შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
678აპ. 24 ოქტომბერი, 2007 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ძ-ვი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და ამავე კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, ა. ძ-ვს მსჯავრი დაედო ძარცვისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის გატაცებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 15.00 საათზე, ა. ძ-მა, იმყოფებოდა რა ქ. ქუთაისში, ---ის გამზირისა და ---ის ქუჩის გადაკვეთასთან მდებარე მარკეტთან, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მიუახლოვდა აღნიშნული მარკეტის წინამდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ლ. ხ-ის კუთვნილ “აუდის” მარკის ავტომანქანას და ისარგებლა რა ამ უკანასკნელის უყურადღებობით, აშკარად დაეუფლა აღნიშნული ავტომანქანის სალონში არსებულ, ლ. ხ-ის კუთვნილ, 100 ლარად ღირებულ “სიმენსის ჩ-25” მოდელის მობილურ ტელეფონსა და 20 ლარად ღირებულ საფულეს, რომელშიც იდო 500 აშშ დოლარი და 6000 ლარი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები. ამ ქმედებით მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. დ-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის საუარესოდ შებრუნებას, კერძოდ, ჩადენილი დანაშაულის გამო ა. ძ-სათვის 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას იმ მოტივით, რომ ქმედების ხასიათისა და პიროვნების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.
მსჯავრდებული ა. ძ-ვი შესაგებლით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, არ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ძ-ის მიმართ უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ძ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. ძ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. ძ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით. საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ 2005 წლის 14 ოქტომბერს ა. ძ-მა ნამდვილად ჩაიდინა დაზარალებულ ლ. ხ-ის კუთვნილი მოძრავი ნივთების აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დასტურდება დაზარალებულ ლ. ხ-ის, ასევე მოწმეების _ ნ. გ-ის, შ. გ-ის, ე. დ-სა და გ. კ-ის მიერ წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მიცემული ჩვენებებით, ა. ძ-ის ამოცნობის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის სტადიებზე საპროცესო ნორმების დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. ძ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა უსამართლოდ დასდეს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ძ-ვს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
ისეთი დანაშაულის ჩადენისათვისათვის, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცება, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მოტივსა და სხვისი დოკუმენტების დაუფლების მიზანს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. ძ-მა, მართალია, გაიტაცა დაზარალებულ ლ. ხ-ის კუთვნილი ნივთები, კერძოდ: საფულე და მობილური ტელეფონი, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ძ-ვს ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცების განზრახვა და მიზანი, თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ა. ძ-მა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ დაზარალებულს საფულეში შეიძლება ჰქონოდა პირადობის მოწმობა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ა. ძ-ის მიმართ, კერძოდ: საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ა. ძ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ქმედება.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ძ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ა. ძ-ვს დაუნიშნა დასაბუთებული და სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში ა. ძ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ა. ძ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხული ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ ა. ძ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.