ადმინისტრაციული 02.07.2002
საქმის ნომერი
3გ-ად-44-კს-02
კატეგორია
თარიღი
02.07.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-44-კს-02 2 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)

ბ. კობერიძე,ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინებების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 12 ივნისს ... პარტიამ სარჩელი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და ითხოვა ქ. თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2002წ. 8 ივნისს დამტკიცებული “ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში 2002წ. 2 ივნისს პროპორციული სისტემით ჩატარებული კეჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის”, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 10 ივნისის ¹103/2002 განკარგულების “2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” გაუქმება და ცენტრალური (საოლქო) საარჩევნო კომისიისათვის არჩევნების შედეგების გადასინჯვის (ხმების ხელმეორედ დათვლა) დავალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 12 ივნისის განჩინებით ... პარტიის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 18 ივნისის განჩინებით წარმოებაში მიიღო ... პარტიის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულად ჩაითვალა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 10 ივნისის “2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა” და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 10 ივნისის ¹103/2002 განკარგულება “2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” მოქმედება. აგრეთვე, ამ განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საარჩევნო ბლოკი “აღ.”, საარჩევნო ბლოკი “მ-ს”, «საქართველოს ... პარტია», საარჩევნო ბლოკი “ნ.”, “.. ..”, «ა.», ბლოკი “ე.”.

მოსარჩელე ... პარტიის წარმომადგენელმა 2002წ. 21 ივნისის სასამართლო კოლეგიის სხდომაზე ითხოვა ორი ადმინისტრაციული აქტის – 2002წ. 8 ივნისის ¹91/2002 და 10 ივნისის ¹103/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელის მესამე მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის არჩევნების შედეგების გადასინჯვის (ხმების ხელმეორედ გადათვლა) დავალებას, რადგანაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საარჩევნო ბლოკ «ნ-ის» სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და ამით ... პარტიის აღნიშნული მოთხოვნაც, ფაქტობრივად, დაკმაყოფილდა.

ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 21 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის პირველი პუნქტით წარმოებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმე მოსარჩელე “... პარტიის” მიერ მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ აღძრული სარჩელის იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადასინჯვის დავალებას. ამავე განჩინების მეორე პუნქტით შეჩერდა საქმის წარმოება “... პარტიის” სარჩელის იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა “2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ.ს 8 ივნისის ¹91/2002 და 10 ივნისის ¹103/2002 განკარგულებების ბათილად ცნობას.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა – საარჩევნო ბლოკმა “ნ.”.

მესამე პირი კერძო საჩივარს ასაბუთებს შემდეგი გარემოებებით:

1. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა და მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, როდესაც 2002წ. 18 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართო საარჩევნო ბლოკი “ნ.”. სასამართლო კოლეგიას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც: “მესამე პირი აუცილებლად უნდა იყოს ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც საქართველოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი”. რადგანაც ...ი პარტიის მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით კი შეუძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ არ აისახება “ნ-ის” კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე.

2. “ნ-სთვის” კანონით დადგენილი წესით სასამართლოს არ უცნობებია საქმეში მესამე პირად ჩაბმისა და სასამართლო სხდომის თაობაზე, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა.

3. სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რამეთუ საქმის წარმოებაში მიღების განჩინებით სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა საქმეში მესამე პირების ჩაბმის შესახებ. აღნიშნულ საკითხთა გადაწყვეტისას სასამართლოს თითოეულ მათგანზე უნდა გამოეტანა ცალ-ცალკე განჩინებები და არ უნდა ემსჯელა მათზე ერთი განჩინებით.

4. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 481 მუხლის შესაბამისად “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 1998წ. შექმნილი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის დასასრული განისაზღვრა არაუგვიანეს 2002წ. 20 ივნისით, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს 2002წ. 02 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს-ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹91/2002 და ¹103/2002 განკარგულებათა დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აღნიშნულ განკარგულებათა მოქმედების შეჩერებას.

5. სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩერა უსაფუძვლოდ და აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით, რომლის მიხედვითაც: “თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით», სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რამეთუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმება არ წარმოადგენს სისხლის, სამოქალაქო ან თუნდაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების და შესაბამისად ზემოაღნიშნული რომელიმე წესით სხვა საქმის გადაწყვეტის ობიექტს. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლს, რომელიც ადგენს საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებს, რომ არ მოხდეს სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს:

1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 21 ივნისის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. განახლდეს წარმოება და მიღებულ იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით დადგენილ 3 დღიან ვადაში.

