განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 10.04.2007
საქმის ნომერი
2კ-963აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.04.2007

გადაწყვეტილების ტექსტი

¹963აპ ქ. თბილისი

10 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის განაჩენით კ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 20 ნოემბერს, 19 საათზე, კ. ბ-იძე მართავდა „ვაზ-2121” მარკის ავტომანქანას. ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ, მდინარე ---ის ხიდზე შესვლისას მან ვერ დაიმორჩილა საჭე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები, მაშინ, როდესაც იგი ვალდებული იყო, ზოლიდან ზოლში გადასვლისას მანევრი გაეკეთებინა უსაფრთხოდ, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შექმნოდათ დაბრკოლება, გადავიდა საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა „ფორდ-ესკორტის” მხარეს, რომელსაც მართავდა ტ. ხ-ძე და შეეჯახა წინა, მარჯვენა კუთხით, რის შედეგადაც ტ. ხ-ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის კ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. უ-მა და ითხოვა კ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა სსკ-ის 69-ე და სსსკ-ის 28-ე მუხლების საფუძველზე და მისი განთავისუფლება პასუხისმგებლობისაგან დაზარალებულთან შერიგების გამო ან ჯარიმის შემცირება 500 ლარამდე, თანახმად სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს განაჩენით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის განაჩენი შეიცვალა: კ. ბ-ეს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) განესაზღვრა ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 500 ლარის ოდენობით; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მარტის ბრძანებით კ. ბ-სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და ყადაღა მოეხსნა აწ გარდაცვლილი ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლსა და ეზოს.

კასატორი _ ადვოკატი მ. უ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ყვარლის რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ტ. ხ-ემ განაცხადა, რომ განსასჯელის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს, რადგან მან აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ისინი შერიგდნენ; დაზარალებულმა ასევე დაწერა შესაგებელი სააპელაციო სასამართლოს სახელზე 2006 წლის 28 ივლისს, მაგრამ მისი შეტანა დაგვიანდა, რადგან ამ დროისათვის საქმე უკვე გადაგზავნილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის კანცელარიამ შესაგებელი არ მიიღო იმ მოტივით, რომ საქმე ჯერ არ იყო შესული; ამასობაში საქმე განიხილეს ზეპირი მოსმენის გარეშე და ტ. ხ-ემ ვერ მოასწრო შესაგებლის დროულად წარდგენა.

ადვოკატმა მ. უ-მა საკასაციო საჩივარს დაურთო ტ. ხ-ის სანოტარო წესით დამოწმებული შესაგებელი, რომლითაც ის ითხოვდა სააპელაციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას კ. ბ-სთან შერიგების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის განთავისუფლებას სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაზარალებულთან შერიგების გამო ან ჯარიმის შემცირებას 500 ლარამდე იმის გათვალისწინებით, რომ კ. ბ-ძე პირველადაა სამართალში; ხასიათდება დადებითად; კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი; მისი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია; მან ისესხა ფული დაზარალებულის ავტომანქანის შესაკეთებლად და ჯარიმის გადახდას ვეღარ შეძლებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე _ თავად მსჯავრდებულ კ. ბ-ის ჩვენებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ამ უკანასკნელმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

ამასთან, კ. ბ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის-სამართლებრივი დევნა, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა, რომელიც ნასამართლობის არმქონეა, დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი და შეურიგდა (ს.ფ. 145).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ შეურიგდა დაზარალებულს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ სისხლის-სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც სახეზეა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლით, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით, 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს განაჩენი და კ. ბ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის-სამართლებრივი დევნა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.