განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გადაწყვეტილების ტექსტი
1169აპ. 17 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ყ-ის დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ყ-ლი, გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით. იმავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის სასარგებლოდ მსჯავრდებულ ი. ყ-ლს დაეკისრა: ფიზიკური და ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად _ 20000 (ოცი ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად _ 30 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, ი. ყ-ლს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 16 აგვისტოს ქ. გორში, ---ის ქ. ¹15-ში მცხოვრებმა ი. ყ-მა თავის საცხოვრებელ სახლში თანაუბნელები _ ს. ზ-ლი და ზ. მ-ლი მიიწვია, მათთან ერთად იქეიფა და სპირტიანი სასმელი მიიღო. დაახლოებით 17 საათზე მათ ნაცნობმა ზ. ი-მა მიაკითხა, რომელიც სუფრაზე მიიწვიეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მთვრალი ს. ზ-ლი ზ. მ-მა სახლში წაიყვანა, თვითონ კი რამდენიმე წუთში ისევ ი. ყ-ის ბინაში მიბრუნდა. ამ დროს მთვრალი ზ. ი-ლი წაიქცა, რის შედეგად მაგიდა, რომელზედაც სუფრა იყო გაშლილი, გადაბრუნდა და მასზე დალაგებული საგნები ძირს დაიყარა. ზ. მ-მა ზ. ი-ლი ფეხზე წამოაყენა და იატაკი მოასუფთავა. აღნიშნულით განაწყენებულმა ი. ყ-მა, მთვრალმა, შურისძიების მოტივით ზ. ი-ის მკვლელობა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმ დროს, როდესაც ზ. მ-ლი ოთახიდან აივანზე ნარჩენების გადასაყრელად გავიდა, ი. ყ-მა საყოფაცხოვრებო დანიშნულების სამზარეულო დანა ზ. ი-ლს ყელის არეში გამოუსვა და მუცელში დაარტყა, რის შემდეგაც დანა გამოაძრო და იატაკზე დააგდო, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ყ-ის დამცველებმა, ადვოკატებმა _ მ. გ-ემ, გ. ზ-მა და მ. ფ-ემ, აგრეთვე, დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ მ. ბ-ის დამცველმა, ადვოკატმა ი. ს-მა. მსჯავრდებულის დაცვის მხარე თავისი საჩივრებით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. ყ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ადვოკატი ი. ს-ლი საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის საუარესოდ შებრუნებას _ სასჯელის გამკაცრებასა და სამოქალაქო სარჩელით მოთხოვნილი თანხების ი. ყ-ზე სრულად დაკისრებას შემდეგი ოდენობით: ფიზიკური ზიანისათვის _ 10356 (ათი ათას სამასორმოცდათექვსმეტი) ლარს, ქონებრივი ზიანისათვის _ 30000 (ოცდაათი ათასი) ლარს და მორალური ზიანისათვის _ 200000 (ორასი ათასი) ლარს.
საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა აღნიშნული საჩივრები, 2006 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დატოვა მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. ყ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. ყ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. კასატორის მოთხოვნას საფუძვლად უდევს შემდეგი მოტივები: წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არაობიექტურად; გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; არ არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ი. ყ-ის მიერ განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემულ დასკვნებს მსჯავრდებულ ი. ყ-ის ბრალეულობის თაობაზე, ვინაიდან ისინი რეალურად ასახავენ მომხდარი შემთხვევის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი. მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა თავის განაჩენში სააპელაციო სასამართლო, გამოკვლეულია სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სახით, შეიცავენ საკმარის და უტყუარ მონაცემებს ი. ყ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის თაობაზე. დაცვის მხარე თავის საჩივარში, მართალია, მიუთითებს ცალკეულ მომენტზე, რომლებიც თითქოსდა ეჭვქვეშ აყენებენ მტკიცებულებათა სარწმუნოობას, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მაგალითად, საკასაციო საჩივარში ადვოკატი მ. ფ-ძე ეჭვის ქვეშ აყენებს მოწმე ზ. მ-ის ჩვენებას, რომლის მიხედვით, მან დაინახა, თუ როგორ გამოაძრო დანა ი. ყ-მა აწ გარდაცვლილ ზ. ი-ლს ფერდიდან, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გარდაცვლილისათვის ჭრილობა მიყენებულია მუცლის არეში. ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ჭრილობა მიყენებული იყო მუცლის ზედაპირზე, მარცხენა მხარეს, ფერდთან ახლოს, რითაც აიხსნება მოწმე ზ. მ-ის ჩვენების შინაარსი. მსგავს შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია, რომ მოწმის მიერ ჭრილობის ადგილის ვიზუალურ აღქმასა და იმავე სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილ ლოკალიზაციას შორის არ იყოს ზუსტი დამთხვევა, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოწმის ჩვენება ყალბია ან მცდარი და იგი უარყოფილ უნდა იქნეს. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ყ-ის ბრალდების საქმეზე განხორციელებული სისხლისსამართალწარმოების დროს არ ყოფილა ისეთი არსებითი საპროცესო დარღვევები, რომლებსაც შეეძლოთ, გავლენა მოეხდინათ საქმის საბოლოო შედეგზე, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრებები მსჯავრდებულ ი. ყ-ის უდანაშაულობის თაობაზე.