2. საარჩევნო ბლოკი “ნ.” ჩაბმულ იქნეს საქმეში მესამე პირად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ.ს 18 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს “2002წ. 02 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ.თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹91/2002 და ¹103/2002 განკარგულებათა მოქმედების შეჩერებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 27 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლითაც:

1. საარჩევნო ბლოკ “ნ-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. საარჩევნო ბლოკი “ნ.” ჩაება საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

3. უარი ეთქვა კერძო საჩივრის შემომტან პირს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის განჩინების გაუქმებაზე იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს “2002წ. 02 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” ცსკოს ¹91/2002, ¹103/2002 განკარგულებების მოქმედების შეჩერებას და ამ ნაწილში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმიინსტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირთა განმარტებებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინებების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

1. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ და თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91\2002 და 10 ივნისის ¹103\2002 განკარგულებების ბათილობაზე სასარჩელო წარმოების შეჩერება კონკრეტულ შემთხვევაში პროცესუალურად დაუშვებელია. თავად თბილისის საოლქო სასამართლოც 2002 წლის 27 ივნისის განჩინებაში აღნიშნავს, რომ იმავე სასამართლოს 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის “კ” პუნქტით ცსკოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება (საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახალი დათვლა, ამომრჩეველთა სიების შემოწმება) არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული სხვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმე, რომლის გადაწყვეტამდეც შეუძლებელია ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91\2002 და 10 ივნისის ¹103\2002 განკარგულებების ბათილობაზე სარჩელის განხილვა, მაგრამ ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, სამართლის ანალოგიის გამოყენებით, დასაშვებად მიიჩნია სასარჩელო წარმოების შეჩერება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:

ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონისა და სამართლის ანალოგია დასაშვებია მხოლოდ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის (ნორმის) არარსებობის შემთხვევაში;

ბ) კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენების საჭიროება სადავო შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან იგივე კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ ნორმას, 279-ე მუხლს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების შემთხვევებს, რომელთაგან არც ერთ გარემოებას არა აქვს ადგილი;

გ) სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების ანალოგიით გამოყენება, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია.

ამდენად, რადგან განსახილველ შემთხვევაში ცსკოს მიერ საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახალი დათვლა ან ამომრჩეველთა სიების შემოწმება არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (რასაც საოლქო სასამართლოს კოლეგიაც ადასტურებს), ანალოგიით საქმის წარმოების შეჩერება პროცესუალურად უმართებულოა, კერძო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინება და განახლდეს ცსკოს სადავო 2002წ. 8 ივნისის ¹91\2002 და 10 ივნისის ¹103\2002 განკარგულებების ბათილად ცნობის თაობაზე “... პარტიის” სარჩელზე საქმის წარმოება;

2. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 ივნისის განჩინების გაუქმების ნაწილში და მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სწორად შეაჩერა სადავო ადმინისტრაციული აქტების – ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹91\2002 და 10 ივნისის ¹103\2002 განკარგულებების მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტზე მითითება არასწორია, ვინაიდან:

კერძო საჩივარში მითითებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად: “ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ”, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. არც თავად სადავო ადმინისტრაციული აქტები _ ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებები არ შეიცავენ და არც აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს ცსკოს _ მიღებული არა აქვს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება ¹91\2002 და ¹103\2002 განკარგულებების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო, ასევე არ იზიარებს კერძო საჩივარს საოლქო სასამართლოს 18 ივნისის განჩინების იმ მოტივით გაუქმების შესახებ, რომ თითქოს სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით, ერთი განჩინებით გადაწყვიტა სარჩელის წარმოებაში მიღების, საქმეში მესამე პირთა ჩაბმისა და სადავო აქტის მოქმედების შეჩერების საკითხები, რადგან კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასახელებს, თუ კონკრეტულად რომელი ნორმა დაირღვა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ერთი განჩინებით რამდენიმე პროცესუალური საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, ვინაიდან მან არ შეიძლება გამოიწვიოს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება “ნ-ის” კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ნაწილში, მაგრამ 18 ივნისის განჩინების გაუქმებისა და სადავო აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმების ნაწილში არ იზიარებს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. “ნ-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 21 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა საქმის წარმოება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “... პარტიის” სარჩელის იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა «2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 8 ივნისის ¹91/2002 და 2002წ. 10 ივნისის ¹103/2002 განკარგულებათა ბათილად ცნობას და საქმის წარმოება ამ ნაწილში განახლდეს.

3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 21 ივნისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. არ დაკმაყოფილდეს “ნ-ის” კერძო საჩივრის მოთხოვნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოცემულ სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულად ჩაითვალა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 10 ივნისის “2002წ. 2 ივნისის ქ. თბილისის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასარჩევი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა” და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 10 ივნისის ¹103/2002 განკარგულების “2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” მოქმედება.

5. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.