შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 26.10.2007
საქმის ნომერი
334საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

334საზ 26 ოქტომბერი, 2007 წელი.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის განაჩენით ზ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 20 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 13 თებერვლის განაჩენი ზ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

ზ. ბ-ძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე მითითებით, საჩივრით მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ზ. ბ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თორმეტ წლამდე ვადით და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან ათ წლამდე და მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 212-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის სანქციის ფარგლებშია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 212-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.