შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 23.07.2007
საქმის ნომერი
2კ-380აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

380აპ ქ. თბილისი

23 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჩ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენით რ. ჩ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და “გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

რ. ჩ-ას მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 29 აპრილს, ღამით, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, რ. ჩ-ია გამოძიებით დაუდგენელ ორ თანამზრახველთან ერთად, თავს დაესხა სენაკის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ვ. ხ-ას ოჯახს, რა დროსაც დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და ასეთი ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვ. ხ-ას კუთვნილ მოძრავ ნივთებს _ 2214 (ორი ათას ორასთოთხმეტი) ლარისა და 50 თეთრის საერთო ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა საოჯახო ქონებას.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ჩ-ამ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა რ. შ-ამ სააპელაციოEსაჩივრებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ისინი თავიანთი საჩივრებით ითხოვდნენ აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და რ. ჩ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ რ. ჩ-ას მიმართ არის უსაფუძვლო და უკანონო, ემყარება ურთიერთგამომრიცხავ და წინააღმდეგობრივ მასალებს. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მატერიალური და საპროცესო კანონების მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ რ. ჩ-სა და მისი ადვოკატის _ რ. შ-ას სააპელაციოEსაჩივრები და სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განაჩენი რ. ჩ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ რ. ჩ-ას ადვოკატმა ნ. კ-ამ საკასაციოEსაჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და რ. ჩ-ას გამართლებას მის მიმართ შერაცხულ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის, მსჯავრდებულის ადვოკატის ნ. კ-ას განმარტებას იმის თაობაზე, რომ რ. ჩ-ას მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული უტყუარად დასტურდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ნივთმტკიცებებითა და საქმის სხვა მასალებით, რომელთა შესწავლით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია ობიექტურად. რ. ჩ-ას ბრალდების საქმის წარმოებისას არ ყოფილა დაშვებული ისეთი არსებითი საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდების საფუძვლიანობა ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. ჩ-ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაზღვრულია სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არის სამართლიანი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს, რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით შემცირდა ამ დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზღვარი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა, რაც რ. ჩ-ას მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ჩ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რისთვისაც ამ მიმართებით შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ჩ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ რ. ჩ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ რ. ჩ-ას მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.