შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
1236აპ ქ. თბილისი
11 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ რ. შ-სა და დ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ შ. ფ-სა და თ. ვ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: 1. რ. შ-ლი, იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება;
2. დ. ლ-ძე, იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ. შ-მა და დ. ლ-ემ ერთმანეთი სასჯელის მოხდის პერიოდში გაიცნეს და განთავისუფლების შემდეგ გააგრძელეს ურთიერთობა. 2005 წლის 26 თებერვალს რ. შ-ლი სტუმრად იმყოფებოდა დ. ლ-სთან სახლში, ხაშურის რაიონის ---ში. საღამოს საათებში ისინი ჩავიდნენ ხაშურში და ძიებით დაუდგენელ მესამე პირთან ერთად განიზრახეს ხაშურში, ---ის ქუჩაზე მდებარე შპს „---ს” სანაყინე შენობაში მყოფ პერსონალზე ყაჩაღური თავდასხმა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი შეიარაღდნენ, რ. შ-ლი _ გადაჭრილი თოფით, დანარჩენები _ დანებით, სახეზე ნიღაბაფარებულები, დაახლოებით 23.30 საათზე მივიდნენ ხაშურში, ---ის ქ. ¹--ში მდებარე შპს „---ს” სანაყინე შენობის ეზოსთან და დააკაკუნეს ჭიშკრის დაკეტილ კარზე. დარაჯმა ტ. გ-მა გააღო კარი. ეზოში შესვლისთანავე თავდამსხმელებმა მას დაუწყეს ცემა, დანით მიაყენეს სხეულის დაზიანება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მოსთხოვეს ფული, მაგრამ დარაჯს არაფერი აღმოაჩნდა. თავდამსხმელები მივიდნენ იქვე, ეზოში მდგარ ავტომანქანა „---ის” კაბინასთან, გააღეს კარი და შეაღწიეს კაბინაში იქ არსებული ნივთების დასაუფლებლად. აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ შეაღწიეს სანაყინე შენობის მეორე სართულზე, დარაჯის ოთახში, სადაც ეძინა სანაყინის უფროსის ნათესავს, ღამის გასათევად მისულ ს. მ-ეს, რომელსაც თავს დაესხნენ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 150 ლარი, რის შემდეგაც მიატოვეს სანაყინის შენობა და მიიმალნენ. რ. შ-ლი და დ. ლ-ძე დასცილდნენ დაუდგენელ მესამე პირს და წავიდნენ ხაშურის ცენტრისაკენ. ---ის ქუჩაზე სიარულის დროს მათთან გაჩერდა შემოვლაზე მყოფი პოლიციის ავტომანქანა. ბოროტმოქმედებმა სცადეს მიმალვა, მაგრამ დ. ლ-ძე პოლიციის მუშაკებმა იქვე დააკავეს, ხოლო რ. შ-ლი გაიქცა და შევიდა ---ის ქ. ¹27 სახლის ეზოში, სადაც დააკავა პოლიციელმა. კვალის დაფარვის მიზნით მან გადააგდო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი, ლულა და კონდახგადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა. ბოროტმოქმედების დაკავებისა და პოლიციის განყოფილებაში წარდგენის შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღნიშნული იარაღი ნახეს და ამოიღეს მასში არსებულ ორ ვაზნასთან ერთად.
აღნიშნული ქმედებისათვის რ. შ-ლს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, რ. შ-ლს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
დ. ლ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 27 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ადვოკატმა შ. ფ-ამ და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. გ-მა.
ადვოკატმა შ. ფ-ამ ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების _ რ. შ-სა და დ. ლ-ის გამართლება, ხოლო პროკურორმა ზ. გ-მა _ მსჯავრდებულებისათვის 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: რ. შ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, რ. შ-ლს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ დ. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 25 თებერვლიდან.
