განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გადაწყვეტილების ტექსტი
659აპ. ქ. თბილისი
2 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ი. ბ-ის,მსჯავრდებულ _ შ. ქ-ის,დაზარალებულ _ ნ. ლ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის განაჩენით შ. ქ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის 8 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა ნ. ლ-მა შ. ქ-გან ისესხა 1 270 ლარი. თანხის ნაწილი ნ. ლ-მა დაუბრუნა შ. ქ-ლს 2003 წლის მაისში, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, შ. ქ-ლს არ დაუბრუნდა.
2004 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ---ში, გაჩერებაზე შ. ქ-ლი შეხვდა ნ. ლ-ჩს და მოსთხოვა თანხის სრულად დაბრუნება, მაგრამ უარი მიიღო. მსჯავრდებულმა, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ნ. ლ-ჩს წაართვა ხელჩანთა და მასში არსებული ნივთები, რომელიც წაიღო და მხოლოდ გასესხებული თანხის გადახდის შემთხვევაში აპირებდა მის დაბრუნებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ შ. ქ-ის ამ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან დაზარალებული ვეღარ წავიდა ქ. ---ში და ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლო თავისი პასპორტის გამოყენება.
შ. ქ-ლს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მოითხოვა გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განაჩენით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული შ. ქ-ლი მიუთითებს, რომ დაზარალებულს არანაირი ზარალი არ განუცდია, რაც თავადვე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შ. ქ-ლს არ ჰქონია თვითნებობის განზრახვა და მის ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა შ. ქ-მა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ იმ მოტივით, რომ მის ქმედებას რაიმე ზიანი არ მოჰყოლია და დანაშაული არ ჩაუდენია.
დაზარალებულმა ნ. ლ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ შ. ქ-ის ქმედების შედეგად ვერ გამოიყენა თავისი პასპორტი და ვერ გაემგზავრა ქ. ---ში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა იშუამდგომლა სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი და სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სათანადოდ შეაფასა. პროკურორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ თავის განაჩენში მიუთითა, რომ ,,რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება" (ს.ფ. 178-179).
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაზარალებული ნ. ლ-ჩი თავის არცერთ ჩვენებაში არ მიუთითებს, რომ შ. ქ-ის ქმედების შედეგად ვერ გამოიყენა პასპორტი და, შესაბამისად, ეს არც საბრალდებო დასკვნაში აისახა. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ გარემოებაზე მიუთითა თავისი გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის შემადგენლობის ერთერთი აუცილებელი ნიშნის _ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის დასადასტურებლად (ს.ფ. 94).
ამით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 450-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო გასცდა ბრალდების ფარგლებს, ვინაიდან საბრალდებო დასკვნით შ. ქ-მა ნ. ლ-ჩს ,,წაართვა ხელჩანთა და მასში არსებული ნივთები, რომელთა საერთო ღირებულებაა 50 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დამტკიცდა საქმის სასამართლო განხილვის დროს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას არსად დაფიქსირებულა, რომ დაზარალებულმა ვერ გამოიყენა თავისი პასპორტი და ამან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პირიქით, გორის რაიონულ სასამართლოში დაკითხვისას ნ. ლ-მა განმარტა, რომ შ. ქ-ის ქმედების შედეგად ზიანი არ მისდგომია და არაფერს ითხოვს ჩანთისა და 11 ლარის გარდა (ს.ფ. 66).
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავადაც კი, სააპელაციო პალატის დასკვნა შ. ქ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ამოღების ოქმის შესაბამისად, ნ. ლ-ის ხელჩანთა შავი ტყავისაა და მასში მოთავსებულია: ,,შავი, პატარა ჩანთა, სავარცხელი, ორი პარფიუმერია, კალამი, ფრჩხილების ქლიბი, ხელის სასწორი, ასანთი და ნ. ლ-ის პასპორტი, რომელშიც დევს 9 ლარი" (ს.ფ. 20). ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პასპორტი იყო საბჭოური, ,,ძველი რუსული" (ს.ფ. 9).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია არა ზოგადად ზიანის, არამედ მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამრიგად, შ. ქ-ლს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, მის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განაჩენი შ. ქ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.
შ. ქ-ლს უფლება აქვს მოითხოვოს უკანონო ბრალდებასა და მსჯავრდებასთან დაკავშირებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურება.
შ. ქ-ლს განემარტოს, რომ 6 თვის ვადაში მას უფლება აქვს ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.