გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2003
საქმის ნომერი
3გ/ად-202-კ-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-202-კ-03 1 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),მ. ვაჩაძე,გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 10 ივნისს სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა რ. ნ-ემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის მიმართ და 2002წ. 2 ივნისის სოფ. ბაშის საკრებულოს არჩევნების ხმის დათვლის შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ სოფ. ბაშის ¹27 საარჩევნო უბანში 2 ივნისს საკრებულოს არჩევნები საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით ჩატარდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბ. ტ-ს არცერთი დარღვევა არ დაუფიქსირებია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის განჩინებით რ. ნ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო კოდექსი ამგვარი დავების სასამართლოში განხილვას არ ითვალისწინებდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინებაზე რომან ნ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა და მისი გაუქმება და სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებით რ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის განჩინება და სარჩელი განსახილველად განსჯადობით სამტრედიის რაიონულ სასამართლოს დაექვემდებარა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის 2002წ. 2 ივნისის ხმის დათვლის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბ. ტ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტის მითითებით, რ. ნ-ემ სასარჩელო განცხადება ხანდაზმულობის ვადის დარღვევით შეიტანა. საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. არჩევნები 2002წ. 2 ივნისს ჩატარდა. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი 2 ივნისს მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 5 ივნისამდე შეიძლება გასაჩივრებულიყო. მოსარჩელემ სარჩელი 10 ივნისს შეიტანა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რ. ნ-ეს გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სარჩელი დროულად შეიტანა, მაგრამ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის სიტყვიერი განმარტების საფუძველზე იგი რეგისტრაციაში არ გაატარა, რაც არასწორია, რადგან სარჩელი სასამართლოში შეტანილად ითვლება, როცა იგი გატარდება კანცელარიაში სარეგისტრაციო ჟურნალში. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. Aაქვე, მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მაგრამ აღნიშნული ნორმა უფრო ზოგადია, ვიდრე საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლი, ვინაიდან ეს უკანასკნელი კონკრეტული ურთიერთობებისათვის კონკრეტულ ვადას ითვალისწინებს. არჩევნებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საარჩევნო კოდექსით და სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლი, რომელიც ამასთან, ორგანული კანონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა. რ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქმის მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ არჩევნების დღეს რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამის დაუფიქსირებლობას ბ. ტ-მა ხელი შეუშალა. ამასთან, არჩევნების შემდეგ შედგა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომელზეც კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს და ბეჭდით დაამოწმეს. განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა. ოქმში მითითებული ციფრების სისწორე მოწმის სახით დაკითხულმა კომისიის წევრებმაც დაადასტურეს.

საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება (საჩივარი) საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დროს 7 საათიდან 20 საათამდე. Aამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განცხადება (საჩივარი) კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა გადაეცეს კენჭისყრის დასრულებამდე. Aაქედან გამომდინარე, სააპეალაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. ნ-ის განმარტებები, რომ ბ. ტ-ის ხელშეწყობით არ დაფიქსირდა დარღვევები. Dდარღვევები უნდა დააფიქსიროს მან, ვინც იგი შეამჩნია, შეადგინოს წერილობითი განცხადება (საჩივარი) და წარუდგინოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ნ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლითაც კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა რეგულირდება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა კანონის დარღვევის ის ფაქტი, რომ საარჩევნო კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული 11 წევრის ნაცვლად ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიაში 12 წევრი იყო.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელი და არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რ. ნ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო შემდეგი მოტივებით:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ორგანული კანინის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში. სასამართლო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებას იხილავს 3 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული მუხლის შესაბამისად კასატორ რ. ნ-ეს სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და კენჭისყრის შედეგები 3 დღის ვადაში უნდა გაესაჩივრებინა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნული სამ დღიანი ვადა ორგანული კანონით დადგენილ აღმკვეთ ვადას წარმოადგენს და მისი გაგრძელება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მან სამი დღის ვადაში, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, ვინაიდან ამის დამადასტურებელი არანაირი წერილობითი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. სარჩელი მხოლოდ 10 ივნისს იქნა შეტანილი სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გარდა სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა, მას გასაჩივრებული ჰქონდა სამტრედიის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაც, რადგან როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს მხოლოდ სამტრედიის რაიონის სოფ. ბაშის ¹27 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ნ-ის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. რ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.