დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
181-საზ ქ. თბილისი
4 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ზ. კ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4 თვე და ზ. კ-ას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 3 ივლისიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის განაჩენით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ზ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და განესაზღვრა 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 4 თვე და ზ. კ-ას საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ. კ-ამ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული ზ. კ-ია საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ძარცვის მცდელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 7 წლამდე და მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
ზემოაღნიშნულ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი კოდექსის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი და მისი ჩადენისათვის დაწესებულია 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ე.ი. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით ზ. კ-ას მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომაც დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებშია.
ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და შეფარდებული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის განაჩენი ზ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.