დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2007
საქმის ნომერი
2კ-930აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹930აპ ქ. თბილისი

28 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ უ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს განაჩენით უ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 24 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ---ში, თავისსავე საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა უ. ბ-ემ ასევე ნასვამ შვილთან _ გ. ბ-სთან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, განზრახ მოკვლის მიზნით, შურისძიების მოტივით, ნაჯახი დაარტყა ამ უკანასკნელს. მიყენებული ჭრილობის შედეგად გ. ბ-ძე ადგილზევე გარდაიცვალა.

აღნიშნული დანაშაულისათვის უ. ბაძგარაძეს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო მისი დაკავების დღიდან _ 2005 წლის 26 იანვრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა უ. ბ-ემ და ითხოვა როგორც კვალიფიკაციის, ისე _ სასჯელის შეცვლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს უ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ქმედების მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული უ. ბ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი გ. ბ-ძე იყო ავადმყოფი, უზომოდ სვამდა და ოჯახის წევრებს დასდევდა მოსაკლავად. მსჯავრდებული მიუთითებს, რომ იგი არ არის თავისი შვილის განზრახ მკვლელი, არის ავადმყოფი პენსიონერი, მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომობდა, რის გამოც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა თავისი შვილის მოკვლის განზრახვა, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უ. ბ-ემ განმარტა, რომ მომხდარის დღეს თავისი შვილი ეჩხუბა და ესროლა ნაჯახი, რომელიც ასცდა. ამის შემდეგ აწ გარდაცვლილი საწოლისაკენ გაემართა დანის ასაღებად, რომელსაც ,,როგორც წესი, ბალიშის ქვეშ ინახავდა". ამ დროს მსჯავრდებულმა აიღო ნაჯახი და თავის შვილს მოუქნია. გ. ბ-ეს ნაჯახი მოხვდა თავში და სისხლი წამოუვიდა, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა კვლავ დაარტყა ნაჯახი, მაგრამ არ ახსოვს რამდენჯერ. აწ გარდაცვლილი საწოლში ჩაემხო, რის შემდეგ უ. ბ-ემ ნაჯახი კართან მიაყუდა, შვილი საწოლში ჩააწვინა, ხელები გულზე დაუწყო, გადააფარა საბანი და წავიდა სოფელ ---ში, სადაც თავის მეუღლესა და ქვისლს უთხრა, რომ შვილი მოკლა (ს.ფ. 151-153).

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ თავისი შვილი მისკენ დანით ხელში გაემართა და სურდა დაერტყა, რა დროსაც ნაჯახით მოიგერია. მანვე მიუთითა, რომ ამ დროს თავს ვერ აკონტროლებდა და არ იცოდა, რას აკეთებდა, ამასთან, ნაჯახი თავის შვილს პირველად შუბლში დაარტყა (ს.ფ. 222-224).

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მეუღლემ და აწ გარდაცვლილის დედამ _ შ. ბ-ემ განმარტა, რომ იმყოფებოდა სოფელ ---ში, სადაც მივიდა უ. ბ-ძე და თქვა, რომ შვილი მოკლა. ამის შემდეგ მსჯავრდებულმა გაიმეორა: ,,სატანა მოვკალიო" (ს.ფ. 155-157).

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გ. ბ-ის სიკვდილის მიზეზია შუბლის ძვლის მოტეხილობა, ასევე _ ყურის არეში არსებული ჭრილობა მარცხენა საძილე არტერიის მთლიანობის დარღვევით, ზოგადი, მწვავე სისხლნაკლებობა (ს.ფ. 67-70).

სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, უ. ბ-ეს აქვს ---ი ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შერაცხადობას და იგი სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას არ საჭიროებს. ამასთან, ინკრიმინირებული ქმედებისას მსჯავრდებული არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში (ს.ფ. 244-254).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ზემოაღნიშნული და სხვა მასალები სრულყოფილადაა გამოკვლეული და მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული და სააპელაციო პალატამაც სწორად მიიჩნია დადგენილად რომ უ. ბ-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და იგი დასაბუთებულია. ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით უ. ბ-ეს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, საქმეში არსებული ოქმის შესაბამისად, უ. ბ-ძე დააკავეს 2005 წლის 25 იანვარს (ს.ფ. 4). ამის მიუხედავად პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადა აუთვალეს 2005 წლის 26 იანვრიდან, რაც უნდა გასწორდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ამიტომ გარდა სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ უ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: უ. ბ-ეს დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს 2005 წლის 25 იანვრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.