დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.02.2007
საქმის ნომერი
270საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

270საზ ქ. თბილისი

7 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მარტის განაჩენით დ. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოსახდელი სასჯელი _ 4 წელი და 4 თვე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დ. ნ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

მსჯავრდებული დ. ნ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას; ამასთან იგი საჩივარში არასწორად მიუთითებს, რომ მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დ. ნ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,108-ე მუხლი ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ე. ი. სისხლის სამართლის კანონი არ შეცვლილა აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის სასიკეთოდ, რაც გახდებოდა განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.