შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
1134აპ ქ. თბილისი
21 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ თ. ვ-ას, მ. დ-სა და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენით:
1. თ. ვ-უა,2. ვ. ა-ძე,3. მ. დ-ძე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ”, „დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ. ვ-უა 2001 წლის 14 იანვარს გაასამართლა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ _ 2003 წლის 18 აგვისტოს, სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ვ. ა-ძე 1998 წლის 23 თებერვალს გაასამართლა ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2001 წლის 15 აგვისტოს კი _ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
მ. დ-ძე 1998 წლის 14 დეკემბერს გაასამართლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1999 წლის 2 ივნისს კი _ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 206-ე მუხლით, 91-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით). მ. დ-ძე 2002 წლის 13 დეკემბერს კვლავ გაასამართლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
2005 წლის 15 დეკემბერს, ღამით, თ. ვ-უა, ვ. ა-ძე და მ. დ-ძე ჯგუფურად, სხვისი ქონების ფარულად დაუფლების მიზნით, მივიდნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ო. ბ-ის საქონლის სადგომთან, სადაც მ. დ-ემ და თ. ვ-ამ ფარულად შეაღწიეს, ხოლო ვ. ა-ძე ელოდებოდა სოფლის სასაფლაოსთან. მ. დ-ემ და თ. ვ-ამ სადგომიდან გამოიყვანეს პირუტყვი და დაკლეს სასაფლაოსთან. ამის შემდეგ პირუტყვის ხორცი წაიღეს ქ. ბათუმში, ---ის ქუჩაზე არსებულ ძეხვის საამქროში და 80 კილოგრამი 160 ლარად მიჰყიდეს მ. ს-ას. პირუტყვის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 700 ლარს. ამ ქმედებით მათ დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2005 წლის 30 დეკემბერს, დღის საათებში, მ. დ-ემ და თ. ვ-ამ მოიმარჯვეს დანა, პოლიეთილენის ტომრები, თოკები და მივიდნენ სენაკის რაიონის სოფელ ---ში, სადაც ე.წ. „---ის” ტერიტორიაზე მიმდებარე საძოვარზე დაიჭირეს ამავე სოფელში მცხოვრებ კ. ჭ-ას კუთვნილი ძროხა, რომელიც შეკრეს თოკებით, მ. დ-ემ თანნაქონი დანით ის დაკლა და გაატყავა. ძროხა დაანაწევრეს 4 ნაწილად, მოათავსეს პოლიეთილენის ტომრებში და დროებით შეინახეს, შემთხვევის ადგილზე კი დატოვეს ძროხის ტყავი, თავი და შიგნეულობა, აგრეთვე _ თოკის ნაჭრები, პოლიეთილენის პარკის ნაჭერი; თ. ვ-ამ იქვე დატოვა თავისი სვიტერი. აღნიშნული ნივთები დასვრილი იყო სისხლის ლაქებით. პირუტყვის ხორცი სარეალიზაციოდ იმავე დღეს დაუდგენელი ტაქსით გადაიტანეს ქ. სენაკის --- ბაზარში და მიჰყიდეს იქ მოვაჭრე პირებს, მიღებული თანხა კი მოიხმარეს პირადი საჭიროებისათვის. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ კ. ჭ-ას მიადგა 1 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. ვ-უა და მ. დ-ძე, 2006 წლის 3 იანვარს, დღისით მივიდნენ სენაკის რაიონის სოფელ ---ში, სადაც საყანე ფართობში დაიჭირეს გ. ჩ-ის კუთვნილი ძროხა, რომელიც დაკლეს, ადგილზევე გაატყავეს, დაანაწევრეს, მოათავსეს პოლიეთილენის ტომრებში და დროებით შეინახეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იმავე დღეს, დაუდგენელი ტაქსით სარეალიზაციოდ მიიტანეს ქ. სენაკის --- ბაზარში, სადაც მოახდინეს მისი რეალიზაცია და მიღებული თანხა გახარჯეს. აღნიშნული ქმედებით გ. ჩ-ეს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მეორე დღეს _ 4 იანვარს, მ. დ-ძე და თ. ვ-უა კვლავ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მივიდნენ გ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და კვლავ განიზრახეს მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობა. თან წაიღეს დანა, პოლიეთილენის ტომრები და თოკები, მაგრამ მათი განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი და დაახლოებით 13 საათზე ისინი ამხილეს იქვე მცხოვრებმა პირებმა _ ა. ჩ-მ, გ. გ-ამ და ი. ს-ამ. მომხდარი ფაქტის შესახებ მათ აცნობეს სენაკის შს რაიგანყოფილებას, რომლის თანამშრომლებმაც 14 საათზე, სენაკის რაიონის სოფელ ---ში დააკავეს მ. დ-ძე და თ. ვ-უა.
აღნიშნული ქმედებებისათვის თ. ვ-სა და მ. დ-ეს განესაზღვრათ 8-8 წლით, ხოლო ვ. ა-ეს _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მათვე სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ ო. ბ-ის სასარგებლოდ 700 ლარის, ხოლო თ. ვ-სა და მ. დ-ეს _ დაზარალებულ კ. ჭ-ას სასარგებლოდ 1 000 ლარის, დაზარალებულ გ. ჩ-ის სასარგებლოდ კი _ 800 ლარის გადახდა.
თ. ვ-სა და მ. დ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 4 იანვრიდან, ვ. ა-ეს კი _ 2005 წლის 15 დეკემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ მ. დ-ემ, თ. ვ-ამ და ვ. ა-ემ. მათ ითხოვეს სასჯელების შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა თ. ვ-ას, მ. დ-სა და ვ. ა-სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა.
