაჩენი თამარ როგავას მიმართ დარჩა უცვლელად.

საოლქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. კ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ითხოვა აღნიშნული განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა თ. რ-ამ აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, დადგენილია დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან მას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, არც უთო ჰქონია და არ ჩაურტყამს იგი ლ. მ-სათვის. მან მხოლოდ სარდაფში მზიდი კედლების გაჭრაზე მისცა შენიშვნა დაზარალებულ კ. მ-ნს. მას რომ უთო არ ჰქონია, დადგენილია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. შემთხვევის ადგილიდან არც პოლიციის თანამშრომლებს ამოუღიათ დანაშაულის ჩადენის საგანი _ უთო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ლ. მ-ნს მიღებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რასაც სჭირდება 2 კვირის მკურნალობა, რის გამოც მისი სამსახურიდან გათავისუფლება შეუძლებელი იყო.

სიმართლეს არ შეესაბამება ასევე დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ცნობა მკურნალობის ხარჯებისა და მედიკამენტების ღირებულების შესახებ, რადგან 2006 წლის 13 მაისს თბილისის ¹-- კლინიკური საავადმყოფოდან (სადაც ლ. მ-ნი მკურნალობდა) გაცემული ცნობის თანახმად, დაზარალებულის მკურნალობაზე დაიხარჯა 90,86 ლარის მედიკამენტები, მკურნალობის ღირებულებამ კი მთლიანად შეადგინა 287,71 ლარი და არა _ 2994,85 ლარი, რასაც უთითებს შპს „---“.

ყალბია ასევე შპს „---ის” მიერ გაცემული ცნობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რადგან ---ის სააგენტოს მიერ 2006 წლის 9 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ზემოაღნიშნული აფთიაქი ლიცენზირებული არ არის, გაყალბებულია აფთიაქის ტიტულოვანი ფურცელი საიდანაც ჩანს, რომ რიცხვი A„--“ გადაკეთებულია „--“-ად და ცნობა გაცემულია 2000 წლის 3 თებერვალს და არა _ 2001 წლის 3 თებერვალს. ამდენად, სასამართლოს მიერ თ. რ-სათვის ანაცდენი სარგებლის _ 2500 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა თ. რ-ამ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ი. ბ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი თ. რ-ას მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი თ. რ-ას მიმართ უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, არავითარ ეჭვს არ იწვევს და მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

საოლქო სასამართლომ, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. რ-ას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში დაუსაბუთებელია, კერძოდ:

წინააღმდეგობაა თბილისის ¹-- კლინიკური საავადმყოფოდან (სადაც ლ. მ-ნი მკურნალობდა) საქმეში არსებულ და მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილ ცნობებს შორის. საქმეში არსებული ცნობის თანახმად, დაზარალებულ ლ. მ-ის მკურნალობაზე გახარჯულ იქნა 1130 ლარი, ხოლო მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად - 183,15 ლარი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2005 წლის 10 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაზარალებულმა ლ. მ-მა მიიღო სხეულის მსუბუქი და არა ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე დაზარალებულის მიერ მკურნალობისას მითითებული პრეპარატების რაოდენობა გადაჭარბებულია. დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ცნობით, მან მედიკამენტებში დახარჯა 2994,85 ლარი, ხოლო მსჯავრდებულის მიერ ¹-- კლინიკური საავადმყოფოდან წარმოდგენილი ცნობის თანახმად, დაზარალებულის მკურნალობაზე დაიხარჯა სულ 90,86 ლარის ღირებულების მედიკამენტი.

პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვისას, ზიანის განსაზღვრის დროს, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და ზუსტად დაადგინოს დაზარალებულ ლ. მ-ის მკურნალობისა და შეძენილ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები. რაც შეეხება ანაცდური სარგებლის სახით თ. რ-სათვის 2500 ლარის დაკისრებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. რ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.