კასატორები _ მსჯავრდებულების ადვოკატები _ შ. ფ-ვა და თ. ვ-უა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი არ გამოხატავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენს საფუძვლად უდევს დაზარალებულებისა და მოწმე პოლიციელების ჩვენებები, ასევე _ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და „სხვა მტკიცებულებები”, რომლებიც რას წარმოადგენენ, განმარტებული არ არის; დაზარალებულების მიერ თავდამსხმელთა აღწერილობა არ ემთხვევა არც ერთი მსჯავრდებულის აღნაგობას; პირადი ჩხრეკისას ფული არც ერთს არ აღმოაჩნდა; მოწმე პოლიციელების ჩვენებები ყაჩაღობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილია პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით, კერძოდ, ოქმი შეადგინა არაუფლებამოსილმა პირმა, ამიტომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ზერელედ, არაკვალიფიციურად და უკანონოდ; დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ეზოში მდგარი სამი მანქანიდან დათვალიერებულ იქნა მხოლოდ ერთი, „კამაზის” მარკის ავტომანქანა, რომლის კარიდანაც ამოუღიათ თითის ანაბეჭდები, მაგრამ კონკრეტულად რომელ ნაწილში აღმოჩნდა ეს ანაბეჭდები, ვიზუალურად შესამჩნევი იყო თუ არა, რა განლაგებითა და მანძილით იყო დაშორებული ერთმანეთისაგან, რამდენ დაქტილოფირზე აიღეს, როგორი იყო მათი ზომები, ქარგები _ არ ჩანს, ანუ საეჭვოა ანაბეჭდების წარმომავლობა; ოქმს არ ერთვის სქემა; არ მომხდარა შემთხვევის ადგილისა და თითის კვლების ფოტოგრაფირება; დამსწრეები არ გაუფრთხილებიათ საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლებით თავიანთი უფლება-მოვალეობის შესახებ; ერთ-ერთი დამსწრე _ ნ. თ-ძე არის ავტომანქანა „კამაზის” მძღოლი, ანუ სინამდვილეში _ დაზარალებული და დაინტერესებული პირი; მას არ უნახავს, როგორ ამოიღეს სისხლისა და თითების კვალი (სისხლის კვალი საერთოდ არ ამოუღიათ); მეორე დამსწრე დ. კ-ის ჩვენებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, პოლიციელებმა უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილი უკვე დათვალიერებული ჰქონდათ, დაესწრო მხოლოდ ოთახის დათვალიერებას და ხელი მოაწერა ოქმებზე; ამასთან, არავის გაურკვევია, იცის თუ არა არაქართველმა დ. კ-მა ქართულ ენაზე წერა-კითხვა და გასაგებია თუ არა მისთვის ოქმების შინაარსი; წინასწარ გამოძიებაში დარღვეულია სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, თითების კვლები ამოიღო ექსპერტ-კრიმინალისტმა ვ. ღ-მა, რომელიც განათლებით ავტოინჟინერია და ექსპერტისათვის შესაბამისი რაიმე დიპლომი ან სერტიფიკატი არ გააჩნია, თითების ანაბეჭდების ქარგების აღწერა არ შეუძლია, წარმოდგენა არა აქვს, რა არის დაქტილოსკოპიური ფორმულა და არ იცის მისი შედგენა, რადგან ასეთი რამ არ უსწავლია და არასოდეს არ გაუკეთებია; მას მიუთითეს, რომ „კამაზის” კარზე იყო ანაბეჭდები, სხვა მანქანები არ დაუთვალიერებია და არც უცდია მათგან კვალის ამოღება; საერთოდ ამოიღეს თუ არა ანაბეჭდები ფანრის შუქზე, არავინ იცის; სინამდვილეში ვ. ღ-ლი საერთოდ ვერ შეძლებდა ავტომანქანა „კამაზიდან” თითების კვლების ამოღებას, რადგან მანქანა ტალახიანი იყო; დაცვის მიერ მოწვეულმა, ლიცენზირებულმა ---მა ზ. ს-ემ განმარტა, რომ მტვრიანი ან ტალახიანი ზედაპირიდან თითების კვლების ამოღება შეუძლებელია, რადგან ასეთ ზედაპირზე ხელის ერთხელ დადებით კვალი არ რჩება; ვ. ღ-ის მიერ აღწერილი დაქტილოფირები არ დაემთხვა საქმეზე ნივთმტკიცებად დართულ პაკეტში არსებული დაქტილოფირების აღწერილობას; ყოველივე კი იმაზე მიანიშნებს, რომ ვ. ღ-ლს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ამოეღო ანაბეჭდები; ეჭვქვეშ დგება ექსპერტ მ. გ-ას 2005 წლის 28 თებერვლის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სინამდვილეც, რადგან დასკვნას აკლია ძირითადი მტკიცებითი ნაწილი _ თითების კვლების ფოტოცხრილი, რომელიც აუცილებლად უნდა დართვოდა დასკვნას; დასკვნაში ასევე არასრულყოფილადაა აღწერილი დ. ლ-სა და რ. შ-ის დაქტობარათები, დასკვნაში მითითებული ანაბეჭდების ზომები არ შეესაბამება რეალურად დაფიქსირებულ ზომებს; დაცვის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა ფოტოსურათები ფოტოფირითურთ, რომლებიც ინახება ექსპერტიზის ჩატარების ადგილზე, როგორც ნივთმტკიცება; აღნიშნული სამმართველოს მომართვის თანახმად კი ფოტოფირი ლაბორატორიაში არ ინახება, ე.