შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
205აპ. ქ. თბილისი
12 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ქ-ასა და ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენზე.
@
აღწერილობითი ნაწილი:
ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის განაჩენით:
1. ლ. ჩ-ნი,2. მ. ქ-ია,3. მ. ს-ვა, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ. ჩ-ნი 2004 წლის 17 იანვარს გაასამართლა ხობის რაიონულმა სასამართლომ და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლდა პირობით ვადაზე 1 წლით, 2 თვითა და 28 დღით ადრე.
2004 წლის 30 აგვისტოს ლ. ჩ-ნი, მ. ქ-ია, მ. ს-ვა და სხვა პირი დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, მოეხდინათ ყაჩაღური თავდასხმა თბილისიდან ---საკენ მოძრავ, ნებისმიერ სამგზავრო სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებზე და დაუფლებოდნენ მათ მატერიალურ ფასეულობას. ამისათვის მ. ქ-ია, სხვა პირთან ერთად, 2004 წლის 30 აგვისტოს, მატარებლით გაემგზავრა ქ. თბილისში. 1 სექტემბერს, დილით, ისინი გავიდნენ ქ. თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაემგზავრნენ ქ. ფოთში მიმავალი „ფორდის” მარკის მიკროავტობუსით, რომელსაც მართავდა ჰ. კ-ია.
შეთანხმებისამებრ, მ. ს-ვა თავისი კუთვნილი „გაზ-21” მარკის ავტომანქანით მათ უნდა შეხვედროდა ხობის რაიონის სოფელ ---ს გადასახვევთან. მ. ქ-ია და სხვა პირი შეიარაღებულები იყვნენ საფანტის სასროლი პისტოლეტებით. დაახლოებით 19 საათზე მიკროავტობუსი მიუახლოვდა წინასწარ დათქმულ ადგილს, სადაც მათ ელოდებოდათ ლ. ჩ-ნი და მ. ს-ვა. მ. ქ-ამ და მისმა თანხმლებმა გზის პირას შეამჩნიეს ლ. ჩ-ნი და მ. ს-ვა მანქანით და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით აიძულეს მძღოლი _ ჰ. კ-ია, გაეჩერებინა ავტომანქანა. მძღოლი გადასვეს გვერდზე და საჭეს მიუჯდა მ. ქ-ია. მიკროავტობუსში ჩაჯდა სახეზე ნიღაბაფარებული ლ. ჩ-იც, რომელიც შეიარაღებულ იყო დაუდგენელი პისტოლეტით. ბოროტმოქმედებმა მანქანა მგზავრებიანად გადაიყვანეს თბილისი-სენაკი-სარფის გზის მე-- კილომეტრზე, მარცხნივ, ---ს გადასახვევისაკენ. მათ ავტომანქანით გაჰყვა მ. ს-ვაც. დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის შემდეგ თავდამსხმელებმა მანქანა გააჩერეს და იარაღის გამოყენების მუქარით მძღოლსა და მიკროავტობუსში მყოფ მგზავრებს წაართვეს ფული და სხვადასხვა ნივთები, კერძოდ: მძღოლ ჰ. კ-ას წაართვეს ა. მ-სათვის გადასაცემი, 400 ლარად ღირებული „ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი და რ. გ-სათვის გადასაცემი 100 აშშ დოლარი. სულ ჰ. კ-ას მიაყენეს 1 087.50 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. მგზავრ მ. ჩ-ეს წაართვეს 231 ლარის ღირებულების ნივთები, ლ. დ-ის _ 1338.63 ლარის, თ. ღ-ასა და მ. ქ-ას _ 1030 ლარის, მ. დ-ას _ 190 ლარის ღირებულების. მათვე გაიტაცეს „---ის” მიერ ქ. ზუგდიდში თავისი ფილიალისათვის გაგზავნილი სხვადასხვა დასახელების, 831.99 ლარის ღირებულების ნივთები, აგრეთვე შპს „---”-დან ქ. ფოთის ფილიალში გაგზავნილი, 2256.62 ლარის ღირებულების მედიკამენტები და შპს „---დან” ქ. ფოთის შპს A„---ში” გაგზავნილი, 779.37 ლარის მედიკამენტები. ბოროტმოქმედებმა სულ გაიტაცეს 7745.11 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა და 22 ლარი.
