შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
267 საზ ქ. თბილისი
4 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე)
დ. სულაქველიძე, ი. ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის – გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატების – ნ. ბ-ის, ს. ო-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. ჯ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ს. ჯ-ძე, ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით, მეორე ნაწილით – 4 წლით, მესამე ნაწილით – 6 წლით, მეოთხე ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე, მეექვსე პუნქტებით - სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულ ს. ჯ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა - შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1993 წლის 10 აპრილიდან.
განაჩენით ს. ჯ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ იგი სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ავტომატუის ვაზნებსა და საბრძოლო მასალას. 1993 წლის 9 აპრილს, ჭიათურა-საჩხერის საავტომობილო გზაზე ,,ჟიგულის” მარკის ავტომანქანით მიდიოდა მ. მ-ია და სხვა პირები. ს. ჯ-ძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გზის პირას იდგა და ავტომანქანაში მჯდომ თავის ნაცნობებს ესაუბრებოდა. იმ მოტივით, რომ მ. მ-ამ ავტომანქანით დიდი სიჩქარით ჩაურა, გადმოიღო ავტომატი და ხულიგნური ქვენაგრძნობით, რამდენჯერმე ესროლა ავტომანქანას, რითაც საფრთხე შეუქმნა ავტომანქანაში მყოფ პირებს. ტყვია მოხვდა მ. მ-ას თხემ-საფეთქლის არეში, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა
მსჯავრდებული ს. ჯ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას 15 წლამდე იმ მოტივით, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით სიკვდილით დასჯა არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
საკასაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ს. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (ზემოხსენებული რედაქცია) სანქცია, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ანდა თავისუფლების აღკვეთას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია მითითებული სანქცია. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. მ-ნს ამჟამად სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. ადვოკატმა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ზ. მ-ის სასიკეთოდ.
პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ქ-მა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 16 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, იმ მიმართებით, რომ ს. ჯ-ეს სასჯელის ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ს. ჯ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ს. ჯ-ეს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე და მეექვსე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო ს. ჯ-ეს სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ხოლო ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
ამრიგად, ზ. მ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე პუნქტი (1960 წლის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ჯ-ეს სასჯელი _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის - განზრახ მკვლელობა ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის – ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. ჯ-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. ჯ-ს მიერ ჩადენილ იმ ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განაჩენით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), მასთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 16 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ს. ჯ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტი გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.