შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹311საზ ქ. თბილისი
27 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჭ-სა და მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-სა და მ. ს-ის საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სენაკის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სენაკის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. მ. ჭ-ას, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით _ 14 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე მას მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ჩხოროწყუს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 10 თვე და 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 10 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა;
2. დ. ფ-ნს, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით _ 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, 236-ე მუხლს მე-3 ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2000 წლის 26 აპრილიდან.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ჭ-ამ და დ. ფ-მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. ჭ. ჩ-უს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 სექტემბრის განაჩენით გასამართლდა 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად აღნიშნულისა, ის არ დაადგა გამოსწორების გზას და ჩაიდინა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. კერძოდ: 2000 წლის მარტში დ. ფ-ნი ქ. ზუგდიდში შეხვდა თავის ნაცნობს, დაბა ---ში მცხოვრებ მ. ჭ-ას, რომელმაც უთხრა, რომ განზრახული ჰქონდა, ყაჩაღური თავდასხმა მოეწყო დაბა ჩხოროწყუში მცხოვრებ, ბენზინით მოვაჭრე მ. გ-ას ოჯახზე 40000 ლარის გატაცების მიზნით, მაგრამ არ ჰყავდა თანამონაწილე პირები და არ ჰქონდა თავდასხმისათვის საჭირო ცეცხლსასროლი იარაღები. მ. ჭ-ამ შესთავაზა დ. ფ-ნს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა, რაზეც თავიდან უარი მიიღო, მაგრამ შემდეგ გააცნო გამოძიებით დაუდგენელი პირი, ვინმე ბ. ი-ნი, რომელსაც მ. ჭ-ამ ასევე შესთავაზა მ. გ-ას ოჯახზე შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის მიღება. ბ. ი-ნი დასთანხმდა მ. ჭ-ას შეთავაზებას. რამდენიმე დღის შემდეგ მ. ჭ-ამ, დ. ფ-სა და ბ. ი-ის მეშვეობით, გაიცნო ასევე დაუდგენელი ორი პირი _ ვინმე გ. გ-ნი და დ. ბ-ია, რომლებსაც ასევე შესთავაზეს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის მიღება, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს.
განზრახვის განსახორციელებლად, დაბა ---ში გამგზავრების წინა დღეებში, თანამზრახველები ჯერ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ _ ზუგდიდის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ბ. ი-ის რჩევით დ. ფ-მა მიიღო გადაწყვეტილება და თანხმობა განაცხადა, რომ მიიღებდა მონაწილეობას მ. გ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის გასაადვილებლად ბ. ი-მა მიიტანა ოთხი, „აკ-74” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები, ასევე _ 2 ხელყუმბარა და დანა.
მოიმარაგეს რა ზემოაღნიშნული იარაღები, 2000 წლის 9 აპრილს, დღისით, ხუთივე ბოროტმოქმედი ნაქირავები მსუბუქი ავტომანქანით წავიდნენ დაბა ---საკენ. როდესაც მიაღწიეს სოფელ ---ის ტერიტორიას, ჩავიდნენ ავტომანქანიდან, მძღოლს გადაუხადეს ფული და ფეხით გააგრძელეს გზა მდინარე ხობისწყლის კალაპოტის გავლით ჩხოროწყუს საკონსერვო ქარხნის მიტოვებულ შენობამდე. 2000 წლის 10 აპრილამდე ისინი სამალავში იყვნენ, ხოლო 10 აპრილს, ღამით, მათ ამოიღეს იარაღები, მოიყვანეს საბრძოლო მდგომარეობაში და გაინაწილეს. კერძოდ, ავტომატური იარაღები მოიმარჯვეს დ. ფ-მა, ბ. ი-მა, დ. ბ-ამ და გ. გ-მა, ერთი ხელყუმბარა დაიჭირა მ. ჭ-ამ, ხოლო მეორე ხელყუმბარა და დანა _ ბ. ი-მა. დაახლოებით 22.30 საათზე ბოროტმოქმედები მ. ჭ-ას წინამძღოლობით მიუახლოვდნენ აწ გარდაცვლილ მ. გ-ას ეზოს უკანა შესასვლელ კარს, სახეზე აიფარეს ნიღბები, მ. ჭ-ამ მათ ჩაუტარა მოკლე ინსტრუქტაჟი და აჩვენა ეზოში შესასვლელი გზა, სახლისა და სამზარეულოს განლაგება, სახლში შესასვლელი კიბის მდებარეობა და ა.შ. ამის შემდეგ დ. ფ-ნი. გ. გ-ნი, ბ. ი-ნი და დ. ბ-ია შეიჭრნენ მ. გ-ას ეზოში, სახლსა და სამზარეულოში და განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა. დ. ფ-მა ავტომატური იარაღის მუქარით სამზარეულოში მყოფ ი. ხ-სა და მის ქალიშვილ ს. გ-ას არ მისცა გარეთ გასვლისა და მეზობლების მოხმობის საშუალება. გ. გ-ნი და დ. ბ-ია აკონტროლებდნენ სახლსა და სამზარეულოს შორის მდებარე ტერიტორიას, ხოლო ბ. ი-ნი შეიჭრა მწოლიარე მ. გ-ას საძინებელ ოთახში და სცადა მისი დამორჩილება. ვინაიდან მ. გ-ია იყო ფიზიკურად ძლიერი, არ დაემორჩილა ბოროტმოქმედს და სცადა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ბ. ი-მა მას დაარტყა დანა. მიყენებული ჭრილობის გამო მ. გ-ამ დაიყვირა, რაც გაიგეს ოჯახის სხვა წევრებმა. დაზარალებული მ. გ-ია ცდილობდა სახლის მეორე სართულზე ასვლას, მაგრამ თავდასხმელები არ აძლევდნენ ხმის ამოღების საშუალებას, თუმცა მან მაინც მოახერხა დაკივლება. მძიმედ დაჭრილმა მ. გ-ამ შეძლო ბ. ი-საგან დროებით თავის დაღწევა და ეზოში ჩასვლა. ის ცდილობდა, შესულიყო გვერდით მცხოვრები რ. პ-ის ეზოში, თან სთხოვდა ბოროტმოქმედებს, არ მოეკლათ, მაგრამ ბ. ი-მა და დ. ბ-ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მას მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, რის შედეგადაც მ. გ-ია შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ბოროტმოქმედები მიიმალნენ.