ყაჩაღებმა იმ მგზავრებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ, ე.წ. ,,სკოჩით" შეუკრეს ხელები, გატაცებული ნივთები ჩააწყვეს მანქანაში. მ. ქ-ია, მ. ს-ვა და სხვა პირი წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან, ხოლო მგზავრებთან მეთვალყურედ დარჩა ლ. ჩ-ნი, რომელსაც მ. ს-ვამ დაუტოვა თავისი ველოსიპედი, რითიც იგი უნდა წასულიყო ---ის ტერიტორიაზე. დათქმულ ადგილზე თავდამსხმელები შეხვდნენ ერთმანეთს და გაემგზავრნენ ქ. ზუგდიდში, სადაც გატაცებული ნივთები ურთიერთშორის გაინაწილეს.
აღნიშნული დანაშაულისათვის ლ. ჩ-ნს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 2 თვისა და 28 დღის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მ. ქ-ას მიესაჯა 6 წლით, ხოლო მ. ს-ას _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2004 წლის 3 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ლ. ჩ-მა, მ. ქ-ამ და მათმა ადვოკატმა ლ. ხ-ამ, აგრეთვე მსჯავრდებულმა მ. ს-ვამ.
მსჯავრდებული ლ. ჩ-ნი და მისი ადვოკატი ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. მსჯავრდებული მ. ქ-ია და მისი ადვოკატი ითხოვდნენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. ქ-ას ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 178-ე მუხლით და სასჯელის შემსუბუქებას. მ. ს-ვა საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად. იგი მიუთითებდა, რომ ყაჩაღობა არ ჩაუდენია, შემთხვევის ადგილზე მივიდა მ. ქ-ას თხოვნით და დაეხმარა მანქანიდან ნივთების გადმოტანაში.
საქმის განხილვისას მ. ს-ვა გარდაიცვალა და მის მიმართ შეწყდა სააპელაციო საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. ქ-ია საკასაციო საჩივრით სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თავისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას ანდობს სასამართლოს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: მ. ქ-ას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი; მამა გარდაეცვალა ადრეულ ასაკში; მის კმაყოფაზე არიან მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და მე-2 ჯგუფის ინვალიდი დედა, რომელიც საჭიროებს სისტემატურ მკურნალობას; პირველადაა სამართალში და ხასიათდება დადებითად.
მსჯავრდებული ლ. ჩ-ნი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტას, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეებისა და დაზარალებულების მიერ სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები და იხელმძღვანელა მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით; ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული თმის ნიმუში არ ემთხვეოდა ლ. ჩ-საგან აღებულ თმის ნიმუშს; რეალურად იგი დააკავეს 2004 წლის 2 და არა 3 სექტემბერს, რაც მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებებითაც დადასტურდა; თავდასხმის დღეს ის იმყოფებოდა ზუგდიდის ---ის სამსახურში, ჰქონდა უტყუარი ალიბი, ამიტომ ვერანაირად ვერ იქნებოდა თავდასხმის მონაწილე, რადგან შემთხვევის ადგილი ზუგდიდიდან დაახლოებით 50 კილომეტრითაა დაშორებული; სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ ლ. ჩ-ნი დაავადებულია ტუბერკულოზით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, კერძოდ:
წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულმა თ. ღ-ამ განმარტა, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში, სხვა პირთან ერთად, მონაწილეობდნენ მ. ქ-ია და ლ. ჩ-ნი. ამ უკანასკნელს სახეზე ქალის წინდა ჰქონდა ჩამოფარებული, მაგრამ ხმითა და აღნაგობით იცნო, რადგან 2-3 წლით ადრე იმყოფებოდა იმ ოპერატიულ ჯგუფში, რომელმაც ლ. ჩ-ნი დააკავა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულის შუამდგომლობით, გამოქვეყნდა თ. ღ-ას მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომლის სისწორეც ამ უკანასკნელმა დაადასტურა (ტ. 1, ს.ფ. 218-222; ტ. 2, ს.ფ. 436-441).