მსჯავრდებული თ. ვ-უა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი მის მიმართ უკანონო, მკაცრი და უსამართლოა და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას იმის გათვალისწინებით, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი; არა აქვს საკუთარი სახლ-კარი; განიცდის მძიმე მატერიალურ სიდუხჭირეს.
მსჯავრდებულები _ მ. დ-ძე და ვ. ა-ძე საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ მათთვის დანიშნული სასჯელი მკაცრი და უსამართლოა, რადგან საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული ცვლილებებით 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის მაქსიმალური ზომაა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ გულწრფელად აღიარეს დანაშაული და მათი ოჯახები განიცდიან მძიმე მატერიალურ გაჭირვებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულები _ მ. დ-ძე და ვ. ა-ძე ითხოვენ განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელების შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ვ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. დ-სა და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულების _ ო. ბ-ის, გ. ჩ-ის, კ. ჭ-ას, ასევე თავად მსჯავრდებულთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღებისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ მ. დ-ემ და ვ. ა-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სადგომში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს ქურდობა, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თ. ვ-ამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის, სადგომში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია, რომ თ. ვ-უა 2001 წლის 14 იანვარს გაასამართლა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 2003 წლის 18 აგვისტოს თ. ვ-უა გაასამართლა ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო 2004 წლის 17 მაისს თ. ვ-უა კვლავ გაასამართლა სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (ს.ფ. 274-275).
საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ---ის სამმართველოს ცნობების შესაბამისად, თ. ვ-უა 2001 წლის 14 იანვარს დააპატიმრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ, რის შესახებაც გადაწყვეტილება არ არის; თ. ვ-უა 2003 წლის 18 აგვისტოს დააპატიმრა ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ, რის შესახებაც ასევე არ მოიპოვება სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 123; 145).
თ. ვ-ას მიმართ საქმეში დევს მხოლოდ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის განაჩენის ასლი, რომლის მიხედვით თ. ვ-ას წინა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და იგი ნასამართლობის არმქონეა. ამასთან, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია (ს.ფ. 124-127).
ამ განაჩენში მითითებულია, რომ თ. ვ-უა 2001 წლის 14 იანვარს დააკავეს ქურდობის მცდელობისათვის. ამ ქმედებისათვის იგი შემდეგ იძებნებოდა და 2003 წლის 18 აგვისტოს კვლავ დააკავეს შავი ლითონის ქურდობის მცდელობისათვის. ბრალად შერაცხული ამ ორი ქმედებისათვის თ. ვ-უა გაასამართლა სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ და იგი მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, ხოლო მე-19,1821-ე 1-ლი ნაწილით მიუსაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თ. ვ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2001 წლის 14 იანვრიდან 14 აპრილამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 3 თვე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 18 აგვისტოდან.
აღნიშნულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დაკვალიფიცირებისათვის, რაც სააპელაციო პალატას სათანადოდ არ გამოუკვლევია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ვ-ას ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენიდან მ. დ-ის მიმართ არასწორად ამორიცხა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი, რადგან მას ბრალი ედებოდა არაერთი ქურდობის ჩადენაში, რისთვისაც იგი გასამართლებული არ ყოფილა და ასეთ შემთხვევაში ადრე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი არ მოიცავს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს და მ. დ-ის ქმედება სწორად იყო დაკვალიფიცირებული ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტებითაც. ვინაიდან საქმე განიხილება მსჯავრდებულთა საჩივრების საფუძველზე, სსსკ-ის 566-ე მუხლის შესაბამისად, პალატა არ არის უფლებამოსილი მიიღოს მსჯავრდებულთა საზიანო გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულთა ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტები (ქურდობა სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელად ითვალისწინებდნენ, შესაბამისად, 2-დან 6 წლამდე და 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს. ამავე მოტივით მ. დ-სა და ვ. ა-ის ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
ვ. ა-სა და მ. დ-ეს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო თ. ვ-ას სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების სანქციის ფარგლებში, რა დროსაც საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თ. ვ-ას პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.
პალატა აღნიშნავს, რომ ო. ბ-ძე საქმის წინასწარი გამოძიებისას ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ (ს.ფ. 15) და ამ სარჩელთან დაკავშირებით სამოქალაქო მოპასუხეებად ცნობილ იქნენ მხოლოდ თ. ვ-უა და მ. დ-ძე (ს.ფ. 134;144), ხოლო ვ. ა-ძე სამოქალაქო მოპასუხედ არ ცნობილა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს.
სამივე მსჯავრდებულს სოლიდარულად დაეკისრა ო. ბ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი _ ა. ა-ძე სამოქალაქო მოპასუხედ არ ცნობილა. ამასთან, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს თანხის ის ოდენობა, რაც გადასახდელად დაეკისრა მხოლოდ ვ. ა-ეს. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ვ. ა-ის, მ. დ-სა და თ. ვ-სათვის დაზარალებულ ო. ბ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში, ხოლო იმის გამო, რომ ო. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით ვ. ა-ის მიმართ სამოქალაქო სამართალწარმოება ფაქტობრივად არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულ ო. ბ-ეს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ვ-ას საკასაციო საჩივარი საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულების მ. დ-სა და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს: თ. ვ-ას ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;
თ. ვ-ას, მ. დ-სა და ვ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტზე;
მ. დ-სა და ვ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე;
თ. ვ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს ვ. ა-ის, მ. დ-სა და თ. ვ-ას დაზარალებულ ო. ბ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მ. დ-სა და ვ. ა-სათვის დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.