ი. ნივთმტკიცება განადგურდა, ანუ ექსპერტ მ. გ-ას დასკვნას საფუძველი არ გააჩნია; დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტ-დაქტილოსკოპმა კ. კ-ამ დაკითხვისას განმარტა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს იმ დაწესებულებაში, რომელიც მითითებულია გამომძიებლის დადგენილებაში, მას უნდა ერთვოდეს სათანადოდ დალუქული, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაქტოფირები და შესადარებელი დაქტობარათები; ფოტოსურათები და ფირი ინახება 3-7 წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის დადასტურებულობა დაუმტკიცებელია, ხოლო ფირის არშენახვა ფაქტობრივად მტკიცებულებათა განადგურების ტოლფასია; დასკვნას უნდა ერთვოდეს სათანადო ფოტოცხრილი იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ანაბეჭდებისა, რომლებიც ექსპერტიზის ძირითადი მამტკიცებელი საფუძველია; ასეთი წესით შედგენილი დასკვნა იგზავნება ინიციატორთან, ხოლო საექსპერტო დაწესებულებაში რჩება დასკვნის ასლი, კვალის აღრიცხვის ბარათი, ფოტოფირი და ფოტოსურათები.
ადვოკატების განმარტებით, მსჯავრდებულები 2005 წლის 26-27 თებერვალს სანაყინე „---ს” ტერიტორიაზე არ ყოფილან და ყაჩაღობა არ ჩაუდენიათ; ---მა ნ. ს-ემ რ. შ-ის დაკავების შემდეგ დატოვა სავარაუდოდ გაურკვეველი საგნის გადაგდების ადგილი დაუცველად და უმეთვალყურეოდ 35 წუთის განმავლობაში, სრული სიბნელის პირობებში; ვ. ღ-ის ჩვენებით, სანაყინე „---ს” ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ იგი დაიბარა გამომძიებელმა ღ-მა „აბრეზის” ამოსაღებად, ე.ი. მათ უკვე წინასწარ იცოდნენ, რომ გაურკვეველი საგანი იყო „აბრეზი”, ანუ იარაღი, რომელიც „იპოვეს” და „ამოიღეს” კიდეც; საოცარია, რომ გარაჟებს შორის გამავალი ზოლის, ზომებით 6მX60სმ-ზე, დათვალიერებას მოანდომეს 45 წუთი, ხოლო „---ს” 300 კვ.მ ტერიტორიისას _ 25 წუთი; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში არ არის ადგილის სქემა, ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები; დათვალიერების ორივე დამსწრე პოლიციელ ნ. ს-ის მეზობელია და ისინი განიცდიან მის ზეწოლას; დამსწრე გ. ვ-ის განცხადებით, დათვალიერებასა და ოქმის შედგენას დასჭირდა 10-15 წუთი და ადგილზე იყო მხოლოდ 2 პოლიციელი; დამსწრე ყ-ემ კი განაცხადა, რომ არავითარ დათვალიერებასა და ამოღებას არ დასწრებია და ოქმზე ისე მოაწერინეს ხელი, არაფერი უნახავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ განაჩენს საფუძვლად დადებული მტკიცებულებები დაუშვებელი მტკიცებულებებია და მათზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი გადაწყდეს მსჯავრდებულთა სასარგებლოდ.
ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, ადვოკატები _ შ. ფ-ვა და თ. ვ-უა ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. შ-სა და დ. ლ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ტ. გ-მა განმარტა, რომ თავს დაესხა სამი, სახეზე ნიღაბაფარებული შეიარაღებული პირი. ერთ-ერთმა სხეულზე მიადო დანა, მეორეს ეჭირა ორლულიანი გადაჭრილი, ჩახმახიანი თოფი. თავდამსხმელები ითხოვდნენ ფულს. შემდეგ ისინი ეზოში გავიდნენ, სადაც იდგა სატვირთო ავტომანქანები. ტ. გ-ლს მოესმა მანქანის კარის გაღები ხმა (ტ. 3, ს.ფ. 23-25).
