შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
186-საზ ქ. თბილისი
17 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 დეკემბრის განაჩენით გ. ბ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის მე-17 მუხლისა და 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რის გამოც მას, აღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებული გ. ბ-ნი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 დეკემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ბ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის მიხედვით, გ. ბ-ნს მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებებისათვის, როგორებიცაა ყაჩაღობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ყაჩაღობა, და ანალოგიური ქმედების მცდელობა, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და დამზადება. ახალი სისხლის სამართლის კანონით საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში არ ყოფილა შეტანილი ისეთი ცვლილებები, რომლებიც მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედებების მიმართ, ამ ქმედებების ხასიათის კონკრეტული შინაარსისა და მათი ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება განხილულიყო როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, რადგან ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები არ ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას მითითებული ქმედებების ჩადენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც გ. ბ-ნი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტების, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტების, საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-17 მუხლისა და 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტების, ასევე, აღნიშნული კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე შესაბამისი სასჯელების დანიშვნით, უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს იმ ნაწილში, რომლითაც გ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს), კერძოდ, გ. ბ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა აღნიშნული ბრალდების ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1997 წლის 17 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებით მოხდა ხსენებული ქმედების დეკრიმინილიზაცია. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა ისეთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, როგორიცაა ძარცვა, ჩადენილი განმეორებით, რაც განაჩენით ბრალად შეერაცხა გ. ბ-ნს, მასთან მიმართებით გასაჩივრებული განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამ დანაშაულისათვის აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი განსაზღვრულია მოქმედი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, ამასთან, კანონის თანახმად, იგი შთანთქმულ უნდა იქნეს იმავე განაჩენით გ. ბ-ის მიმართ დანიშნული სხვა, უფრო მძიმე სასჯელით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ-ნს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი შეცვლისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
განხილული გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 17 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ბ-ნს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდება _ მის მიერ ისეთი ძარცვის ჩადენის თაობაზე, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.