შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 10.10.2007
საქმის ნომერი
215საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹215საზ 10 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ქ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 5 აგვისტოს განაჩენით პ. ქ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით პ. ქ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდა 2 (ორი) წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებული პ. ქ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ პ. ქ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ პ. ქ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩასადენად გამოყენებული საშუალება განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, ე.ი. ახალი კანონით მითითებული დანაშაულისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პ. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტიდან (2003 წლის 30 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელი უნდა განესაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, რის გამოც განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ მას უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და პ. ქ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რისთვისაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ პ. ქ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ პ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ პ. ქ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ მას შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და პ. ქ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.