ადმინისტრაციული 30.10.2002
საქმის ნომერი
3გ-ად-330-კ-02
კატეგორია
თარიღი
30.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3გ-ად-330-კ-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),ნ. კლარჯეიშვილი,ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ბ. გ.-ი მუშაობდა ხაშურის რაიონის სოფ. გომის საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, იმავდროულად სკოლაში ასწავლიდა გეოგრაფიას. ბ. გ.-ს დაძაბული ურთიერთობა ქონდა სკოლის დირექტორთან, მასწავლებლებთან, აგრეთვე ზოგიერთ მოსწავლესა და მათ მშობლებთან. სამუშაო საათებში სკოლის მიტოვებისა და თვითნებურად წასვლისათვის, სკოლის დირექტორის ბრძანებებით ბ. გ.-ს მიეცა ჯერ შენიშვნა, შემდეგ გაფრთხილება და სასტიკი საყვედური.

2001წ. 8 ნოემბერს ჩატარდა გომის საშუალო სკოლის პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება, რომელზეც სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა უნდობლობა გამოუცხადა ბ. გ.-ს, რის შემდეგაც, მასწავლებლებმა წერილით მიმართეს ხაშურის განათლების განყოფილებას და მოითხოვეს მისი გათავისუფლება სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან.

2001წ. 5 დეკემბერს ხაშურის რაიონის გამგეობამ მიიღო ¹116 დადგენილება «გომის საშუალო სკოლაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ», რომლითაც დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და დისციპლინური დარღვევებისათვის, რაიონის განათლების განყოფილების წინაშე დაისვა სასწავლო ნაწილის თანამდებობაზე ბ. გ.-ის მიზანშეუწონლობის საკითხი. 2001წ. 24 დეკემბერს ჩატარდა რაიონის განათლების საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს ბ. გ.-ის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეუწონლობის შესახებ. საბოლოოდ, ხაშურის რაიონის გამგეობის ¹116 დადგენილების საფუძველზე, 2001წ. 26 დეკემბერს ხაშურის რაიონის განათლების განყოფილებამ მიიღო ¹83 ბრძანება, რომლითაც დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზერდელობით დარგში ბ. გ.-ი, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «ბ» და «გ» პუნქტების შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

2002წ. 28 იანვარს ბ. გ.-მ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და შრომის კანონთა კოდექსის 206-207 მუხლების შესაბამისად მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, ასევე განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, არ ჩააბარეს გათავისუფლების შესახებ გამგეობას დადგენილება და მისი გათავისუფლება შეთანხმებული არ ყოფილა პროფკავშირთან.

მოპასუხე ხაშურის განათლების განყოფილებამ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ ბ. გ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლება კანონიერია. იგი ესწრებოდა გამგეობის სხდომას და თავიდანვე იყო ცნობილი გამგეობის დადგენილების შესახებ. მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ არ იყო საჭირო პროფკავშირის თანხმობა, ვინაიდან იგი გაათავისუფლეს არა სამუშაოდან, არამედ თანამდებობიდან. ბ. გ.-ი დღესაც სკოლის პედაგოგია და აგრძელებს მუშაობას. თანამდებობიდან გათავისუფლება კი, შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ მოითხოვს პროფკავშირის თანხმობას.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბ. გ.-ის სარჩელი ადრინდელ თანამდებობაზე – დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ ბ. გ.-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების 2001წ. 26 დეკემბრის ¹83 ბრძანებით. მას აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს, რის გამოც უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ბ. გ.-ი, რომელიც ითხოვს მისი გათავისუფლების შესახებ განათლების განყოფილების ბრძანების გაუქმებას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. იგი არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს, თითქოს იგი არ ითხოვდა განათლების განყოფილების ბრძანების გაუქმებას. კასატორის განმარტებით, იგი სარჩელში მოითხოვდა სამუშაოზე აღდგენას, რაც თავისთავად გულისხმობდა მისი გათავისუფლების შესახებ განათლების განყოფილების ბრძანების გაუქმებას.

მოწინააღმდეგე მხარის _ ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უარი თქვას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინების გაუქმებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ბ. გ.-ი რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 206-207-ე მუხლების საფუძველზე, ითხოვდა გომის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ აღდგენას, საიდანაც იგი გაათავისუფლეს ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების 2001წ. 26 დეკემბრის ¹83 ბრძანებით. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. გ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებით, მაგრამ სააპელაციო პალატამ ბ. გ.-ს სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფოფილებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მას არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია ადმინისტრაციული აქტი _ ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების 2001წ. 26 დეკემბრის ¹83 ბრძანება სამსახურიდან მისი დათხოვის შესახებ.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოტივს ვერ გაიზიარებს, რადგან აპელანტმა სადავოდ გახადა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც თავისთავად გულისხმობს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავასაც და გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებაზე ცალკე სასარჩელო დავის წარმოება პროცესუალურად აღარ არის საჭირო. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებაზე (ა. ფ.-ის სარჩელის გამო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიმართ _ საქმე ¹3გ/ად-23გ), რომელმაც განმარტა, რომ მუშაკის სამსახურიდან დათხოვის შესახებ ბრძანებები, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მართალია, შეიცავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიცის ზოგიერთ ელემენტს, მაგრამ რადგან მათი სამართლებრივი შედეგი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაა, ამიტომ ამ კატეგორიის საქმეთა დავის საგანს წარმოადგენს არა სამსახურიდან დათხოვის შესახებ ადმინისტრაციული აქტის _ ბრძანების კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების _ მუშაკსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა ხაშურის რაიონის განათლების განყოფილებასა და სოფელ გომის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილის სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ბ. გ.-ს შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობის მოშლა, რაც გაასაჩივრა კიდეც ბ. გ.-მ და მოითხოვა თანამდებობაზე აღდგენა.

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მოტივს ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ, რადგან სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მიერ არსებითად სწორად იქნა დავა გადაწყვეტილი, სასამართლოებმა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით (გომის საშუალო სკოლის პროფკავშირული ორგანიზაციის 2001წ. 8 ნოემბრის საერთო კრების ოქმი, გომის საშუალო სკოლის მოსწავლეთა და მშობლების ახსნა-განმარტებები, სამუშაოს გაცდენებისა და დისციპლინური დარღვევების შესახებ აქტები) მართებული შეფასება მისცეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «ბ» და «გ» პუნქტების საფუძველზე ბ. გ.-ის გათავისუფლების მართლზომიერების შესახებ, ამიტომ საკასაციო პალატაც არსებითად იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და მიაჩნია, რომ ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინების გაუქმებასა და გომის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილის სასწავლო-აღმზრდელობით დარგში თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უარი უნდა ეთქვას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბ. გ.-ი გათავისუფლდა მხოლოდ სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, ხოლო ამავე სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობას კვლავ აგრძელებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.