შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
541აპ ქ. თბილისი
17 იანვარი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ნ. ნ-ის,ადვოკატ _ ზ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ო-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენით ი. ო-ა, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი. ო-ამ დაუდგენელი პირისაგან, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა „ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2005 წლის 11 აპრილს, ქ. თბილისში, ---ის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. ო-ა დააკავეს პოლიციელებმა და მას პირადი ჩხრეკისას პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა ხელყუმბარა.
აღნიშნული დანაშაულისათვის ი. ო-ას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 11 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ო-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება, შემდეგი მოტივებით:
ი. ო-ა დააკავეს ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვისა და ყაჩაღობისათვის, თუმცა დაზარალებულმა იგი ვერ ამოიცნო, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით პოლიციელებმა მას ჯიბეში ჩაუდეს ხელყუმბარა; ი. ო-ა დააკავეს მოსკოვის გამზირზე და მისი დაკავების შემსწრე პირები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ი. ო-ა პირქვე დააწვინეს სადალაქოს იატაკზე, შემდეგ კი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით; მოსამართლემ არ გააანალიზა ეს ჩვენებები და განაჩენში არც კი მოიხსენია; მოსამართლემ ვერც ის დაადგინა, რომელ ჯიბეში აღმოუჩინეს ხელყუმბარა ი. ო-ას.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს ი. ო-ამ უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა, არ აღიარა დანაშაული, თუმცა მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი. ო-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ი. ო-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება; იგი სილამაზის სალონში დააკავეს იარაღმომარჯვებულმა უცნობებმა (როგორც შემდეგ გაარკვია _ პოლიციის თანამშრომლებმა), ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით; ქუჩაში მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ისევ დააბრუნეს იმ სილამაზის სალონთან, სადაც დააკავეს, გადმოიყვანეს მანქანიდან, დააგდეს მიწაზე, გადაუგრიხეს ხელები და დაიწყეს ყვირილი, ვითომ ჯიბეში აღმოუჩინეს ხელყუმბარა, რომელიც ერთ-ერთ თანამშრომელს ეჭირა ხელში, რის შემდეგაც წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში; იმ ფაქტს, რომ ი. ო-ას არაფერი ჰქონია, ადასტურებენ ს-ის ს-ში მყოფი პირები და კორპუსში მცხოვრებნი; ი. ო-ას ეცვა სპორტული შარვალი და ქურთუკი, რომლის ჯიბეებში ხელყუმბარის შენახვა შეუძლებელი იყო; ხელყუმბარა ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, რადგან სხვა პიროვნებაში შეეშალათ.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მან სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, მაგრამ სააპელაციო პალატამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ი. ო-ა ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და პატიმრობიდან განთავისუფლებას.
გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოში შემოსულია ი. ო-ას განცხადება, რომელშიც იგი აღიარებს ხელყუმბარის შეძენასა და ტარებას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან ჩადენილი დანაშაული იმიტომ არ აღიარა, რომ თავისი ადვოკატი კატეგორიულად აფრთხილებდა, არ ეღიარებინა.
მსჯავრდებულის განმარტებით, ამოღებული ხელყუმბარა მან შეიძინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ---თან ს-ო ძალების რუსი ჯარისკაცისაგან ერთი ლიტრი არყის სანაცვლოდ. ხელყუმბარის ყიდვა იყო მისი გულუბრყვილო და გაუაზრებელი ქმედება. დაკავების დღეს, ანუ 2005 წლის 11 აპრილს, მას სურდა ამ ხელყუმბარის თავისი რაიონის პოლიციისათვის ჩაბარება და ამის გამო ჩაიდო ჯიბეში; თავის მოსაწესრიგებლად შევიდა ს-ის ს-ში, სადაც დააკავეს პოლიციელებმა.
ი. ო-ა აღნიშნავს, რომ მას მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე მეტი; ამ ხნის განმავლობაში შეერყა ჯანმრთელობა, ციხეში მომხდარი ამბოხის დროს ფეხში მოხვდა ,,ბრმა" ტყვია; ამჟამად მოთავსებულია ქსნის დაწესებულებაში ფილტვების მძიმე დაავადებით; ჰყავს 18 წლის მეუღლე და ჯერ უნახავი 10 თვის შვილი; თვითონ 25 წლისაა, მოხდილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და სთხოვს სასამართლოს, აკმაროს მოხდილი სასჯელი და დააბრუნოს ოჯახში.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ბ-ემ მხარი დაუჭირა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზუსტებულ საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფლების შესახებ იმ მოტივით, რომ ი. ო-სთვის დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მკაცრია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა იშუამდგომლა სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით და ამ ქმედებისათვის ი. ო-ას განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი. პროკურორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
ი. ო-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის მოწმეების _ ს. მ-ის, რ. ა-სა და გ. კ-ის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო პალატამ სათანადოდ გამოიკვლია და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა.
რაც შეეხება ი. ო-ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლოა, რის გამოც უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის _ ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს სამართლიანიც, რაც იმას გულისხმობს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 565-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლოა.
მსჯავრდებულ ი. ო-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს და მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ო-ას წარსული არაფრითაა შებღალული, მას ჰყავს მეუღლე და შვილი, სამხედრო ნაწილიდან და საცხოვრებელი ადგილიდან ხასიათდება დადებითად. გარდა ამისა, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ო-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ი. ო-ას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.