პალატა აღნიშნავს, რომ თ. ღ-ია წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაიკითხა 2004 წლის 6 სექტემბერს და არა ეჭვმიტანილთა დაკავებიდან 25 დღის შემდეგ, როგორც ამას უსაფუძვლოდ უთითებს მსჯავრდებული ლ. ჩ-ნი თავის საჩივარში. გარდა ამისა, ლ. ჩ-მა სააპელაციო პალატის სხდომაზე განმარტა, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში, ---ის ბიუროში გამოცხადდა დაახლოებით 13 საათზე (ტ. 3, ს.ფ. 326). საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდასხმა განხორციელდა 19 საათზე. ამდენად, უსაფუძვლოა ლ. ჩ-ის მითითება იმის შესახებ, რომ ---ის სამსახურში ყოფნის გამო ვერანაირად ვერ შეძლებდა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ჰ. კ-ამ განმარტა, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს მართავდა ,,ფორდ-ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსს და ქ. ფოთის მიმართულებით გადაჰყავდა მგზავრები. ხობის რაიონის სოფელ ---თან იდგა ,,გაზ-21" მარკის ავტომანქანა, რომელთან მიახლოებისას მძღოლის უკან მჯდომმა მგზავრმა ჰ. კ-ას თავზე მიადო პისტოლეტი, კისერზე ხელი მოუჭირა და აიძულა, გაეჩერებინა ავტომანქანა. ამ დროს მიკროავტობუსში ავიდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც სახეზე აფარებული ჰქონდა ქალის წინდა და შეიარაღებული იყო პისტოლეტით. ავტომანქანა ცენტრალური საავტომობილო გზიდან გადაიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, მგზავრებს ე.წ. ,,სკოჩით" შეუკრეს ხელები და წაართვეს ფული და სხვადასხვა ნივთები. ჰ. კ-ას გასტაცეს ,,სამსუნგის" მარკის მობილური ტელეფონი, 100 დოლარიანი კუპიურა, რომელიც გადასაცემად გამოატანეს ქ. ---დან, ავტომანქანის აკუმულატორი, მაგნიტოფონი და სათადარიგო საბურავი. ამავე ჩვენებაში დაზარალებულმა მიუთითა, რომ შესაძლო გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის იწერს გადასაცემად წამოღებული კუპიურის ნომერს და როდესაც წინასწარი გამოძიებისას წარუდგინეს 100 დოლარიანი კუპიურა, იგი ნომრით ამოიცნო (ტ. 3, ს.ფ. 314-316).
2004 წლის 3 სექტემბრის ოქმის შესაბამისად, დამსწრეთა მონაწილებით ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ლ. ჩ-ნს აღმოაჩნდა 100 დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწრეს დამსწრეებმა და ლ. ჩ-მა, რომელსაც გადაეცა ოქმის ასლიც (ტ. 1, ს.ფ. 71).
იმავე დღეს შედგენილი ცნობის მიხედვით, ზემოაღნიშნული კუპიურისა და დაზარალებულ ჰ. კ-ას მიერ დაკითხვისას მითითებული კუპიურის ნომერი ერთი და იგივეა. აღნიშნული თანხა დაუბრუნდა დაზარალებულს (ტ. 1, ს.ფ. 152-154).
2004 წლის 3 სექტემბერს, დამსწრეთა მონაწილეობით გაიჩხრიკა ლ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლიც, საიდანაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები და აკუმულატორი (ტ. 1, ს.ფ. 111-112).
დაზარალებულმა ჰ. კ-ამ ამოიცნო ლ. ჩ-სა და მ. ქ-ას საცხოვრებელი სახლებიდან, ასევე _ მ. ს-ას კუთვნილი ,,გაზ-21" მარკის ავტომანქანიდან ამოღებული აკუმულატორი, სათადარიგო საბურავი, ,,სამსუნგის" მარკის მობილური ტელეფონის აპარატი და მაგნიტოფონი (ტ. 1, ს.ფ. 242-243; 250-253).
წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულმა ჰ. კ-ამ წარადგინა შპს ,,--"-სა და ,,---"-ს სასაქონლო ზედნადებები, რომლითაც გადაჰქონდა მედიკამენტები (ტ. 1, ს.ფ. 6-21).
წინასწარი გამოძიებისას შპს ,,---"-ს, ,,---"-სა და ,,---"-ს წარმოემადგენლების _ შ. კ-ას, გ. გ-სა და ა. ჟ-ას მონაწილეობით დათვალიერდა მ. ქ-სა და ლ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული ნივთები, მათ შორის მედიკამენტები. სასაქონლო ზედნადებების მიხედვით დაზუსტდა მათი კუთვნილება და დაუბრუნდა აღნიშნულ პირებს (ტ. 1, ს.ფ. 231-241).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, ზემოაღნიშნული და სხვა მასალები სათანადოდაა გამოკვლეული და სწორადაა შეფასებული, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, მსჯავრდებულებს განესაზღვრათ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, იგი სამართლიანია და მ. ქ-სა და ლ. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ მ. ქ-სა და ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ: მ. ქ-სა და ლ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი ნივთმტკიცებათა განკარგვის ნაწილში, ასევე მ. ქ-სა და ლ. ჩ-სათვის დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.