შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 11.09.2007
საქმის ნომერი
307საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

307/საზ ქ. თბილისი

11 სექტემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ი. ლ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 23 თებერვლიდან.

განაჩენით ი. ლ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

მსჯავრდებული ი. ლ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ი. ლ-ლს ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან ადრე მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 1-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ი. ლ-ის ქმედება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.