საკასაციო პალატას, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. ყ-სათვის დანიშნული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად და ამ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატამ საქმე და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება შეამოწმა სრული მოცულობით, მათ შორის _ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულ ი. ყ-ლს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა: ფიზიკური და ქონებრივი ზიანის საკომპენსაციოდ _ 20000 (ოცი ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ _ 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული მოცულობით დაკმაყოფილების თაობაზე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს განაჩენები არ არის ჯეროვნად დასაბუთებული. დანაშაულით გამოწვეული ფიზიკური ზიანის შესახებ, რაც უკავშირდება გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს, საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლემ წარმოადგინა თავის მიერ გაწეული ასეთი აუცილებელი ხარჯების ნუსხა, რომელიც მთლიანობაში შეადგენს 10356 (ათი ათას სამასორმოცდათექვსმეტი) ლარს და რომლის ნაწილიც დოკუმენტურადაც არის დადასტურებული. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა აგრეთვე სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქონებრივი ზიანის ნაწილშიც, ვინაიდან ამ ნაწილში მომთხოვნი მხარის მიერ არავითარი სარწმუნო მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული დაზარალებულის უფლებამონაცვლის მითითება იმაზე, რომ ---ის გარდაცვალების გამო მან ვეღარ შეძლო იმ ანაზღაურებადი მუშაობის გაგრძელება, რასაც ის აწარმოებდა მომხდარ შემთხვევამდე, მით უმეტეს, რომ შესაძლო ანაცდენი სარგებლის ოდენობა მიახლოებითაც კი არ არის განსაზღვრული სათანადო რეალური მონაცემებით.
რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლის მოთხოვნას დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლო ფულად კომპენსაციას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც დანაშაულით უშუალოდ მიადგა ამა თუ იმ სახის ზიანი.
დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში მის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შედეგად ფიზიკური ზიანი ადგება უშუალოდ გარდაცვლილი დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელმაც აღნიშნული ხარჯები გაიღო, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გარდაცვლილი დაზარალებულიდან მის უფლებამონაცვლეზე გარდამავალ უფლებად ვერ განიხილება. საქართველოს სსსკ-ის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილი მორალური ზიანის ანაზღაურების უფლებას უკავშირებს დანაშაულით გამოწვეულ ისეთ მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, როგორებიცაა დასახიჩრება, დამახინჯება, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მოშლა ან დაქვეითება, სხვა სახის ზიანით გამოწვეული განცდა, რომლის მატარებლად გარდაცვლილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვერ განიხილება, რის გამოც ი. ყ-ის მიმართ სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელე მ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიერ დანაშაულით მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს რეალურად გაწეული ხარჯების შესაბამისად, რაც მთლიანობაში შეადგენს 10356 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ყ-ის დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ მ. ბ-ის სასარგებლოდ ქონებრივი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მსჯავრდებულ ი. ყ-ზე თანხების დაკისრების თაობაზე, ხოლო დანაშაულით მ. ბ-სათვის მიყენებული ფიზიკური ზიანის ასანაზღაურებლად ი. ყ-ლს დაეკისროს 10356 (ათი ათას სამასორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.