11 აპრილს, დილით ადრე, დ. ფ-ნი მარტვილისა და სენაკის გავლით წავიდა ქ. ზუგდიდში, ხოლო დანარჩენები მივიდნენ მარტვილის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ, მ. ჭ-ას ახლობელ ვ. ნ-ას სახლში. მ. ჭ-ამ ეზოში მდებარე საღორეში შეინახა ოთხი ავტომატური იარაღი, მჭიდები, ვაზნები და ხელყუმბარა, ხოლო ბოროტმოქმედები კი გაიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ვ. ნ-ამ შეიტყო დაბა ---ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ, გამოცხადდა ჩხოროწყუს რაიონის შსს განყოფილებაში, აღიარა ყველაფერი, დანა, ავტომატური იარაღები ვაზნებსა და ხელყუმბარასთან ერთად ჩააბარა პოლიციას.
გარდა ამისა, მ. ჭ-ია 2004 წლის 12 ოქტომბერს გაასამართლა რუსთავის საქალაქო სასამართლომ და სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი _ 11 წელი, 6 თვე და 6 დღე დაემატა ნაწილობრივ და საბოლოოდ მ. ჭ-ას განესაზღვრა 12 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 14 სექტემბრიდან.
მსჯავრდებული მ. ჭ-ია საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ გ. მ-ძე და მ. ს-ძე საჩივარში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, დ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებული უნდა იყოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით; სანქციის მაქსიმუმი განისაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით, ანუ დ. ფ-ნს შეფარდებული აქვს დღეისათვის დაწესებული სასჯელის მაქსიმალური ოდენობა, რაც აშკარად მკაცრია; რაიონულმა სასამართლომ მას აშკარად უკანონოდ დასდო ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ხელოვნურად დაუმძიმა მდგომარეობა; დ. ფ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი, დაადგა გამოსწორების გზას, რასაც ადასტურებს დაწესებულების მიერ გაცემული დახასიათება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ადვოკატები ითხოვენ სსკ-ის მე-3 მუხლის გამოყენებით მსჯავრდებულ დ. ფ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ას საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-სა და მ. ს-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებთი მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარიც.
რაც შეეხება ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ (ყაჩაღობა ბინაში შეღწევით) და „გ“ (ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) ქვეპუნქტებს, მათი ჩადენისათვის დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე, ე.ი. სანქციის ზედა ზღვარმა დაიწია და, შესაბამისად, ამ დანაშაულის ჩადენისათვისაც შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. ჭ-ას ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
დ. ფ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სხვა მუხლის _ 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლის ნაწილებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის ნაწილების სანქციათა ფარგლებშია და ამ დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ იმსჯელებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე.
ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ჭ-სათვის მისჯილ 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს ამ განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ჭ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-სა და მ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: მსჯავრდებულ მ. ჭ-ას ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ. ჭ-ას სენაკის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით, 10 (ათი) თვითა და 20 (ოცი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ჭ-სათვის მისჯილ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს ამ განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 8 (რვა) წელი და 8 (რვა) თვე და საბოლოოდ მ. ჭ-ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლითა და 8 (რვა) თვით, რომლის მოხდა დაეწყოს 2003 წლის 14 სექტემბრიდან.
დ. ფ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დ. ფ-სათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.