შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
701აპ 16 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლი სსაქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ა. თ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით (2000 წლის რედაქცია) 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ა. თ-ას საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 18 სექტემბრიდან.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის 23 დეკემბერს დაახლოებით 21 საათზე, --- დასახლებაში, -ის ქუჩა ¹13-ში მცხოვრებ გ. მ-თან სტუმრად იმყოფებოდნენ და ქეიფობდნენ ე. ა-ლი, გ. ჭ-ძე და ე. ა-ლი. დაახლოებით 23 საათზე მათ შეუერთდათ ა. თ-ია, თ. ქ-ძე და ვ. ბ-ძე. სუფრის მსვლელობისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა. თ-ამ გამოიჩინა ირგვლივ მყოფი საზოგადოებისადმი უპატივცემულობა, კერძოდ იგი უდიერად მიმართავდა ე. ა-ლს, რაც გადაიზარდა ერთმანეთის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში. აღნიშნულის გამო ოჯახის უფროსმა გ. მ-მა ისინი დაითხოვა სახლიდან. ა. თ-ია კვლავ აგრძელებდა რა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ე. ა-ლი გაიხმო გარეთ. ქუჩაში გასვლისას ა. თ-ამ ე. ა-ლს დაუწყო ლანძღვა-გინება და მუქარა „დაგბრიდავ, შენი დედაო“, რის გამოც მათ შორის მოხდა ჩხუბი, რასაც შეესწრნენ მ-ის სახლიდან გამოსული დანარჩენი პირებიც, რომლებმაც შეძლეს მათი გაშველება. ამის შემდეგ ვ. ბ-ძე და თ. ქ-ძე გაიქცნენ ავტობუსის გაჩერების მიმართულებით, მათ უკან გაყვა ა. თ-აც, რის შემდგომ ე. და ე. ა-ებიც წავიდნენ იმავე მიმართულებით თავის სახლისაკენ. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ ავტობუსის გაჩერებას, სადაც იდგნენ ა. თ-ია და ვ. ბ-ძე, ა. თ-ამ კვლავ დაუწყო ე. ა-ლს ლანძღვა-გინება და მუქარა „დაგბრიდავ, შენი დედა“. აღნიშნული კამათი გადაიზარდა ჩხუბში. ა. თ-ამ იგრძნო რა თავი შეურაცხყოფილად, განიზრახა ე. ა-სათვის ჯანმრთელობის განზრაზ მძიმე დაზიანების მიყენება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი უკანონოდ დაეუფლა ვ. ბ-ის ერთლულიან აგდაჭრილ თოფს და ერთჯერადი გასროლით ბარძაყის არეში დაჭრა ე. ა-ლი, რომელმაც მიიღო რა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. გ-მა და მოითხოვა სასჯელისა და კვალიფიკაციის დამძიმება. განაჩენი აგრეთვე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. თ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ-ემ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალიდან სსკ-ის 119-ე მუხლის ამორიცხვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 27 ივნისის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა. ამასთან ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, კერძოდ ა. თ-ია გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. მ-მა, რომლითაც მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის, იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო საჩივრით მიმართა მსჯავრდებულმა ა. თ-ამ და მოითხოვს სსკ-ის 119-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლებას.
იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი ა. თ-ას მიერ შემოტანილია გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით, საკასაციო პალატა იხილავს მხოლოდ პროკურორის საკასაციო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, უსაფუძვლობის გამო.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ სხვა მასალებით მსჯავრდებულ ა. თ-ას მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატა თვლის, რომ ამჟამად ა. თ-ას მიმართ სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები: 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 12 წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 119-ე მუხლი გაუქმდა. ა. თ-ას მიერ ჩადენილ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის სანქციაა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის ზედა ზღვარი.
Gაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 119-ე მუხლით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ ა. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 119-ე მუხლით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.