ამავე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს-ს ---ის რაიონული განყოფილების თანამშრომელმა ნ. ს-ემ განმარტა, რომ 2005 წლის 27 თებერვალს მიიღეს შეტყობინება ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 10 წუთში. მიმდებარე ტერიტორიის შემოვლისას შენიშნეს ფეხით მოსიარულე ორი მამაკაცი, რომლებიც მათთან ავტომანქანის გაჩერებამდე გაიქცნენ. ერთ-ერთი იქვე დააკავეს, ხოლო მეორეს ნ. ს-ძე დაედევნა, მოსთხოვა გაჩერებულიყო და გააფრთხილა, რომ ესროდა. თავის მხრივ ნ. ს-ეს გაქცეულიც სროლით დაემუქრა. ნ. ს-ემ შეამჩნია, რომ გაქცეულს რაღაც საგანი ჰქონდა, რომელიც გადააგდო, შემდეგ იქვე არსებულ მავთულბადეს შეეჯახა და წაიქცა. იგი დააკავეს. გადაგდებული საგანი მაშინვე ვერ დაძებნეს, რადგან ოპერატიულ ჯგუფში სულ სამი პოლიციელი იყო და შეძლეს მხოლოდ ეჭვმიტანილთა დაკავება. შემდეგ შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა გადაჭრილი სანადირო თოფი, რომელიც გადააგდო დაკავებულმა (ტ. 3, ს.ფ. 27-28).
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე გ. მ-მა (ტ. 3, ს.ფ. 32).
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ. თ-ემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ავტომანქანის კარიდან აიღეს თითის ანაბეჭდები (ტ. 3, ს.ფ. 35).
მოწმე დ. კ-აც მიუთითა, რომ ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, რის შესახებაც შედგა ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 37).
სასამართლო სხდომაზე ---მა მ. გ-ამ განმარტა, რომ მას ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეგზავნა ორ პაკეტად დალუქული ხელის თითის კვლები, რომელთაგან ერთ-ერთში მოთავსებული იყო ავტომანქანა ,,კამაზი"-დან ამოღებული კვალი. წარდგენილი დაქტილობარათები სრულყოფილი და შესადარებლად ვარგისი იყო და მან დაადგინა მათი იდენტურობა (ტ. 3, ს.ფ. 168-169).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საექსპერტო-კრიმინალიტიკური --- სამმართველოს უფროსის ---ის მიმართვით ირკვევა, რომ 2005 წლის 28 თებერვალს გაიცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. ხელის თითის საიდენტიფიკაციოდ ვარგისი სამი კვალიდან ერთი დატოვებულია დ. ლ-ის მარჯვენა ხელის დიდი თითით, ხოლო მეორე _ რ. შ-ის მარცხენა ხელის დიდი თითით. ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ ფოტოსურათების შენახვის აუცილებლობა არ არის და ლაბორატორიაში ინახება მხოლოდ საიდენტიფიკაციოდ ვარგისი კვლების ფოტოსურათები. ამავე მიმართვით სასამართლოს გაეგზავნა კვალის აღრიცხვის ბარათი (ტ. 3, ს.ფ. 175-177).
პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებების, მათ შორის _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე და გამოიტანა დასაბუთებული დადგენილებები, რომლებიც კერძო სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით არ გასაჩივრებულა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული, ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ რ. შ-მა და დ. ლ-ემ საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინეს ყაჩაღობა და მათი ქმედება ბრალდების ამ ნაწილში სწორადაა დაკვალიფიცირებული.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებით რ. შ-ლი და დ. ლ-ძე სამართალში მიცემულ იქნენ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის მხოლოდ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (ტ. 1, ს.ფ. 3), ხოლო რ. შ-ლი, გარდა ამ მუხლისა, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაშიც.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 450-ე მუხლის შესაბამისად, საქმის სასამართლო განხილვა განსასჯელის მიმართ ტარდება მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლითაც იგი სამართალში მისცეს.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან რ. შ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრი.
პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ასევე _ სისხლის სამართლის კანონით დადგენილი მიზნების შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რ. შ-ლი და დ. ლ-ძე დააკავეს 2005 წლის 27 თებერვალს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მათ სწორად აეთვალათ სასჯელის მოხდის ვადა. სააპელაციო პალატის განაჩენით კი მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2005 წლის 25 თებერვლიდან. რამდენადაც საქმე განიხილება მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველების საჩივრის საფუძველზე, სსსკ-ის 566-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ამ ნაწილში, მსჯავრდებულთა საუარესოდ შეცვალოს გასაჩივრებული განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 450-ე მუხლით, 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულების _ რ. შ-სა და დ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ შ. ფ-სა და თ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: გასაჩივრებული განაჩენიდან რ. შ-ის მიმართ ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.