შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 06.12.2007
საქმის ნომერი
2კ-2072აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹2072აპ ქ. თბილისი

6 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ ნ. ე-ის

ადვოკატების _ რ. ქ-ას, თ. მ-ის

მსჯავრდებულების _ მ. ს-ის, გ. უ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ქ-სა და მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით:

მ. ს-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. მ. ს-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 31 აგვისტოდან; მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა;

გ. უ-რი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. გ. უ-რს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 31 აგვისტოდან; მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა;

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ მ. ს-სა და გ. უ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

მ. ს-ლი 2004 წლიდან მუშაობდა საგადასახადო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006 წლის 23 ივლისს იგი დაინიშნა საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების ---ის თანამდებობაზე. ქალაქის ინსპექციის უფროსის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იგი მიმაგრებული იყო კონკრეტულ უბანზე, რომელშიც შედიოდა ---ის ქუჩა.

გ. უ-რი 2000 წლიდან მუშაობდა საგადასახადო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006 წლის 23 აგვისტოდან იგი დაინიშნა საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების ---ის თანამდებობაზე. ქალაქის ინსპექციის უფროსის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იგი მიმაგრებული იყო კონკრეტულ უბანზე, რომელშიც შედიოდა ---ის ქუჩა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ს-ლი და გ. უ-რი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი იყვნენ, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეედგინათ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი და მიეღოთ დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ს-ლი და გ. უ-რი ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ საგადასახადო კანონმდებლობა, ხოლო „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვალდებულნი იყვნენ, მოეხდინათ გადასახადების გადამხდელთა დროული აღრიცხვა, გაეკონტროლებინათ გადასახადის გამოანგარიშების სისწორე, სისრულე და დროულად გადახდა, ჩაეტარებინათ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესებით; ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულნი იყვნენ, გამოევლინათ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას და აღეკვეთათ საგადასახადო სამართალდარღვევები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის -- აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ინსპექციების ტიპური დებულებისა და ამავე დებულების საფუძველზე გაცემული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის -- თებერვლის ბრძანების თანახმად, მ. ს-ლი და გ. უ-რი, როგორც საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები, ვალდებულნი იყვნენ, განეხორციელებინათ ღონისძიებები გადასახადის იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას; მოეხდინათ სახელმწიფოს რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნა იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოში; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყოთ საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა და რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნა იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოში; საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, დადგენილი ინსტრუქციების, ბრძანებებისა და მითითებების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველეყოთ რაიონის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურის განხორციელება.

მ. ს-მა და გ. უ-მა, ევალებოდათ რა საგადასახადო კოდექსით, ზემოთ ხსენებული დებულებითა და ბრძანებით განეხორციელებინათ თავიანთი უფლება-მოვალეობანი თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისათვის და, შესაბამისად, დაეცვათ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები, სხვისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მინიჭების მიზნით, ბოროტად გამოიყენეს თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც გამოიხატა შემდეგში: მ. ს-სა და გ. უ-ის სამოქმედო ტერიტორიაზე, მდებარე ქ. თბილისში, ---ის ქ.¹1-ში, დაახლოებით 2004 წლიდან ვ. ვ-ძე და მ. ჭ-ძე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევით _ სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. ზემოაღნიშნული პირები უკანონოდ ამუშავებდნენ რა ავტოტექმომსახურების ობიექტს, არ იხდიდნენ არავითარ გადასახადს.

2006 წლის აგვისტოში მ. ს-სა და გ. უ-სათვის ცნობილი გახდა ვ. ვ-სა და მ. ჭ-ის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევის შესახებ. მათ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი მდგომარეობა, 2006 წლის 29 აგვისტოს გამოცხადდნენ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, არანაირი რეაგირება არ მოახდინეს გამოვლენილ სამართალდარღვევაზე და ნაცვლად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისა, ვ. ვ-ეს და მ. ჭ-ეს უფლება მისცეს უკანონოდ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე გაეგრძელებინათ სამეწარმეო საქმიანობა _ დამალეს ვ. ვ-სა და მ. ჭ-ის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, უპირატესობა მიანიჭეს მათ, რითაც არსებითად ზიანი მიაყენეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ მ. ს-მა და გ. უ-მა.

მსჯავრდებულები _ მ. ს-ლი და გ. უ-რი სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; სასამართლო დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა; სასამართლომ ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულების სასარგებლოდ. განაჩენი დადგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ქ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რომ მ. ს-ლს ეკმაროს მოხდილი სასჯელი და გათავისუფლდეს მისი შემდგომი მოხდისაგან. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, დამყარებულია მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, დაუშვებელ მტკიცებულებებზე; მსჯავრდებულის მიმართ დარღვეულია საპროცესო კანონის მოთხოვნები.

მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. მ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რომ გ. უ-რს ეკმაროს მოხდილი სასჯელი და გათავისუფლდეს მისი შემდგომი მოხდისაგან. კასატორი საკასაციო საჩივრით აღნიშნავს, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, საქმე არ განხილულა ყოველმხრივ, ობიექტურად, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა; განაჩენი დამყარებულია მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებსა და დაუშვებელ მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. ს-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ქ-ამ დააზუსტა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ მ. ს-ლი გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. უ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა დააზუსტეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. მათ იშუამდგომლეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გ. უ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მისი უდანაშაულობის მოტივით.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ე-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენში მ. ს-ის მიმართ ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მას შეუმსუბუქდეს შეფარდებული სასჯელი, ეკმაროს ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ხოლო გ. უ-ის მიმართ იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

მსჯავრდებულების _ მ. ს-სა და გ. უ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ:

საკასაციო წესით საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა მ. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს სასჯელის შემსუბუქება. ამასთან, მსჯავრდებულმა მ. ს-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

დაზარალებულ მ. ჭ-ის მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ იგი სამი წელია მუშაობს ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ავტოსერვისში დისპეტჩერად და დავალებული აქვს მისი მმართველობა. რამდენიმე თვეა მათთან მიდიოდნენ ისნის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები, რომლებსაც ყოველთვიურად უხდიდნენ 25 ლარს. თავისი ხელმძღვანელობისაგან დავალებული ჰქონდა, მოეგვარებინა საგადასახადო სამსახურთან საქმიანობა. 2006 წლის 26 აგვისტოს მასთან სამსახურში მისულები იყვნენ საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები, მათ შორის _ ვინმე მ-ბი, რომლებმაც მოითხოვეს რეგისტრაციის საბუთები, რაზედაც უპასუხეს, რომ რეგისტრაციის საბუთები მათ არ ჰქონდათ. ზემოაღნიშნულმა პირებმა დაათვალიერეს ე.წ. პროფილაქტიკა და განუცხადეს, რომ უნდა დაეწერათ აქტი და უნდა დაეჯარიმებინათ. მათ სთხოვეს, რომ არ დაეჯარიმებინათ. აღნიშნულის შემდეგ მათ ვიღაცას გადაურეკეს და ესაუბრნენ, რის შემდეგაც იკითხეს, თუ ვინ იყო ადრე მისული აღნიშნულ ობიექტზე საგადასახადოდან. ვინაიდან მათ არ ახსოვდათ, თუ კონკრეტულად ვინ დადიოდა მათთან საგადასახადოდან, უთხრეს, რომ არ იცოდნენ, მაგრამ განუცხადეს, რომ იმ პირს, ვინც მათთან დადიოდა საგადასახადო ინსპექციიდან, ყოველთვიურად უხდიდნენ 25 ლარს. აღნიშნულზე იკითხეს, თუ რამდენი თვის არ ჰქონდათ გადახდილი, რაზედაც უპასუხეს, რომ სამი თვის თანხა არ იყო გადახდილი. მათ ჰკითხეს, იყვნენ თუ არა მზად სამი თვის თანხა ერთბაშად იმავე დღეს გადაეხადათ. აღნიშნულზე მიიღეს უარი. ამ დროს პროფილაქტიკაში სარემონტოდ იდგა ,,გაზ-24» მარკისა და ,,რაფის» ტიპის ავტომანქანები, ხელოსნებიც ადგილზე იყვნენ და იმ დღეს პროფილაქტიკა მზად იყო, გაეწია მომსახურება კლიენტებისათვის. პროფილაქტიკის საბუთებთან არანაირი კავშირი არა აქვს, გარდა იმისა, რომ იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. საგადასახადოს თანამშრომლებს არანაირი აქტი არ დაუწერიათ. მათ ისინი დაიბარეს საგადასახადოში ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. საგადასახადოში მისვლისას ისინი ადგილზე არ დახვდნენ, მაგრამ ტელეფონით დაურეკეს და შეუთანხმდნენ, რომ ისინი თვითონ მივიდოდნენ მათთან პროფილაქტიკაში. ფინანსური პოლიციისათვის მიმართვა და თანამშრომლობა ვ. შ-ამ ურჩია, რაზედაც იგი დასთანხმდა და მივიდა ფინანსურ პოლიციაში, სადაც განაცხადეს მომხდარის შესახებ.

მსჯავრდებულების _ მ. ს-სა და გ. უ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია ასევე მოწმეების _ ვ. შ-ას, ვ. ვ-ის, გ. ფ-ის, გ. ჯ-ას ჩვენებებით, წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, დაკავების ოქმებით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ოქმითა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ დადგენილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანებებით, დადგენილებით საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ, მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერის კანონიერად ცნობის დადგენილებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მსჯავრდებულების _ მ. ს-სა და გ. უ-ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

რაც შეეხება მსჯავრდებულების _ მ. ს-სა და გ. უ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი უნდა შემსუბუქდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის _ ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

საკასაციო პალატა, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა მ. ს-მა აღაირა ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული გ. უ-რი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 513-ე მუხლის ,,ზ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ მ. ს-ლს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ მ. ს-ლს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება პატიმრობაში მის ფაქტობრივ ყოფნას, იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მსჯავრდებულ გ. უ-რს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.