შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1034აპ. 16 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. დ-ძე, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტებისა და მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების საფუძველზე, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, ზ. დ-ეს მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებებისათვის როგორიცაა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა, აგრეთვე ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის თებერვლის ბოლოს ზ. დ-ძე გაემგზავრა ქ. ცხინვალში, სადაც მისთვის უცნობი პირისაგან 2000 რუსულ რუბლად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა პისტოლეტ _ ტყვიამფრქვევი 7 საბრძოლო ვაზნით, რომელიც გადაზიდა ქ. ბორჯომში და ინახავდა ე.წ. “---ის” ტერიტორიაზე. 2005 წლის 13 ივლისს, დილით, 4.20 საათზე, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის _ აღნიშნული იარაღის მწყობრში მოყვანის მიზნით, იარაღი სამალავიდან გადაიტანა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. იგი სახლში შეუსვლელად გაემართა ქ. ბორჯომში, ---ის დასახლების მიმართულებით, რა დროსაც შენიშნა პოლიციის თანამშრომლები და შეეცადა მიმალვას, მაგრამ მიმალვის მცდელობის დროს დაკავებულ იქნა ბორჯომის ყოფილი ნავთობბაზის ტერიტორიაზე. მისგან ამოღებულ იქნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 7 საბრძოლო ვაზნით, ფანარი და ჭოგრიტი. მანვე 2005 წლის 16 მარტს განიზრახა გაექურდა ბორჯომის რაიონში, ---ში მდებარე გ. ო-ძე-ა-ის სააგარაკე სახლი. მან განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, 20.30 საათზე, უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა და გაიტაცა დაზარალებულის კუთვნილი საოჯახო ნივთები. აღნიშნული ნივთები მან გადაზიდა თავის საცხოვრებელ სახლში _ ქ. ბორჯომში, ---ის ქ. ¹17-ში, რის შემდეგაც გამოძიებით დაუდგენელი ავტომანქანით გადაიტანა გაურკვეველი მიმართულებით და გაუკეთა მათ რეალიზაცია. აღნიშნული ქმედებით ზ. დ-ემ დაზარალებულს მიაყენა 4250 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. დ-ემ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას მის სასიკეთოდ, კერძოდ: ქურდობის ჩადენის თაობაზე ბრალდების მოხსნას და ამ ბრალდებაში გამართლებას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ასეთი ქმედება. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე შერაცხულ ბრალდებას, ამ ნაწილში აპელანტი ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა, 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. დ-ის მიმართ უცვლელად დატოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. დ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ქურდობის ნაწილში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, რომლის ჩადენაშიც იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის საფუძველზე შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. დ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების მეშვეობით, დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ზ. დ-ემ ნამდვილად ჩაიდინა ქურდობა დაზარალებულ გ. ო-ის კუთვნილ სააგარაკე ბინაში უკანონო შეღწევით, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. აღნიშნული გარემოება ეჭვს არ იწვევს და ამ მიმართებით კასატორის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მისი უდანაშაულობის თაობაზე რეალურ საფუძველს არის მოკლებული, რის გამოც იგი ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, ასევე, ზ. დ-ის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა, რასაც თვითონაც აღიარებს.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ. დ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა სავსებით შეესაბამება როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ისე მის პიროვნებას, არ არის ზედმეტად მკაცრი და წარმოადგენს აუცილებელ ზომას სასჯელის მიზნის მისაღწევად.
ამავე დროს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ცალკეულ უზუსტობაზე, რომლებიც დაუშვეს პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ზ. დ-ის ქმედების კვალიფიკაციის დროს. განაჩენით მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც წარმოადგენს ფაქტობრივ შეცდომას, ვინაიდან აღნიშნული ქვეპუნქტი განაჩენის გამოტანისას მითითებულ კანონში არ არსებობდა, რის გამოც იგი უნდა ამოირიცხოს ზ. დ-ის მსჯავრდებიდან.
გარდა ამისა, სასამართლოებმა ქურდობის ნაწილში ზ. დ-ის ქმედება დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ქურდობის ჩადენისათვის იმის მიერ, ვინც წინათ ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. მართალია, ზ. დ-ძე წინათ მრავალჯერ იყო მსჯავრდებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის გასამართლებული იყო დიდი ხნის წინათ (1979-1980 წლებში) და ამ დანაშაულთათვის მისი ნასამართლობები გაქარწყლებულია, რის გამოც აღნიშნული ბრალდება მას ვერ შეერაცხება, იგი უნდა მოეხსნას და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ, ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები მსჯავრდებულ ზ. დ-ის მიმართ, ხოლო იგივე განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ზ. დ-ეს მოეხსნას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, როგორც უსაფუძვლოდ შერაცხული და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება ზ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მსჯავრდების თაობაზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი მსჯავრდებულ ზ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.